საზოგადოებრივ მაუწყებელში თანხების ფლანგვის ფაქტები პროკურატურაშია გადაგზავნილი

0
35
საზოგადოებრივ მაუწყებელში თანხების ფლანგვის ფაქტები პროკურატურაშია გადაგზავნილი

ივანნა მელაის 10 000 დოლარიანი ხელფასი, 60 ათასი დოლარი ქსენია სობჩაკის ერთ გადაცემაში და განადგურებული საზოგადოებრივი მაუწყებელი – რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული

ბოლო პერიოდში დიდი ხმაური ატყდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმასთან  დაკავშირებით. წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის შედეგად მაუწყებელი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, ადგილი ჰქონდა შტატების გაბერვას, ინვესტიციების განხორციელების მაგივრად თანხები იხარჯებოდა მიმდინარე ხარჯებზე და მაუწყებლის მატერიალური აქტივები, მათ შორის ტექნიკა ნადგურდებოდა, არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს თუნდაც ერთი კრიტერიუმი, რომლითაც შეფასდება გასული 10 წლის განმავლობაში დახარჯული 410 მილიონი ლარი.

გადაცემების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება, ისე, რომ არ ხდება მათი შეფასება და ახალი გადაცემების დამატება დიდწილად სუბიექტურ შეხედულებებს ეყრდნობა. შედეგად, 100-ზე მეტი გადაცემით მაუწყებელი მედიაბაზარზე, სამწუხაროდ, ერთ-ერთი აუტსაიდერია. ეს სურათია დღეს და ამ მექანიზმით ყოველწლიურად იზრდება მაუწყებლის ხარჯები, მისი რეიტინგი და ყურებადობა მცირდება.

მიუხედავად დასახელებული პრობლემებისა, მიუხედავად თანამშრომლების გაუსაძლისი სამუშაო პირობებისა, მიუხედავად, პრაქტიკულად, განადგურებული ტექნიკისა, მიუხედავად არქივის სავალალო მდგომარეობისა, დღეს გარკვეული ჯგუფები უპირისპირდებიან რეფორმას და საკითხი გადააქვთ იმ პრიზმაში, რომელიც აშკარად არ არის ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის გადარჩენასა და განვითარებაზე. უმეტეს შემთხვევაში,  რეფორმას ეწინააღმდეგებიან ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ მონაწილეობა მიღებული მაუწყებლის ნგრევაში და ხმას არ იღებდნენ საბიუჯეტო რესურსის ვიწრო წრის კომფორტის შესაქმნელად ხარჯვაზე, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების უდიდესი ნაწილი არაადამიანურ პირობებში საქმიანობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2011-2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის  აუდიტის ანგარიშის მიხედვით, იკვეთება ძალიან მძიმე ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ

მაუწყებელი ვიწრო წრეებისთვის ნამდვილი ოაზისი იყო და მილიონობით ლარი იხარჯებოდა უზარმაზარ ხელფასებზე, ფეშენებელურ საცხოვრებლებზე, რესტორნებზე, ოჯახის წევრების საზღვარგარეთ მოგზაურობაზე და ა.შ.

20 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ხარჯთაღრიცხვის გარეშე

2011 წელს მე-3 არხის ფუნქციონირების წარმატებულად გაგრძელების მიზნით, ფინანსთა სამინისტროსაგან სათანადო ხარჯთაღრიცხვის წარდგენის გარეშე მოითხოვა 20,000,000 ლარი. ანუ, ბიუჯეტიდან 20 მილიონი გამოიყო ისე, რომ წინასწარ არ იყო დასაბუთებული, რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა. შესაბამისად, შეუძლებელია გარკვევა მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა ეს თანხა;

არ ხორციელდებოდა ხელშეკრულების მონიტორინგი და შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს აღნიშნული 20 მილიონი ლარი, რომელიც გადაეცა შპს ქეი1-ს, ადეკვატურია თუ არა იმ მომსახურების, რომელიც გაწია ამ კომპანიამ;

ევროპული დონის ხელფასები

მხოლოდ 2011 წელს დაიხარჯა 8 მილიონამდე ლარი შპს ქეი1-ის თანამშრომლებზე, მათ შორის უმაღლეს მენეჯმენტზე:

