შექმენი შენი ბიზნესფორმულა

0
67
შექმენი შენი ბიზნესფორმულა

 

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა სათაურით „ბიზნესგეგმის შედგენა“ წიგნში „ჯერ ეს წაიკითხე: შემოქმედებითი მსს-ების ზრდა და განვითარება“.

(ISBN/EAN 978-90-810079-2-4)

დევიდ პერიში

 

შემოქმედებითობა და ბიზნესი

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ შემოქმედებითობა და ბიზნესი ზეთს და წყალს ჰგავს – ერთმანეთს არ ერევა და მორჩა; და ფიქრობენ, რომ უნდა აირჩიონ: შემოქმედებითობა ან ბიზნესი.

მე მათ არ ვეთანხმები.

შემოქმედებითი ადამიანები ბიზნესის დაგეგმვის დროს ამგვარი გამოწვევის წინაშე დგებიან: მათ ოსტატურად უნდა შეუთავსონ ერთმანეთს როგორც „მაისურების“, ასევე „პიჯაკების“ საუკეთესო იდეები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთმანეთს შეახვედრონ შემოქმედებითობა და საუკეთესო ბიზნესიდეები ისე, რომ შემოქმედებითი ნიჭი შემოსავლის ნაკადად აქციონ. წარმატებული შემოქმედებითი მეწარმეები ირჩევენ ორივეს: შემოქმედებითობას და ბიზნესს.

ბიზნესის ხელოვნება არის არჩევა ვარიანტების უსასრულო სპექტრიდან, რათა ერთმანეთს შეხვდნენ კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი და კონკრეტული მუშტრის საჭიროებები – ისე, რომ ეს ფინანსურად მომგებიანი იყოს. შედეგად მიღებული სურათი წარმატებული საწარმოს უნიკალური ფორმულა იქნება.

რასაკვირველია, შემოქმედებითი ბიზნესების პროდუქტსა თუ მომსახურებაში დიდი უნდა იყოს ახალი იდეების წილი. ყველა ტიპის წარმატებული ორგანიზაცია შემოქმედებითად აერთიანებს ყველა არსებით ბიზნესელემენტს. წარმატებულ შემოქმედებით საწარმოს შემოქმედებითი პროდუქტი ან მომსახურება უნდა ჰქონდეს. მათ აგრეთვე სჭირდებათ, მოიფიქრონ სპეციალური და ქმედითი ფორმულა, რომელშიც ბიზნესის ყველა არსებითი შემადგენელი იქნება ჩართული.

და, რაც მთავარია, ეს არ არის „კომპრომისი“ შემოქმედებითობასა და ბიზნესს შორის – ეს ნიშნავს ორივე სამყაროდან საუკეთესოს აღებას.

 

ბიზნესგეგმები

თავდაპირველად, მოდით, ერთმანეთისგან გავარჩიოთ წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესის დაგეგმვა და „ბიზნესგეგმის დაწერა“. სულაც არაა აუცილებელი, ეს ორი რამ ერთი და იგივე იყოს. გამოცდილებით ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ბიზნესგეგმას მხოლოდ იმიტომ წერს, რომ ამას ინვესტორი ან დამფინანსებელი მოითხოვს. როგორც წესი, ასეთ გეგმებს დამაჯერებლობა აკლია და, როგორც კი გარე ინვესტორი მიიღებს (ან უარყოფს) მას, სასწრაფოდ თაროზე შემოდებენ ხოლმე. ბიზნესგეგმა უპირველესად უნდა არსებობდეს თავად ბიზნესისთვის, „წარმატებასთან მიმყვანი გზის მონახაზი“ უნდა იყოს, ის უნდა განსაზღვრავდეს მიზნებს და ამ მიზნებთან მიმყვან ნაბიჯებს. იდეალურ შემთხვევაში, კარგი ბიზნესგეგმა ბიზნესს უნდა ადგებოდეს სამუშაო დოკუმენტად, ასევე, ცხადად უნდა აცნობდეს მესამე მხარეს ბიზნესის სარგებლიანობის, ინვესტირებული კაპიტალის ამოღების, რისკის მართვის და დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორებისთვის საინტერესო სხვა საკითხებს.

