„როგორ შეიძლება ცელოფანში კარაქისა და ყველის შეფუთვა, ქიმიური მინარევები ხომ პროდუქტზე გადადის“

0
79
„როგორ შეიძლება ცელოფანში კარაქისა და ყველის შეფუთვა, ქიმიური მინარევები ხომ პროდუქტზე გადადის“

საქართველოში პოლიეთილენის პარკებს თანდათანობით ქაღალდის პაკეტები ჩაანაცვლებს. შესაბამის რეგულაციაზე გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს. სამინისტროში საგანგაშოდ მიაჩნიათ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიეთილენის მოხმარების კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია. ეს მაშინ, როცა პოლიეთილენის პარკებში საკვების ჩადება არ შეიძლება და ეს პარკები ბუნებისთვის მავნეა, რადგან წლების განმავლობაში არ იხრწნება.

პოლიეთილენის ასეთი ხშირი მოხმარება შეიძლება იმ შემთხვევაშიც შემცირდეს, თუკი მაღაზიები ამ პარკებზე ფასს დააწესებენ, შესაბამისად, მომხმარებელი შეეცდება იშვიათად გამოიყენოს პოლიეთილენი.

არავისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პოლიეთილენის აკრძალვა და ქაღალდის პაკეტით მისი ჩანაცვლება მომხმარებლის ჯიბეზე აისახება და მას გაუძვირდება პროდუქცია. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ევროკავშირის რეგულაციას იცავენ, რომლის თანახმადაც, 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიეთილენის პარკებში არის განსხვავება. სურსათისთვის განკუთვნილი პარკი სხვა არის და სხვა ნივთების შესანახად გამიზნული პარკი სულ სხვა. უბრალოდ, აქამდე ამას არ აქცევდნენ ყურადღებას.

„ერთმანეთისგან განსხვავდება პოლიეთილენი, პოლიპროპილენი და ინერტული მასალების ჩასადებად გამიზნული პარკები. უნდა ვიცოდეთ, პოლიეთიენის პარკი რომელ პროდუქტთან შეხებისთვისაა დასაშვები. მაგალითად, მჟავე პროდუქტებთან მიმართებით, რომლებიც ადვილად შედიან გარე ნივთიერებებთან კონტაქტში, შეუფერებელია. მშრალ პროდუქტებთან მიმართებით პოლიეთილენის გამოყენება კიდევ დასაშვებია, თანაც, თუკი დიდი ხნით არ ვიყენებთ. აქაც დასაცავია სტანდარტები და ჰიგიენური ნორმები. ცელოფანსაც უნდა ეწეროს ეტიკეტზე, რომ გათვალისწინებულია კვების პროდუქტების შესაფუთად. რაც შეეხება გაძვირებას, ყველაზე ძვირი ადამიანის ჯანმრთელობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ქაღალდის პაკეტებშიც განსხვავებაა. ქაღალდის პარკის დამცავი ზოლი დამუშავებულია სითხეში, რომელიც ინერტულია ყველა შესაფუთი პროდუქტის მიმართ. პოლონეთსა და ლიტვაში ვნახე, როგორ აციებდნენ პურს, სანამ ის შეიფუთებოდა. ამიტომ არც ერთი სახეობის სურსათის პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების უგულებელყოფა არ შეიძლება“, – აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ.

მანვე განმარტა, რომ პოლიეთილენის პარკში პურის შენახვა არ შეიძლება. პური აუცილებლად ქაღალდის პაკეტში უნდა შევინახოთ, მაგრამ ქაღალდიც უნდა იყოს ინერტული, რომ მისი შემადგენლობა არ გადადიოდეს. მაგალითად, არსებობს ხაოიანი ქაღალდები, ზოგიერთი ქაღალდი კი ნაკლებ პრიალაა. მოპრიალებული ზედაპირის მქონე ქაღალდის პაკეტში პურის შენახვა შეიძლება. ამასთან, აუცილებელია, პურის შენახვის ვადა დავიცვათ.

