“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალიან გადაიხარა სოციალიზმისკენ”

0
28

ამ კონსტიტუციას საქართველოს კონსტიტუცია კი არ უნდა ერქვას, არამედ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა ეწოდოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებული პროექტის შეფასებისას განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალიან გადაიხარა სოციალიზმისკენ. „მეხუთე თავს ვინც წაიკითხავს, სადაც დიდი ასოებით წერია, რომ ჩვენ ვაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს – საბაზრო ეკონომიკის ირიბი კრიტიკა და უამრავი საკითხები – დავინახავთ, რომ ეს კონსტიტუცია ძალიან გაუარესდა წინა კონსტიტუციასთან შედარებით. რატომღაც მხოლოდ პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებზე ამახვილებენ ყურადღებას, არადა კონსტიტუცია არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც ძირფესვიანად აუარესებენ. ჩაყარეს ყველაფერი, რისი ჩაყრაც შეიძლებოდა, ისიც კი, რომ საქართველო არის თურმე მაღალმთიანი ქვეყანა. ვართ მაღალმთიანი ქვეყანა და რაღაც შეღავათები თუ დღეს დაწესდა, ეს უნდა იყოს თურმე კონსტიტუციით გამაგრებული, ისე ჩვეულებრივი კანონით არ შეიძლება არსებობდეს. ამ კონსტიტუციით რეალურად ხდება ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ეს კონსტიტუცია მორგებულია დღევანდელი არაფორმალური მმართველობის განმტკიცებაზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის შეფასებით, კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი იდეოლოგიურად რუსული ხაზის გამტარებელი და ანტიევროპიული განწყობის შემქმნელიცაა. „თითქოსდა არ იყოს საკმარისი კანონით დარეგულირებული ოჯახის საკითხი, მაგრამ კონსტიტუციაში ქორწინების თემის შემოტანა ფაქტობრივად ნიშნავს, კონსტიტუციის დონეზე „ქართველობის და ოჯახის გადარჩენას ამ ცუდი და საზიზღარი ევროპისაგან“. თურმე ვიღაცა რაღაცას გვართმევს და ჩვენ ამას კონსტიტუციურად ვიცავთ. ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ შემოგდებული და პრორუსული ორიენტაციის ამ ხელისუფლების მიერ საარჩევნოდ მანიპულაციებისთვის გამოყენებული საკითხი“, – დასძინა გოცირიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მე-5 მუხლის თანახმად, 1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უზრუნველყოფასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. 3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ადგენს შეღავათებს. 4. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. 5. სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე. 6. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებაზე. 7. სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე. 8. სახელმწიფო ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]