YANDEX TAXI-ი ქართულ კომპანიებს აკოტრებს

0
135
YANDEX TAXI-ი ქართულ კომპანიებს აკოტრებს

საქართველოში “ტაქსაობა” თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს.

თუმცა, ცნობილია, რომ თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების სქემაზე, რის შემდეგაც, ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, საუბარია მოსაკრებელის დაწესებაზეც.

სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს ტაქსების ზუსტი აღრიცხვა, სტანდარტული ტარიფი ან დადგენილი სამუშაო საათები, ძნელია თქმა, საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ერთი ტაქსის მძღოლი, მაგრამ სრული დატვირთვის პირობებში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ყოველდღიური მინიმალური მოგება, საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, 20-30 ლარია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ამ ბიზნესის “ჩრდილში” წელიწადში ას მილიონ დოლარზე მეტი ტრიალებს.

რაც შეეხება ტაქსის კომპანიებს, აქაც რთული ვითარებაა. დემპინგური ფასით შემოსულმა YANDEX TAXI-მა ქართული კომპანიები გაკოტრების პირას მიიყვანა. რუსული კომპანია კლიენტების წართმევას არ დასჯერდა და მძღოლებიც გადაიბირა. ტაქსის კომპანიები რუსული  YANDEX TAXI-ს შემოსვლის შემდეგ, გამოძახებების შემცირებას უჩივიან. როგორც ცნობილია, რუსული კომპანია YANDEX TAXI-ის მომსახურება თბილისში მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან დაიწყო. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია მგზავრებს მინიმალურ ფასად ემსახურება.

ტაქსების კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ YANDEX TAXI ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვიდა, რომლის მიზანიცაა ბაზრიდან ტაქსის ყველა კომპანია გააქროს და მონოპოლისტური მდგომარეობა დაიკავოს. როგორც ხოფერია განმარტავს, YANDEX TAXI მგზავრობის საფასურის 70%–ს თავად იხდის, მინიმალური ფასიც აქედან გამომდინარეობს. მისი განმარტებით, YANDEX TAXI  ფინანსურად დიდი და ძლიერი კომპანიაა. შედეგად, მას თავისუფლად შეუძლია დემპინგით საკმაოდ დიდი ხანი იარსებობს.

ხოფერია აცხადებს, რომ ბაზარზე სხვა ტაქსის კომპანიები თითქმის აღარ დარჩნენ, რამდენადაც YANDEX TAXI-მ დაახლოებით 47 კომპანია გააკოტრა და შემდეგ მიიერთა. რაც შეეხება კომპანია “200 000”-ს, ხოფერია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც YANDEX TAXI-ი ბაზარზე შემოვიდა, მისი წილი ბაზარზე 25 პროცენტიღა დარჩა.

“ვერაფერს ვერ ვაკეთებ, 57 მილიარდს რომ ვიშოვი მერე ვეჭიდავები, მანამდე ვერა. ის ფინანსურად ძალიან ძლიერია. სადამდეც გავძლებთ ვიქნებით”, – აცხადებს ხოფერია. მისი თქმით, ეს სფერო რეგულირებადი არ არის, შედეგად, სიტუაცია დინებაზეა მიშვებული.

ტაქსების კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია  იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში YANDEX TAXI-ს წინააღმდეგ საჩივარი აღარ დააზუსტა. ნიკა ხოფერიას განცხადებით, YANDEX TAXI საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ამიტომ საჩივარში მისი ზუსტი მისამართისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება შეუძლებელია.

“ჩვენ ერთხელ დავაზუსტეთ ჩვენი საჩივარი, თუმცა, უკან დაგვიბრუნდა. კონკურენციის სააგნეტოს მოთხოვნაში აქვს, რომ ზუსტი მისამართი უნდა იყოს მითითითებული და როცა Yანდეხ-ი არ არის საქართველოში რეგისტრირებული, მისამართი როგორ უნდა მივუთითოთ?”,- აცხადებს ტაქსების კომპანიის დამფუძნებელი.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ დემპინგური ფასებით შემოსული უცხოური კომპანიისგან სახელმწიფომ ადგილობრივი კომპანიები უნდა დაიცვას, რასაც არ აკეთებს.