მაგრამ ბიზნესგეგმა სულაც არაა წმინდა და ხელშეუხებელი დოკუმენტი. ბიზნესგეგმა ავტომა­ტუ­რად არ იძლევა ბიზნესის წარმატების გარანტიას. ბევრი ბიზნესგეგმა განიხილავს დეტალებს, მაგრამ ვერ ეხება არსს, საფუძველს. ნებისმიერი ბიზნესგეგმა დაფუძნებული უნდა იყოს ბიზნესთან დაკავშირებული მეწარმეების ფასეულობებსა და მიზნებზე და თავისი არსით შესრულებადი ბიზნესფორმულა უნდა იყოს. ამიტომ ამათგან ორივე იმსახურებს უფრო დაწვრილებით განხილვას.

 

ფასეულობები და მიზნები

როდესაც, როგორც მრჩეველს და ტრენერს, შემოქმედებით მეწარმეებთან მიწევს მუშაობა, მე მათ უპირველესად ვთავაზობ საწარმოს ძირითადი მიზნების განხილვას. ყველას უნდა, წარმატებული იყოს, მაგრამ წარმატების განსაზღვრა შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გვქონდეს. ზოგისთვის წარმატება სიმდიდრეა, სხვებისთვის – აღიარება, ან, როგორც ეს სოციალური საწარმოების შემთხვევაშია, შეიძლება, უმთავრესი მიზნები სოციალური ხასიათის იყოს. ბევრი ბიზნესისთვის წარმატება ამ ფაქტორების განსაკუთრებული ნარევია. სხვებისთვის წარმატების განსაზღვრა ჩემი საქმე არაა – მაგრამ, როგორც მრჩეველი, დაბეჯითებით ვთხოვ, რომ მეწარმეებმა მკაფიოდ განსაზღვრონ, რა არის მათთვის წარმატება.

ბიზნესის განვითარება კიდევ ერთი ძირითადი საკითხია, რომელსაც ადრეულ ეტაპზევე უნდა მიხედვა – და მერეც, როცა ბიზნესი შედარებით მოძლიერდება. არის ზრდა მიზანი? და თუ ასეა, როგორ გაიზომოს ზრდა? ის შეიძლება გამოისახოს ბრუნვის, პერსონალის რაოდენობის, ბაზარზე წილის ან მომგებიანობის მიხედვით. ბევრ შემოქმედებით მეწარმეს არ სურს, მათი საქმიანობა გაიზარდოს, არამედ უნდათ, ჩამოაყალიბონ „ცხოვრების სტილის ბიზნესი“, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ ნიჭზე და უზრუნველყოფს როგორც ცხოვრების რიგიან სტანდარტს, ასევე მის მაღალ ხარისხსაც. ზოგი ბიზნესისთვის წარმატება იზომება „სამმაგი ათვლის წერტილით“, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ შემოსავლიანობას, არამედ სოციალურ სარგებელს და ეკოლოგიურ ზემოქმედებასაც.  აქ საქმე მხოლოდ ის არაა, თუ რას აკეთებს ბიზნესი, არამედ განიხილება ისიც, თუ როგორ აკეთებს: აქ ფასეულობებიც მნიშვნელოვანია. მე ტერმინს „ფასეულობა“ ვხმარობ მისი ფართო გაგებით და მასში მოვაქცევ ყველაფერს, ბიზნესეთიკიდან ვიდრე პირად მიდრეკილებებამდე (მაგალითად, ავტონომიის სურვილი) თუ ორგანიზაციის „კორპორატიულ კულტურამდე“ („როგორ კეთდება ჩვენთან რაღაცები“). ბევრი გენერიკული ბიზნესის დაგეგმვისას ეს საკითხები უგულებელყოფილია, თუმცა ისინი გახლავთ არსებითი პუნქტები, რომლებსაც ადრეულ სტადიებზევე უნდა მიექცეს ყურადღება და ხშირად გადაიხედოს. თუ ბიზნესის განვითარება სავსებით არ შეესაბამება მისი წარმმართველი მეწარმეების ფასეულობებს, მაშინ, დიდი ალბათობით, უთანხმოებას და უსიამოვნებებს თავს ვერ ავარიდებთ.