„გავოცდი, როცა ეტიკეტზე წავიკითხე, რომ თითქმის ერთი თვე იყო პური შენახული. შეცდომა იყო თუ არა, დღემდე არ ვიცი. რაც შეეხება პოლიეთილენს, ის უნდა ამოიღონ ხმარებიდან, რადგან ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება მის გახრწნას. თბილისის ფონზე ეს კარგად შესამჩნევია, რადგან ქარიანი ეკოლოგიის ზონას მიეკუთვნება თბილისი და აქ განუწყვეტლივ დაფრინავენ პოლიეთილენის ცელოფნები“.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის შემოგარენი ისეა გადატვირთული სხვადასხვა ფერის გადაყრილი პოლიეთილენის პარკებით, რომ ახალ წელს ნაძვის ხეების მორთვა აღარ დაგვიჭრდება. კომუნისტების დროს კი კარგი წესი იყო, ლიმონათი შუშის და არა – პლასტმასის ბოთლებში ისხმებოდა. გერმანიაში ეს წესი შენარჩუნებულია და შუშის ბოთლით რამეს რომ ყიდულობთ, სახლიდან წაღებულ ცარიელ ბოთლს აბარებთ. გამყიდველი გაძლევთ ჩეკს და, თუ იმავე ნაწარმს ყიდულობთ, გიკლებთ ჩაბარებული ბოთლის ფასს. უცხოეთში ბოთლი ფასიანია. ასე რომ, ადამიანებს უღირთ სახლიდან ბოთლის ჩაბარება. ასევე ხდება პოლიეთილენის პარკებთან მიმართებითაც.

„ბელორუსიაში ქუჩაში დაყრილ ცელოფნის პარკებს ვერ ნახავთ, რადგან ცელოფნის პარკი იყიდება. ადამიანი რომ ყიდულობს ცელოფანს, ასე ტყუილად ვერ გადააგდებს. იქაურები პარკებს ინახავენ სახლში, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ინახავდნენ. საქართველოში კი გამყიდველს რომ უთხრა, სამ ცელოფანში ჩამიდე ნაყიდი პროდუქციაო, ჩაგიდებს და სამივე პარკს ქუჩაში გადავყრით მერე. ამიტომ ცელოფნის მთლიანად აკრძალვა არ გამოვა, უმჯობესია, ცელოფნის შეძენაზე ფასი დაწესდეს, რომ ასე იოლად არ გადაყარონ და არ დაანაგვიანონ ქუჩები. ცხადია, ეს აისახება პროდუქციის ფასზე. რასაკვირველია, უმჯობესია ქაღალდის პაკეტები, მაგრამ ქაღალდიც მეორადი წარმოების არ უნდა იყოს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ქაღალდის პაკეტების წარმოებისთვის ხე უნდა მოიჭრას. ამ დროს კი მსოფლიო ცდილობს, ყველაფერი რაღაცით ჩაანაცვლოს, თუმცა ეს სურვილი ჯერჯერობით ბოლომდე განუხორციელებელია“,-აღნიშნა ამირან შენგელიამ.

მისივე თქმით, არსებობს ცელოფნის ნაირსახეობა, რომელიც არ უნდა ეხებოდეს საჭმელ პროდუქტს. წარმოვიდგინოთ ცელოფანში შეფუთული კარაქი, ცელოფანს ხომ პირდაპირი შეხება აქვს პროდუქტთან?! რაც ირეცხება- კიტრი, პომიდორი, ხილ-ბოსტანი კიდევ შეიძლება ჩავდოთ პოლიეთილენში. თორემ ცელოფანს ქიმიური მინარევები აქვს და ის ადვილად გადადის კარაქზე, ყველზე. ამიტომ ეს პროდუქტები უნდა იდოს წყალში, ხოლო, როცა ვყიდულობთ, უნდა შეიფუთოს ქაღალდში.

წყარო: for.ge