გამოვიდა გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” მე–500 ნომერი

0
17

,,ბანკები და ფინანსები”: იწყებოდა ასე 

ეკონომიკური მედიის ლიდერი!

ერთადერთი ყოველკვირეული ქართულენოვანი გაზეთი ისევ არენაზეა

გაზეთის მთავარი რედაქტორები 1995 წლიდან დღემდე

 

ფაქტის კომენტირება გაზეთის დამფუძნებელს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ:

,,შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საყოველთაო ეიფორიამ მოიცვა ეროვნული თავისუფლების იდეებით შთაგონებული ქართული საზოგადოება, რამდენიმე უნივერსიტეტელმა გადავწყვიტეთ თავისუფალ მედიაში, კერძოდ კი მის ეკონომიკური სეგმენტში მოგვესინჯა ძალები, რადგან ჩვენი აზრით თავისუფლების მოპოვებაზე ძნელი საბჭოთა ეკონომიკის ნანგრევებზე დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის აშენება იქნებოდა. ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია აწ განსვენებულმა ჩვენმა მეგობარმა გოგი დობორჯგინიძემ დააფუძნა, რომელსაც ,,ქასესი” ერქვა და წარმატებით ფუნქციონირებდა. მან იკისრა ჩვენი  დაფინანსება და ჩამოყალიბდა პირველი ეკონომიკური გამოცემა, გაზეთი ,,საქმე”. შეიკრიბა გუნდი, რომელიც ფაქტობრივად სიმბოლური ანაზღაურების ფასად 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. შედეგიც ურიგო არ იყო. ჩვენ იძულებულები ვიყავით რამდენიმე დამფუძნებელი შეგვეცვალა, რადგან მათი ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურ გარემოში მყარი არ იყო. ,,ბანკები და ფინანსების” გამოცემამდე გამოდიოდა ჯერ ,,საქმე”, შემდეგ ,,ეპოქა” და ,,გულანი”, რომელთა პროფილი ეკონომიკური ამბებისა და ტენდენციების გაშუქება იყო. მაშინ რამდენიმე თავისუფალი გაზეთი არსებობდა (,,შანსი”, ,,დვრიტა” და ასე შემდეგ), ამიტომ ტირაჟებიც მაღალი იყო – დაახლოებით 10 000. თუმცა, სარეკლამო ბაზრის სისუსტისა და გაყიდვებიდან ამონაგების სიმცირის გამო, დამფუძნებელ-სპონსორების გარეშე არსებობა ჭირდა. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი მედიის მნიშვნელობა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. ჯგუფს სერიოზული თანადგომა გაუწიეს ბიზნესმენებმა ანდრო დევდარიანმა და გურამ ახრახაძემ.

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” თავდაპირველად გამოდიოდა, როგორც გაზეთ ,,გულანის” ყოველთვიური დამატება-ბიულეტენი, სადაც თავმოყრილი იყო ქვეყნის ეკონომიკაში, საფინანსო სისტემასა და სოციალურ სფეროში მიმდინარე ყველა მოვლენა. თუმცა, ის თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც დამოუკიდებელი გამოცემა. იდეა მე მეკუთვნოდა, იდეის თანაავტორები ბადრი ბერაია და სოსო გალუმაშვილი იყვნენ. ბადრი ბერაიას როლი ჯგუფის ჩამოყალიბებასა და საქმიანობაში განსაკუთრებულია. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საწარმოო პროცესს. გაზეთს ჰყავდა არაჩვეულებრივი მთავარი რედაქტორები: გიორგი ისაკაძე, იმედა დვალიძე, მიხეილ დუნდუა, ბადრი ბერაია, გიორგი გიორგაძე, ვალერიან ამირანაშვილი, ნოდარ ჭიჭინაძე, ზურა კუკულაძე.