ბიზნესპარტნიორები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთს ფაზაში ემთხვევიან – წარმატების განსაზღვრისა და ფასეულობების თვალსაზრისით. ჩემთვის, როგორც კონსულტანტისთვის, უთხოვიათ ბიზნესის პრობლემების გადაწყვეტა და აღმოჩენილა, რომ მათი ძირეული მიზეზი – ნამდვილი დაავადება და არა ზედაპირული სიმპტომები – სინამდვილეში საერთო ხედვის არარსებობაა. სხვა სიტყვებით რომ გამოვთქვათ, მეწილეები ბეჯითად მუშაობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზნისკენ, და შესაძლოა, სხვადასხვა განწყობითაც. რა გასაკვირია, პრობლემები რომ გაჩნდეს.

 

შესაძლებლობათა შექმნა

შემოქმედებითი ადამიანების დამახასიათებელი თვისებებიდან ერთ-ერთია მათი უნარი, ჰქონდეთ უამრავი იდეა და, მათი შემოქმედებითობიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება შეეძლოთ. არადა, ხშირად ხდება, რომ ადამიანები ჩემთან მოდიან რჩევისთვის, იდეა კი, რომლის კომერციული განვითარებაც სურთ, ძალიან ვიწრო და ფიქსირებულია. ჩემი, როგორც ბიზნესმრჩევლის, ერთ-ერთი ამოცანაა, წავაქეზო ისინი, შექმნან შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სრულად გახსნან საკუთარი შემოქმედებითი პორტფოლიო და გამოიკვლიონ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ვარიანტი, რომლებიც მათი შემოქმედებითი ტალანტიდან მომდინარეობს. მართალია, აუცილებელია ბევრი იდეის გენერირება, მაგრამ, რასაკვირველია, შეუძლებელია ყველა მათგანის კომერციული განვითარება, და ეს შეიძლება იმედგაცრუებას იწვევდეს. ამიტომ საჭიროა, ყველა შესაძლებლიდან საუკეთესო იდეები ავირჩიოთ. ეს, ერთი მხრივ, მოითხოვს წარმოსახვის უნარს, შემდეგ კი, მეორე მხრივ – ანალიზს. ეს მოითხოვს ტვინის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ნახევარსფეროთი ფიქრს. უნდა ავამუშავოთ ტვინის მარჯვენა მხარე და უხვად მოვიფიქროთ ასობით შესაძლებლობა – შემდეგ კი ჩავრთოთ მარცხენა ნახევარი და უმოწყალოდ გადავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტები. რასაკვირველია, ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ერთნაირი ეფექტიანობით შეუძლია ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს ამუშავება; ამიტომაა, რომ საუკეთესო სამეწარმეო პარტნიორობას ხშირად ქმნის შემოქმედებითი გენიოსის და პრაქტიკულად მოაზროვნე საქმიანი ადამიანის წყვილი, ან ადამიანთა ეფექტიანად დაბალანსებული ჯგუფი.

საუკეთესო ბიზნესები აერთიანებს შემოქმედებით ტალანტს და მძლავრ ბიზნესტექნიკებს – მე ამას „მაისურების და პიჯაკების“ მიდგომას ვუწოდებ. და ეს მიდგომა გულისხმობს ან მართლაც ორი სხვადასხვა პიროვნების პარტნიორობას ან ორივე ელემენტის გაერთიანებას ერთი პიროვნების მიერ მართულ ბიზნესში თუ სამეწარმეო გუნდში.