გამოძახებების შემცირებას უჩივის ტაქსი “პანტას” ხელმძღვანელი ზურა ბიტაშვილიც. მისი თქმით, რუსული ტაქსის კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მათი კომპანიის შემოსავლებზე. როგორც ბიტაშვილი განმარტავს, ვინც ეს კომპანია საქართველოში შემოუშვა, დასასჯელია.

 “YANDEX TAXI-ი ცდილობს დაბალი ფასებით ქართული ტაქსის კომპანიები ბაზრიდან გააძევოს. სამწუხაროდ, ჩვენ მას ვერც მანქანებით გავეჯიბრებით და ვერც ფინანსებით. მილიარდიანი კომპანიაა, მაგათთან ვერაფერს ვერ გავხდებით. ვერც მერია დაგვეხმარება და ვერც ვერავინ”, – აცხადებს ბიტაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ კომპანია “260 60 60” -ში. მათი თქმით, YANDEX TAXI-ის შემოსვლა მათ კომპანიაზე არც ნეგატიურად ასახულა და არც პოზიტიურად. “ჩვენ ჩვენი კლინეტი გვყვავს და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია”, – აცხადებენ კომპანიაში.

რას გეგმავს რუსული კომპანია საქართველოში, რა გეგმები აქვს და მართლაც არის თუ არა მისი მიზანი ტაქსის ქართული კომპანიების ბაზრიდან სრულად გაქრობა, ამ კითხვით YANDEX TAXI-ს მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. კომპანიის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება.

კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, ქართული კომპანია  “ტაქსი 112112”-ის ხელმძღვანელი ლევან გაგუნაშვილი აცხადებს, რომ ის Yანდეხ-ის პარტნიორია. მისი განცხადებით, კომპანია “112112” გაკოტრების პირას იდგა, რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილიც ამან განაპირობა. “ მე რომ უარი მეთქვა ამ შემოთავაზებაზე, ვიღაც მაინც შეურთდებოდა. YANDEX -ის შემოთავაზება ჩემთვის ფინანსურად საკმაოდ მიმზიდველი იყო”, – აცხადებს გაგუნაშვილი.

მისი ინფორმაციით, ნებისმიერი კომპანია ბაზარზე  თავის დასამკვიდრებლად, დემპინგური ფასებით შემოვიდოდა და Yანდეხ-ის ქცევაში არალოგიკური არაფერი არ არის. მისი განმარტებით, რუსული კომპანიის შემოსვლას დადებითი მხარეებიც აქვს. ამ კომპანიამ საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაასაქმა.

“ტაქსი 112112”-ის ხელმძღვანელი ელვან გაგუნაშვილი ამბობს, რომ გასაკვირია  Yანდეხ-ზე ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, მაშინ, როდესაც საქართველოს ბაზარზე არსებული ტაქსოპარკის 90 პროცენტი რუსული და უკრაინული კომპანიებია.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მორჩება ამაზე საუბარი და ტაქსების ლიცენზირება მოხდება. “მძღოლმა მგზავრთან ურთიერთობა უნდა იცოდეს. არ უნდა ილაპარაკოს პოლიტიკაზე და სხვა მსგავს თემებზე. “იანდექსი” ახლა ხსნის სკოლას და ყველა თავის მძღოლს გადაამზადებს”, – აცხადებს გაგუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანია YANDEX TAXI უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – “ეკონომ,” “სტანდარტ” და “ბიზნეს” კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

ტაქსის ონლაინ-გამოძახების რამენიმე სერვისი საქართველოშიც მოქმედებს. მათ შორის უკრაინული Uklon, რომელიც ცნობილი სერვისის Uber-ის უკრაინული ანალოგია. ტაქსი ნეტი, აგორა ტაქსი, თახიფყ და სხვა.

YANDEX TAXI-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი. შემდგომ კომპანიამ ეს ხარვეზი გამოასწორა.

ლევან მარტაძე