გვჭირდება თუ არა ეროვნული ვალუტა

0
17
გვჭირდება თუ არა ეროვნული ვალუტა

ლარი მთელი ქვეყნის “თავის ტკივილად” იქცა

თუ ეროვნული ვალუტა სტაბილურია და ნაკლებ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, იგი საზოგადოების ყურადღების მიღმაა , ხოლო, როცა არასტაბილურია და რეალური რისკების წინაშე აყენებს ვალუტით მოსარგებლეებს, მაშინ მთავარი განხილვის საგანი ეროვნული ვალუტა ხდება, რაც სურლიად ბუნებრივია და ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც.

2014 წლის ნოემბრამდე ლარი დოლართან მიმართებით, სტაბილურობით ხასიათდებოდა, თუმცა აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა მთელი ქვეყნის “თავის ტკივილად” იქცა. ორ წელზე მეტია, რაც ლარმა ვერ იპოვა გრძელვადიანი წონასწორობის წერტილი და მუდმივი რყევის რეჟიმში იმყოფება. ამ ორი წლის მანძილზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა, თუ რითია გამოწვეული ვალუტის არასტაბილურობა და რა არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

მთავრობა აქცენტს მუდმივად საგარეო ფაქტორებზე აკეთებდა, ოპოზიცია ხელისუფლებას სდებდა ბრალს ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის გამო და ვალუტის არასტაბილურობასაც ამას უკავშირებდა, იყო შეტევა ეროვნულ ბანკზე, რომლისთვისაც საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევას პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ხოლო ახლა კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნებენ ამ ფუნქციას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ დაამძიმა სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ფონი, რაც საზოგადოებისთვის ხილულ უსიამოვნებად იქცა. ბუნებრივია, გამოსავლის გზებით მეტად დაინტერესებული იყო ყველა მხარე და, როგორც ყოველთვის, მარტივად აღქმადი გეგმა ყოველთვის პოპულარული ხდება და ასეთი იყო ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა და მულტი სავალუტო რეჟიმის დაშვება. ეს ინიციატივა პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ იქნა გაჟღერებული და, ცხადია, მეორე მხრივ, ამგვარი შემოთავაზება უყურადღებოდ არც იმ საზოგადოების ნაწილს დარჩენია, რომელთაც ეროვნული ვალუტა სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ატრიბუტად მიაჩნია.

ყველასთვის ცნობილია, რომ ფული არ არის რაიმე სახის სიმდიდრე, იგი მხოლოდ სიმდიდრის შესაძენი საშუალებაა და მისი უმთავრესი ღირებულება ლიკვიდურობაა, ყველაზე ეფექტური გაცვლის საშუალება კაცობრიობამ ჯერჯერობით რაც მოიფიქრა, არის ფული, შესაბამისად, თუ მაგალითად, ქვეყანა იზოლირებულია გარე სამყაროსგან, აუცილებლად დასჭირდება ეროვნული ვალუტა, ვინაიდან სხვა ვალუტაზე ხელი არ მიუწვდება. ბუნებრივია, იარსებებს ცენტრალური ბანკი, რომელიც გაატარებს მონეტარულ პოლიტიკას. თუ ბანკი სწორი მონეტარული პოლიტიკის გზას დაადგება, მოსახლეობა ნახავს, რომ ფულით ვაჭრობა ყველაზე ეფექტურია. თავს დაანებებს ბარტერულ გაცვლას და აირჩევს ფულს. ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტას ყველაზე მეტი ნდობა აქვს გამოცხადებული მოსახლეობის მხრიდან და გაცვლის საშუალებად მხოლოდ ის გამოიყენება. ახლა დავუშვათ, რომ ამ იზოლირებულმა ქვეყანამ გახსნა ეკონომიკა მთელი მსოფლიოსთვის და მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ უცხოური ვალუტა ბევრად სანდო და ეფექტურია, ვიდრე თავიანთი. ამ შემთხვევაში, ცხადია, ძირითადი ტრანზაქციები უცხოური ვალუტით განხორციელდება და ეროვნულ ვალუტას მხოლოდ უმნიშვნელო როლი მიენიჭება. ამით ცენტრალურ ბანკს გავლენის სფერო შეუმცირდება და მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე ზემოქმედების უნარი მნიშვნელოვნად დასუსტდება. ლოგიკურია, გაჩნდეს კითხვა: რაში გვჭირდება ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკი? ჩვენ ხომ ბევრად სანდო უცხოური ვალუტა გვაქვს?!

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს არსებობდა სანდო, მყარი ეროვნული ვალუტა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ძირითად გაცვლის საშუალებად დოლარი და ევრო გამოიყენება. დოლარიზაციის დონე ყველაზე მცირე 57% დაფიქსირდა 2008 წელს ხოლო დღეს აღნიშნული მაჩვენებელი 67%-ის ფარგლებშია. ამ შემთხვევაშიც ლეგიტიმურია გაჩნდეს კითხვა: რაში გვჭირდება ეროვნული ვალუტა? აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით ტრანზაქციების განხორციელება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეიძლება და ის ფაქტი, რომ წვრილი ტრანზაქციებისას ფასდადება ლარში ხდება, ნაწილობრივ მაინც, ამ ფაქტორს უნდა უკავშირდებოდეს. რომ არა აღნიშნული კანონი, ლარის გამოყენების საჭიროება კიდევ უფრო შემცირდებოდა.

ახლა კი, დროა, პასუხი გავცეთ არაერთხელ ხსენებულ კითხვას – რაში გვჭირდება ეროვნული ვალუტა, თუ უცხოური ვალუტა იდეალურად გვემსახურება?

პირველ რიგში, უცხოური ვალუტის იმედზე ყოფნა უნდა ეფუძნებოდეს მყარ გარანტიებს, რომ ზემოხსენებული იზოლირებულ ქვეყანასავით უცხოური ვალუტის დეფიციტი არ გაჩნდეს; ქვეყანას უნდა ჰქონდეს დადებითი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და დადებითი სავაჭრო ბალანსი. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოედინება, ვიდრე გაედინება და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება ფულის მასაც და სახელმწიფო ნორმალურად ვითარდება. მაგრამ, თუ უცხოური ვალუტის გადინებამ გადააჭარბა მის შემოდინებას, ფულის მიწოდება შემცირდება და სრულიად შესაძლებელია წარმოიშვას დეფლაციური სპირალი, რაც, დიდი ალბათობით, უმუშევრობის ზრდამდე მიგვიყვანს. მეორე მხრივ, ინფლაციის მართვას, რაც ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა, არცერთი ინსტიტუტი არ განახორციელებს. თუ მაგალითად, ქვეყანაში გაიზრდება ერთობლივი მოთხოვნა, მოკლევადიან პერსპექტივაში არ არსებობს ბერკეტი, რომ ინფლაციამ არ მიაღწიოს მაღალ ნიშნულს.

დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ცვლად პროცესებს ფეხი აუწყოს და მოხდეს რისკების მინიმიზება. ეროვნული ბანკის არარსებობის შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტი არ გააჩნია სახელმწიფოს და კრიზისულ სიტუაციებში ბედის ანაბარა რჩება ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმაზე ფიქრი შეუძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოედინება, ვიდრე გაედინება. საქართველოს შემთხვევაში კი უცხოური ვალუტა მუდმივად გაედინება და, შესაბამისად, მის იმედად ყოფნა სარისკოა.

გიორგი ლობჟანიძე