 

საკუთარი თავის ცნობა

 

„თუ იცნობ მტერს და იცნობ საკუთარ თავს, შენი გამარჯვება საეჭვო არასოდეს იქნება“, – წერდა სუნ ძი თავის კლასიკურ „სამხედრო ხელოვნებაში“. შემოქმედებითი ბიზნესის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ობიექტურად აფასებდე მთლიანად ბიზნესის თუ მასში ჩართული ცალკეული ადამიანების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბიზნესის რიგი ასპექტების – და თითოეული სფეროს ძლიერი და სუსტი მხარეების – შესაფასებლად, არის PRIMEFACT ჩამონათვალი. ეს აბრევიატურა აღნიშნავს ცხრა სფეროს, რომელიც უნდა შეფასდეს. ესენია: ადამიანები (People), რეპუტაცია (Reputation), ინტელექტუალური საკუთრება (Intellectual Property), საბაზრო ინფორმაცია (Market Information), ეთოსი (Ethos), ფინანსები (Finances), სისხარტე (Agility), თანამშრომლები (Collaborators) და ტალანტი (Talents). ძნელია, საკუთარ ბიზნესს ობიექტურად შეხედო, ამიტომ ინფორმირებული გარე პირების თვალსაზრისი შეიძლება აქ ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. შეგროვილი ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ ისეთი ბიზნესსტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც იმოქმედებს ძლიერი მხარეებით და გვერდს აუვლის (რამდენადაც ეს შესაძლებელია) თქვენი საწარმოს სუსტ მხარეებს.

 

კონკურენტული უპირატესობა

 

მას მერე, რაც დავადგენთ ბიზნესის სხვადასხვა ასპექტების ძლიერ მხარეებს, შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადავდგათ. ეს ნიშნავს, რომ განვიხილოთ ბიზნესის ძლიერი მხარეები კონკურენტებთან შედარებით. ერთია, იყო ძლიერი ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ თუ კონკურენტებიც ძლიერები არიან ან თუნდაც უფრო ძლიერებიც კი, მაშინ ჩვენი სიძლიერე კონკურენტულ უპირატესობას ვერ მოგვიტანს. ჩვენ ვეძებთ ისეთ სფეროებს, რომელშიც ყველა დანარჩენზე მთელი თავით მაღლები ვიქნებით ანუ სადაც ჩვენი ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობას მოგვანიჭებს. კონკურენციის თვალსაზრისით, კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ნიშნავს იმ შემოქმედებითი ძლიერი მხარეების გამოყენებას, რომლებშიც უპირატესობა გვაქვს მეტოქეებზე – და, ბედის ირონიით, შეიძლება, ეს არ იყოს ჩვენი ყველაზე საყვარელი ან თუნდაც „საუკეთესო“ ტალანტი. და მაინც, შესაძლოა, ჩვენი შემოქმედებითი კომპეტენციების გამოყენებით ნებისმიერ სხვაზე უკეთ შევძლოთ კონკრეტული მომხმარებლის პრობლემათა გადაჭრა.

 

ბიზნესრადარი

ისე, როგორც ოკეანეში გასულ გემს სჭირდება რადარი, ჰორიზონტი რომ დაზვეროს და მტრების თუ მეგობრების მოახლოება შეიტყოს, შემოქმედებითი ბიზნესებიც მუდამ უნდა ეძებდნენ გარემოში არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს. PEST-ანალიზი გულისხმობს, რომ ჩვენ ოთხ მხარეს ვიყურებით და ვეძებთ ოთხ ძალას, რომლებსაც შეიძლება ჩვენთვის შესაძლებლობები ან საფრთხეები მოჰქონდეს. ეს ოთხი მიმართულება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ასპარეზებია. უფრო დეტალური, რვაწახნაგა კომპასი ICEDRIPS-ანალიზია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ვაკვირდებით რვა მხარეს. ესენია: ინოვაცია, კონკურენტები, ეკონომიკა, დემოგრაფია, რეგულაციები, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა და სოციალური ტენდენციები. მას მერე, რაც ჩამოწერილი გვექნება ყველა ამჟამინდელი და ახლომყოფი გარე ძალა, რაც შეიძლება, ჩვენი საწარმოსთვის შესაძლებლობების ან საფრთხის შემცველი იყოს, მომდევნო ეტაპია, გამოვარჩიოთ მათგან ძირითადები – შემდეგ კი ამის გათვალისწინებით შევადგინოთ გეგმა, იმ გათვლით, რომ მოვიხელთოთ შესაძლებლობები და გვერდი ავუაროთ საფრთხეებს.

