ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

0
14
ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ეკონომიკის სამინისტრომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაზე ნებართვა გასცა. კომპანია „ასკანგელ ალიანსს“  სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში,  ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 30 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. კომპანიამ  ვალდებულება აიღო, რომ განახორციელებს არანაკლებ 175 900 ლარის ინვესტიციას.

საწარმოს გარდა, სამეურნეო კომპლექსი მოიცავს: ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს. „ასკანგელ ალიანსი“  წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოში 92-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მთელ კომპლექსში – 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება.

სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მთისპირსა და ცხემლისხიდში მოიპოვება – ვანისქედისა და უჩხუბის საბადოებში.  ისტორიულად ამ ადგილს ასკანა ეწოდება, ამიტომ აღნიშნულ თიხას ასკანის ბენტონიტურ თიხასაც უწოდებენ. ის საქართველოში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს.

ეს თიხა გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში.

წყარო: Imedinews