თბილისში ცენტრალური პარკი გაშენდება

0
31
თბილისში ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის მიწადმოქმედების გენერალური გეგმის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალურ გეგმაში მთავარი აქცენტი სატრანსპორტო კორიდორზე, რეკრეაციულ ზონებსა და თბილისის იერსახის გაუმჯობესებაზეა.

როგორც მერაბ ბოლქვაძემ აღნიშნა, ცვლილებების მიხედვით, თბილისში საქალაქო და საუბნო რეკრეაციული ზონების გაშენება იგეგმება.

“დედაქალაქის ცენტრალური პარკი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე გაშენდება. მწვანე ზონის მოწყობა იგეგმება თემქაზე და დიდი დიღმის ტერიტორიაზე.  გეგმის მიხედვით ქალაქში 3 სატრანსპორტო კორიდორი ჩამოყალიბდება. პირველი დიდი დიღმიდან სადგურის მოედნამდე, საბურთალოსა და თავისუფლების გავლით. მეორე გლდანი-მუხიანის ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე და მესამე ასევე მარცხენა სანაპიროდან სარკინიგზო არეალის გასწვრივ“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, კორიდორებში პირველ ეტაპზე დაგეგმილია ჩქარი ავტობუსების, სამომავლოდ კი ტრამვაის გამტარი ზოლის შექმნა.  თბილისის მიწადმოქმედების გენერალური გეგმის სამუშაოები მაისში დასრულდება და ის 2030 წლამდე იქნება გაწერილი.