 

ბარიერები შემსვლელთათვის: პრობლემას ინტელექტუალური საკუთრება გადაჭრის

 

ბევრ ინდუტრიაში შემსვლელის წინ ბარიერებია ამართული. მობილური ტელეფონის ქსელის ჩამოყალიბება ან ნავთობის ბურღვის დაწყება არა მხოლოდ უზარმაზარ კაპიტალს მოითხოვს, არამედ სახელმწიფო ლიცენზიებითაც რეგულირდება. ამის საპირისპიროდ, შემოქმედებითი ინდუსტრიის ბევრი ქვესექტორი დაუცველია ბაზარზე ახალი შემომსვლელებისგან, რადგან აქ ბარიერები, როგორც წესი, სუსტია. მაშ, რა გზით შეუძლია შემოქმედებით საწარმოს, თავი დაიცვას ახალი შემომსვლელებისგან, რომლებიც ბაზრის წილში უსხდებიან? ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბარიერი შემოსვლისთვის – და ის, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიების გულისგულია – ესაა ინტელექტუალური საკუთრება. გამოცემის უფლების, დიზაინის უფლების, სავაჭრო ნიშნების და პატენტების გამოყენებით შემოქმედებით საწარმოებს შეუძლიათ, თავი დაიცვან კონკურენტებისგან – ან მოგება მიიღონ პოტენციური ახლად შემომსვლელებისგან, ლიცენზირების შეთანხმების მეშვეობით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებას შეუძლია, შემოქმედებითი საწარმოები არა მხოლოდ დაიცვას კონკურენტებისგან, არამედ, დიდი ალბათობით, ამ უფლებებმა შესაძლოა შექმნას შემოსავლის მდგრადი ნაკადები, რომლებიც დამოკიდებული არ იქნება უწყვეტ შემოქმედებით მუშაობაზე.

 

ბაზრის განზომილება

შესაძლებლობების შექმნა სხვა განზომილებაშიც საჭიროა. აქ ვგულისხმობ პოტენციური ბაზრების, მუშტრის ტიპების და ცალკეული კლიენტების განსაზღვრის სფეროს. და აქაც, თავიანთი მრავალმხრივი და დაუშრეტელი შემოქმედებითობის მიუხედავად, იმედისმომ­ცემ შემოქმედებით მეწარმეებს ხშირად არ ჰყოფნით წარმოსახვა, როდესაც საქმე მიდგება შესაძლებლობების გამოკვლევაზე პოტენციური მომხმარებლის კუთხით. როგორც შემოქ­მე­დე­ბითი პროდუქტისა და მომსახურების შემთხვევაში, კლიენტებს აქაც მოვუწო­დებ, მოუხმონ მარჯვენა ნახევარსფეროს აზროვნებას ბევრი იდეის გამოსათქმელად, შემდეგ კი ჩართონ მარცხენა ნახევარსფერო – გასაანალიზებლად და საუკეთესოების ასარჩევად.

 