ბოლო 15 წლის მანძილზე მათ შესაშურ თანადგომას უწევდა და გაზეთის ტექნიკურ მხარეს ვირტუოზულად უზრუნველყოფდა და დღემდე უზრუნველყოფს უღალატო კაცი და იტალიური საფეხბურთო გრანდის ,,იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბის პრეზიდენტი, ლევან ბეგლარიშვილი.

ბევრი ვიფიქრეთ პირველ მთავარ რედაქტორზე, კრიტერიუმები იყო საკმაოდ მკაცრი – ეკონომიკის და ფინანსების საფუძვლიანი ცოდნა, ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, ინგლისურის ცოდნა, სათვალეები და ვაკელობა (რას იზამ, დამფუძნებლები პროვინციელები ვიყავით). უამრავი კანდიდატურა განვიხილეთ და საბოლოოდ სოსო გალუმაშვილის მიერ შემოთავაზებულ გიორგი ისაკაძეზე შევჩერდით – მას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა, იყო არა ვაკელი არამედ ვერელი.

თავიდანვე “ბედი არ დაჰყვა გაზეთს”. მთავრობები და მილიონერები არ გვწყალობდნენ, ამიტომ ბევრი კარგი და გაცილებით მეტი ცუდი პერიოდი გამოვიარეთ. ედუარდ შევარდნაძემ სამჯერ გაგვაკრიტიკა მთავრობის ღია სხდომებზე. ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრალი დაგვდო ახალ შემოღებული ეროვნული ვალუტის ლარისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში. სააკაშვილის დროს უკვე ღიად აღარ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ფინანსური ბერკეტები აამუშავეს. მისი მაღალჩინოსნები ჩვენი გაზეთისთვის რეკლამის მომცემი კომპანიების მფლობელებს და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს პირადად ურეკავდნენ და მათგან მოითხოვდნენ ჩვენთვის ფინანსური დახმარება არ გაეწიათ და ბუნებრივია, რეკლამა არ მოეცათ. რაც შეეხება შემოთვლებს და მუქარის ზარებს, მართლა ვინ მოთვლის. ჩვენ არ გამოგვქომაგებიან არასდროს მედიაექსპერტები და ეგრეთწოდებული მედიის უფლებადამცველი არასამთავრობოები, რადგან ჩვენ არ ვიყავით იმ ორგანიზაციების რიცხვში, რომლებსაც საქართველოში მოქმედი ფონდები უნდა დახმარებოდნენ. პირველი ასეთი სია ჟვანია-სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი, შემდეგი უკვე ,,ნაციონალების” კარნახით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზურაბ ჟვანია ჩვენს ჯგუფს პატივს სცემდა, რაც მას არაერთხელ გამოუხატავს. მოკლედ გავძელით და ჩემს შემდეგ ვინც ჩაიბარა ესტაფეტა, როგორც ვხედავ, ისინიც უძლებენ. არ იქნებოდა სწორი ,,ბანკები და ფინანსების” ისტორიის გახსენება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” გარეშე, რომელიც ვიდრე მთავარი რედაქტორი გახდებოდა გიორგი ისაკაძემ და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს, როგორც ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია”. იგი 2000 წელს აღადგინა და დაარეგისტრირა ჯგუფმა, რომელსაც არმაზ თავაძე ხელმძღვანელობდა, დღეს commersant.ge-ს და რადიო ,,კომერსანტის” დამფუძნებელი, სადაზღვევო კომპანია ,,არდის” მეპატრონე, ბიზნესმენი. გაზეთი მჭირდროდ თანამშრომლობდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მასთან ერთად ყოველგვარი იაფფასიანი პოპულიზმის და კეკლუცობის გარეშე საღ მიდგომებს ლობირებდა ქვეყანაში. აქტიურად უჭერდა მხარს ეკონომიკურ რეფორმებს და ყოველმხრივ ცდილობდა ახალი ეკონომიკა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესატყვისი ყოფილიყო.

