გირჩის განცხადება „ფილიპ მორის საქართველოს“ და „ბრითიშ-ამერიქან ტობაკოს“ დაჯარიმების თაობაზე

0
58
გირჩის განცხადება „ფილიპ მორის საქართველოს“ და „ბრითიშ-ამერიქან ტობაკოს“ დაჯარიმების თაობაზე
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ კომპანიას, „ფილიპ მორის საქართველოს“ და „ბრითიშ-ამერიქან ტობაკოს“ დაეკისრათ ჯარიმების გადახდა, შესაბამისად 92 და 270 მილიონი ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარეებს წარმოადგენდნენ კომპანიები „თბილისის თამბაქო“ და ომეგა ჯგუფში შემავალი OGT.
ჯარიმების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელე ორგანიზაციების მტკიცება, რომ აღნიშნული ორი კომპანია სიგარეტის გარკვეულ ბრენდებს საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში თვითღირებულებაზე იაფ ფასად ყიდდა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეჭვს აჩენს კორუფციულ გარიგებაზე მომჩივან კომპანიებსა და სასამართლოს მაღალჩინოსნებს შორის და არის აბსურდული შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თუ „ფილიპ მორის საქართველო“ და „ბრითიშ-ამერიქან ტობაკო“ წლების განმავლობაში დემპინგურ ფასად ყიდნენ საკუთარი პროდუქციის ნაწილს ქართულ ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილს, რომელიც თამბაქოს ნაწარმს მოიხმარს, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა იაფად ეყიდა ეს პროდუქცია. ანუ, სიმართლეც რომ იყოს ის, რასაც მომჩივანები ამ ორ კომპანიას ედავებიან, ამით საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა მხოლოდ იხეირა და გაუგებარია, რატომ უნდა დაისაჯოს ამის გამო აღნიშნული კომპანიები.
2. საქართველოში არ არსებობს ანტიდემპინგური კანონი (რაც კარგია, რადგან ასეთი კანონის ამოქმედების რეზულტატი იქნება მხოლოდ შემდეგი – გაჭირვებული მოსახლეობისთვის რიგ პროდუქტებზე ფასების ზრდა და კორუფციული გარიგებები). შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება.
3. ერთ-ერთი მომჩივანი კომპანიის OGT-ს მფლობელი არის საქართველოს პარლამენტის წევრის, ქ-ნი ნატო ჩხეიძის ოჯახი (პარლამენტში გასულია „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით). OGT-ს წილებს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია „ველსან თრეიდინგ ქორფორეიშენ“, რომლის მფლობელიც, თუ Panama Papers-ს დავუჯერებთ, არის ბ-ნი ზაზა ოქუაშვილი, ქ-ნი ნატო ჩხეიძის მეუღლე (ქ-ნ ნატო ჩხეიძეს თანამდებობრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილები მითითებული არ აქვს). ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ იკვეთება პარლამენტის წევრის ოჯახის პირადი ინტერესები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში.
4. ძნელად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სასამართლომ, არარსებული დემპინგური კანონმდებლობის დარღვევის გამო, გარედან ჩაურევლად გამოიტანოს გადაწყვეტილება ორ ბიზნეს-სუბიექტზე ჯამში 362 მილიონი ლარის ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
5. „ფილიპ მორის ინთერნეშენალ“ და „ბრითიშ-ამერიქან ტობაკო“ არიან თამბაქოს პროდუქციის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები. ქართული სასამართლოს მხრიდან მათზე ასეთი აბსურდული შინაარსის ჯარიმების დაკისრება ნეგატიურად იმოქმედებს როგორც სასამართლოს იმიჯზე, ისე, ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.
მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს:
  1. ზედმიწევნით და სრულყოფილად გამოიკვლიოს ამ საქმის გარემოებები;
  2. ყველა ღონე იხმაროს მხარეთა მორიგებისთვის;
  3. მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საღი აზრის დონეზე არ დატოვებს კორუფციული გარიგების არანაირ ეჭვს.