უნიკალური ბიზნესფორმულა

ნებისმიერი წარმატებული შემოქმედებითი ბისზნესის მიზანი არის არა ის, რომ შემოქმედებითობასა და კომერციას შორის უხერხულ კომპრომისს მიაღწიოს. იყო ნახევრად შემოქმედებითი და ნახევრად კომერციული – ეს „არაუშავს“ მიღწევაც კი არ არის! პირიქით, მიზანია, იყო სრულად შემოქმედებითი და მთლიანად წარმატებული. ამის მისაღწევად ჩვენ წარმოსახვითად უნდა შევათავსოთ ერთმანეთთან ჩვენი შემოქმედებითობის კონკრეტული ასპექტები და საგულდაგულოდ შერჩეული ბაზრის სეგმენტები. თუ გავითვალისწინებთ ერთი მხრივ პოტენციური შემოქმედებითი პროდუქტების რაოდენობას, მეორე მხრივ კი – პოტენციურ მომხმარებელთა ტიპების რაოდენობას, მაშინ ამ ორის შესაძლო კომბინაციათა რიცხვი ძალიან დიდია. ფაქტობრივად, ეს არის ერთის რაოდენობა გამრავლებული მეორეზე და გრაფიკულად ეს შეიძლება გამოისახოს, როგორც ორგანზომილებიანი მატრიცა, რომლის ერთ ღერძს წარმოადგენს შემოქმედებითი პროდუქტი/მომსახურება, მეორეს კი – მომხმარებელთა ტიპები. წარმატებული ბიზნესფორმულა შედგება მაშინ, როცა კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტი და სერვისი ემთხვევა შესაბამის გადამხდელ მუშტარს. მომგებიანი კომბინაციის პოვნის სხვადასხვა ხერხები არსებობს. ერთი ვარიანტია (მეტაფორულად რომ აღვწეროთ), ამოვიღოთ დანომრილი ბურთები ორი სხვადასხვა ყუთიდან (საფეხბურთო ტურნირის კენჭისყრის მსგავსად) და ვცადოთ, შემთხვევით შერჩეული პროდუქტი დავამთხვიოთ შემთხვევით შერჩეულ საბაზრო სეგმენტს. დროთა განმავლობაში „გაარტყამთ“ სწორ კომბინაციას, მაგრამ შეიძლება, ბევრად ადრე ენერგიაც გამოგელიოთ, ფულიც და დროც. ცხადია, ეს უკიდურესად არაგონივრული მიდგომაა! არადა, ხდება ისე, რომ ზოგი შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც ლამობს, თავისი ხელოვნებიდან ბიზნესი შექმნას, სწორედ ამგვარ მიდგომას ირჩევს. იმედგაცრუება მოდის მაშინ, როცა პროდუქტი და მომსახურება აცდენილია მომხმარებელს. შეუთავსებელი შემადგენელი ნაწილების შეთავსების ერთადერთ გზად თითქოს საკუთარ გეზზე უარის თქმა რჩება.

გონივრული მიდგომაა, ჩამომწკრივდეს ყველა შესაძლებლობა და საგულდაგულოდ შეირჩეს საუკეთესო შესაძლო კომბინაცია. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ საღი აზრი, მარკეტის მოსინჯვა და საპილოტე პროექტები, ამრიგად, პირდაპირ წარმატებული ბიზნესფორმულისკენ ავიღოთ გეზი – და ამ ხერხით საერთო სურათიდან სწრაფად ამოვშალოთ შესაძლებელი კომბინაციების უმრავლესობა.

 

ძირითად მომხმარებლებზე ფოკუსირება

შემოქმედებითი მარკეტინგი გულისხმობს ბაზრების გულისყურით შერჩევას კონკრეტული პროდუქტისა და მომსახურებისთვის – იმის ნაცვლად, რომ გამჭრიახი შემოქმედებითობის მოხმობით დაარწმუნოთ ადამიანები, შეიძინონ ის, რაც სინამდვილეში არ სჭირდებათ და არ უნდათ. თუმცა ბევრი ბიზნესი რეკლამირებას „ალალბედზე სროლის“ პრინციპით უდგება, შემდეგ კი იცდის, რომ ნახოს, თუ რა გამოვიდა აქედან – ყვეელაზე უფრო წარმატებული შემოქმედებითი საწარმოები ფოკუსირდებიან კონკრეტულ კლიენტებზე და შემდეგ იყენებენ აქტიურ მიდგომას, რომელიც სამიზნე მომხმარებელზეა გამიზნული.