ჩვენ არ გვჯეროდა ნეოლიბერტარიანული ზღაპრები – სწრაფად ამ ქვეყანაში დამკვიდრებულ საყოველთაო სამოთხეზე, თუ ყველაფერზე ხელს ავიღებდით, გავყიდდით ტბებს, მდინარეებს, ტყეებს და ჰუმუსს. არ გვჯეროდა რუსეთის ბაზრის მაცხოვნებელი ძალის, ჩინური სოციალიზმის საქართველოში გადმონერგვის სასწაულის, ბელორუსი ბატკას ექსპერიმენტის ქართული ანალოგის უგულებელყოფის დამღუპველობის. ჩვენ ქართველ ეკონომისტებთან, ბიზნესმენებთან, ქართულ საზოგადოებასთან ერთად სწორი გზის პოვნას ვცდილობდით, რაც, თავისთავად, იოლი არ იყო.

ფაქტობრივად, გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” ბაზაზე იქმნებოდა ზაზა შენგელიას მიერ დაფუძნებული TBC TV studio -ს პროექტი ,,საქმე”, რომელიც იმხანად სახელმწიფო ტელევიზიის, ,,პირველი არხის” ეთერში გადიოდა (1995-2001 წლები), რომელმაც, როგორც წლის საუკეთესო ეკონომიკურმა გადაცემამ ფესტივალ ,,მანას” გამარჯვებულის წოდება მიიღო. ,,საქმე” ჩემი და გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემა იყო.

ამავე ჯგუფის პროდუქციას წარმოადგენდა 2002-2008 წლებში ტელეკომპანია ,,კავკასიის” ერთერში ანალიტიკური პროგრამა ,,საქმე და ეკონომიკა”, რომელიც მის ავტორს გიორგი გიორგაძეს მიჰყავდა. ანუ, თითქოს არსებობდა რაღაც წრედი, სადაც ბევრმა წარმატებულმა ჟურნალისტმა, ანალიტიკოსმა, ბიზნესმენმა, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოხელემ გარკვეული სკოლა გაიარა.

ვხედავ, რომ დღესაც ჯგუფი უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდებითაა წარმოდგენილი, რაც მაიმედებს, რომ ეკონომიკური მედიის ლიდერი თავის ფუნქციას კვლავაც წარმატებით შეასრულებს და ამ სივრცის სხვა უაღრესად საინტერესო ჯგუფებთან ერთად საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს წარმატებით მოემსახურება. მე ვწუხდი რომ დიდხანს, წლების განმავლობაში ეს ჯგუფი მარტო იყო მედიასივრცეში. რასაც დღევანდელ დღეზე ვერ ვიტყვი. ძალიან ბევრი საინტერესო ეკონომიკური ტელეპროექტია, თუმცა ბეჭდურ მედიაში ისევ მარტოა ,,ბანკები და ფინანსები”, სამაგიეროდ ინტერნეტ სივრცე იძლევა დიდ შესაძლებლობებს და აქაც გაზეთის ვებ-გვერდი bfm.ge ღირსეულადაა წარმოდგენილი. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ დღეს ფუნქციონირებადი მედიასტრუქტურების მენეჯერთა და ჟურნალისტთა შორის ბევრია გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” სკოლა გავლილი. მე დღეს, უფრო ზუსტად 2010 წლიდან გაზეთის სარედაქციო პილიტიკის განსაზღვრასა და საწარმოო პროცესის ორგანიზებაში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა ვმეგობრობ გაზეთის დღევანდელ ხელმძღვანელებთან და შეძლებისდაგვარად, როცა ისინი ინტერესდებიან რჩევებსაც ვაძლევ. კარგია, რომ გაზეთს დღეს ჰყავს უაღრესად საინტერესო და განათლებული მენეჯერები: მთავარი რედაქტორი ზურა კუკულაძე და რედაქტორი ანდრია გვიდიანი. რომლებიც, ჩემი აზრით, წარმატებით აგრძელებენ წინა თაობის ტრადიციებს.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”14″ width=”” height=””]