რის მიხედვით შეირჩა თბილისში 10 ადგილი მრავალსართულიანი ავტოსადგომებისთვის

0
37
რის მიხედვით შეირჩა თბილისში 10 ადგილი მრავალსართულიანი ავტოსადგომებისთვის

თბილისში, ავტომობილებისთვის მრავალსართულიანი პარკინგი 10 ადგილას აშენდება, კერძოდ, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, თბილისის საკონცერტო დარბაზის, პუშკინის მოედნის, მეტროსადგურ „ისნის“, “დინამოს” სტადიონის, თბილისის მერიის, გულუას მოედნის, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ და გეგეშიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ავტომობილების გაჩერება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა თბილისისა და მისი მოსახლეობისთვის. ქალაქში მძღოლები ავტომობილებს ხშირად ქაოტურად აჩერებენ, რაც იწვევს მოძრაობის გადატვირთვას, ჰაერის დაბინძურებასა და ქვეითებს ქუჩებში გადაადგილებაში პრობლემას უქმნის.

 
“გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს პარკირებასთან დაკავშირებული კანონი – საკითხი კიდევ უფრო მწვავდება. ამას თან ერთვის ავტოსადგომების არასაკმარისი ინფრასტრუქტურა. თბილისის მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი ხედვა, რომელიც დაკავშირებულია ავტოსადგომების მოწყობასთან მოკლევადიან პერიოდში. თბილისის მერიამ გადაწყვიტა დაიწყოს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო (2031 წლამდე პერიოდის) საჭიროებების შესწავლა, ასევე მის კუთვნილებაში არსებული იმ ადგილმდებარეობების იდენტიფიცირება, რომლებზედაც ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ავტოსადგომების მოწყობა”, -განაცხადეს ქონების მართვის სააგენტოში.

 
მათივე ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. კანონმდებლობის შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
“სითი კვირას” კითხვაზე, რის მიხედვით შეირჩა დედაქალაქში საპარკინგე ადგილები, ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ მრავალსართულიანი ავტოპარკინგები აშენდება იმ ადგილებში, სადაც მეტი სავაჭრო ობიექტია და დატვირთულია ავტომობილებით.

 
მათივე თქმით, ამისთვის წინასწარ ჩატარდა კვლევა და პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა:

 
ადგილი №1 – თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ. განსაკუთრებით გადატვირთულია თამარ მეფის გამზირის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთა. ტერიტორიის უშუალო სიახლოვესაა ავტობუსისა და რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის გაჩერება, ასევე მეტროსადგური და რკინიგზის სადგური სამგზავრო მატარებლებისთვის.

 
ადგილი № 2 – მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარედ. მარჯანიშვილის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა ძალიან გადატვირთულია, ძირითადად სამარშუტო ტაქსების დიდი რაოდენობის გამო. ავტობუსის ხაზები და მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორია, ასევე, მიეკუთვნება მარჯანიშვილის მოედანს და ითვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილად.
ადგილი №3 – თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ. ეს ტერიტორია გადატვირთულია არა რეგულირებადი ავტოსადგომების და დიდი რაოდენობით სამარშრუტო ტაქსების გამო. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ფილარმონიაში ღონისძიება და კონცერტი იმართება.

 
ადგილი №4 – პუშკინის სკვერის მიმდებარედ. იქვეა ავტობუსების გაჩერება, მეტროსადგური  “თავისუფლების მოედანი”, რამდენიმე მუზეუმი და კინო. ორი დიდი სასტუმრო და კომერციული ცენტრი მშენებლობის პროცესშია. დაკვირვებებით ჩანს რომ ავტოსადგომები წარმოადგენს პრობლემას ამ ტერიტორიებზე.
ადგილი №5 – მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარედ. ეს ადგილი არ მდებარეობს ქალაქის რომელიმე ცენტრის სიახლოვეს, მაგრამ აქვს სხვა უპირატესობები, რის გამოც შესაძლებელია მისი კვლევა-განხილვა. ტერიტორიის სიახლოვეს გვხვდება ავტობუსის და სამარშუტო ტაქსების გაჩერებები, ისევე, როგორც მეტროსადგური, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარეობს.

 
ადგილი № 6 – “დინამოს” სტადიონის მიმდებარედ. იგი ახლოსაა №1 ადგილთან. ეს ადგილი შეირჩა იმ მიზნით, რომ განტვირთოს ბაზრის მიმდებარედ მოძრავი ავტომობილების ნაკადები, დავით აღმაშენებლის გამზირზე და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. გადატვირთული მოძრაობა გამოწვეულია, ბაზრისკენ მიმავალ გზაზე კერძო ავტომობილების და სამარშრუტო ტაქსების სიჭარბით. ტერიტორიაზე არის ავტობუსის რამდენიმე გაჩერება.

 
ადგილი № 7 – თბილისის მერიის შენობის მიმდებარედ. ის ახლოსაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტე
ტთან, ისევე, როგორც მეტროს სადგურებთან და ავტობუსების გაჩერებებთან. მაღალი დატვირთვის და ავტოსადგომების სიმცირის გამო, ადგილის მიმდებარედ ხშირია საცობები.

 
ადგილი №8 – გულუას მოედნის მიმდებარედ. ორთაჭალაში მდებარეობს მთავარი ავტოსადგური, საიდანაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ, სასომხეთის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის და თურქეთის მიმართულებით მოძრაობენ (Destination City Guides, 2016). ასევე, ამ ავტოსადგურიდან გადიან ავტობუსები, რომლებიც ასრულებენ რეისებს ქვეყნის შიგნით.

 
როგორც “სითი კვირას” ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მალე დასრულდება თბილისი – რუსთავის გზატკეცილის მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დასრულებულია გზატკეცილის ორი სექცია (Municipal Development Fund of Georgia, 2015). ტერიტორია მეტად გადატვირთულია და არ გამორიცხავენ, რომ ახალი მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო დაიტვირთოს.

 
ადგილი №9 – მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედ. ამ ტერიტორიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატულია ავტობუსის, რამდენიმე ხაზის და მეტროს სადგურის სიახლოვით. დამატებითი ყურადღება უნდა მიექცეს მეტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო განვითარებას.
ადგილი №10 – გეგეშიძის პარკის მიმდებარედ. მის სიახლოვესაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამდენიმე სკოლა, ჰიპერმარკეტი და სხვა სარეკრეაციო, კომერციული თუ საცხოვრებელი ზონა. ასევე, არის ავტობუსების გაჩერებები.

 
​როგორც „სითი კვირას“ ქონების მართვის სააგენტოში განუმარტეს, ამ დროისთვის პარკინგის მშენებლობისთვის სატენდერო პირობების მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი.

 

წყარო: city.kvira.ge