 

სხვებთან ერთად მუშაობა

როგორც უკვე აღვნიშნავდი, ყველაზე წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესები ბიზნესს ავითარებენ „მაისურის და პიჯაკის“ მიდგომით, ანუ შემოქმედებით ტალანტს საუკეთესო ბიზნესპრაქტიკასთან აერთიანებენ. ძალიან ხშირად ეს მიიღწევა პარტნიორობის ან უფრო დიდი გუნდის მეშვეობით. ბევრი ადამიანის ჩართვის კვალად, ძალიან მალე დგება საწარმოს მესაკუთრეობის და კონტროლის საკითხი. კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურა იძლევა მესაკუთრეობის და კონტროლის სხვადასხვა შესაძლებლობებს, მეწილეებისთვის აქციების გადაცემის და კომპანიის დირექტორების დანიშვნის გზით. თუმცა კომპანიის მოწყობის კანონი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა, ჩვეულებრივ, არსებობს რიგი სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას „შეზღუდული კომპანიის“ ჩარჩოში, მათ შორისაა „არამომგებიანი“ (უფრო ზუსტად, მოგების არმომტანი) ვარიანტები და ისეთი მოწყობებიც, რომლებიც კოოპერატივებს და სოციალურ საწარმოებს შეეფერება.

 

სტრატეგიის დაგეგმვა

მას მერე, რაც ჩამოაყალიბებთ საწარმოს ხედვას და ფასეულობებს, შემდეგ კი ყურადღებით შეადგენთ უნიკალურ ბიზნესფორმულას, დაგეგმვის პროცესში ამის მომდევნო ეტაპი არის განსაზღვრა, თუ რა ძირითადი ნაბიჯები უნდა გადაიდგას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მარტივად რომ ვთქვათ, სტრატეგიის დაგეგმვა ნიშნავს, განისაზღვროს ის რამდენიმე არსებითი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა იქიდან, სადაც ვართ, გადავიდეთ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მე კლიენტებს ვუბიძგებ, წარმოიდგინონ მომავალი და დაინახონ საკუთარი თავი, რომელსაც უკვე მოხვეჭილი აქვს წარმატება, რომლისკენაც ისწრაფვიან – შემდეგ კი იმ, მომავალი პოზიციიდან გამოხედონ გზას, რომელიც გაიარეს, და მოიძინონ საკვანძო სვლები, რომლებიც ამ გზის გასავლელად დასჭირდათ. ამ ხერხით პირველი ნაბიჯები (ხუთი ან იქნებ ექვსიც) შეიძლება უფრო ცხადად იქნეს დანახული. აწმყოში დაბრუნების შემდეგ ეს ნაბიჯები უკვე ჩვენ წინ აღმოჩნდება და ჩვენი სტრატეგიული ბიზნესგეგმის საფუძველსაც შეადგენს.

 

დასკვნა

ბიზნესის დაგეგმვის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს წარმატებული შემოქმედებითი საწარმოს უნიკალური ბიზნესფორმულის შექმნა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ, გამოიკვლიოთ შემოქმედებითი საქონლის და მომსახურების ყველა ვარიანტი, და, მეორე მხრივ, შეისწავლოთ ყველა შესაძლო საბაზრო სეგმენტი. შედეგად მიღებული ორგანზომილებიანი მატრიცა იძლევა შესაძლო კომბინაციების გამაოგნებელ სიმრავლეს. ოსტატობა ისაა, რომ საქონლის/მომსახურების და მომხმარებლის ტიპების ყველა შესაძლო შესრულებადი კომბინაციიდან საუკეთესო შეირჩეს.

წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესი აიგება ისეთი საქონლის და მომსახურების წარმოებაზე, რომელშიც ჩვენ სხვებს აღვემატებით და რომელიც შეხამებულია საგულდაგულოდ არჩეულ მომხმარებელთან. ასე შემოქმედებით მეწარმეებს შეუძლიათ, კომპრომისის გარეშე სრული თავისუფლება მისცენ საკუთარ შემოქმედებითობას და მიაღწიონ კომერციულ წარმატებას.

ეს უნიკალური ბიზნესფორმულა არსებითი რამაა. თუ მას არასწორად შეადგენთ, კომპრომისი ან მარცხი გარდაუვალია. თუ სწორად შეადგენთ, მაშინ შემოქმედებით საწარმოს ექნება როგორც შემოქმედებითი, ასევე კომერციული წარმატების დიდი შანსი.