– რობერტ პარსონსი, გენერალური დირექტორი, ყოველთვიური ხელფასი 38 989 ლარი, გარდა ამისა, გარდა ხელფასისა, მისთვის ბინის იჯარაზე იხარჯებოდა 1500-დან 2000 დოლარამდე თვეში, სატელეფონო ხარჯი 500 ლარი და ასევე წელიწადში 9-ჯერ, მისი ოჯახის წევრებს შეეძლოთ ბიუჯეტის დაფინანსებით ემგზავრათ საზღვარგარეთ;

– დევიდ ჩეტერი, გენერალური დირექტორის მოადგილე, თვიური ანაზღაურება 29 341 ლარი;

– მელანი ანსთეი, ასევე გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიუჯეტიდან მისი შრომის ანაზღაურებაზე თვეში იხარჯებოდა 29 341 ლარი;

– ზურაბ კოდალაშვილი – 20 539 ლარი

– ეკატერინე კოტრიკაძე – 9 250;

– ივანნა მელაი – 10 000 აშშ დოლარი თვეში;

– მატვეი განაპოლსკი – 4 000 ევრო (ეს ციფრი აუდიტის დასკვნაში წერია, თუმცა მისი ანაზღაურება, როგორც ცნობილია 40 ათას ლარს შეადგენდა).

ჯამში უმაღლესმა მენეჯმენტმა, 5-მა ადამიანმა, მხოლოდ 2011 წელს შრომის ანაზღაურების სახით აიღო 865 ათასი ლარი;

ტელეკომპანია პიკ-ის გენერალური დირექტორის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 10 000 ლარს

რაც შეეხება ტელეკომპანია პიკს, ამ ტელევიზიაში არსებული ხელფასებიც ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ტელეკომპანია პიკ-ის უმაღლესი მენეჯმენტის ხელფასები იყო:

– გენერალური დირექტორი – 10 000 ლარი თვეში;

– გენერალური დირექტორის მოადგილე – 8 325 ლარი;

– გენერალური დირექტორის მოადგილე – 7 500 ლარი;

– გენერალური დირექტორის მოადგილე – 6 250 ლარი;

გარდა ამისა, ტელეკომპანია პიკ-ის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრე ფარულავას 2012 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით (შრომის ანაზღაურების გარდა) მიღებული აქვს 65,906 ლარი, საიდანაც 16 674 ლარი არის სარესტორნო ხარჯები, 23 782 ლარი კი წარმოადგენს მივლინებების ზენორმატიულ ხარჯებს.

ქსენია სობჩაკის 10 გადაცემაზე ბიუჯეტიდან  590 ათასი დოლარი დაიხარჯა

პიკ-ს და შპს გაიდ პარკს შორის დაიდო 1 416 000 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას პიკ-სთვის უნდა მოემზადებინა 24 გადაცემა, რომლის წამყვანი იქნებოდა ქსენია სობჩაკი. სულ მომზადდა 10 გადაცემა და დაიხარჯა 590 ათასი დოლარი. ქსენია სობჩაკის ერთი გადაცემა საქართველოს მოქალაქეებს დაუჯდათ 59 000 დოლარი;

2011 წელს ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია პიკ-სთვის საგადასახადო დავალიანების, მილიონნახევარი ლარის ჩამოწერას, ეს ფული დააკლდა ბიუჯეტს;

2011 და 2012 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში  ზედმეტად წარმოქმნილმა ვალდებულებამ შეადგინა 1,007,449 ლარი

მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან არასწორი ფინანსური მენეჯმენტის  შედეგად 2011 და 2012 წლებში ზედმეტად წარმოქმნილმა ვალდებულებამ შეადგინა 1,007,449 ლარი, რომელიც ბალანსის შესაბამის ანგარიშზე აღრიცხული არ არის.

გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა მილიონნახეევრიანი ხელშეკრულება, როდესაც შესაძლებელი იყო ტენდერის ჩატარება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა უარყოფითი დასკვნა მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით.

მაუწყებლის მიერ 2012 წლის მხოლოდ მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებთან დაკავშირებით და მხოლოდ გადაცემა “ახალი ამბების” მომზადებისთვის, შპს “პიკისთვის” ზედმეტად ანაზღაურებულია 268,698 ლარი.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და პიკს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად დარჩენილი თანხა

1 423 737 ლარი, მაუწყებელმა გამოიყენა მიმდინარე ხარჯებისთვის და რაც არამიზნობრივი ხარჯია.

მაუწყებელმა შპს პიკს არ დააკისრა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რის გამოც ბიუჯეტს დააკლდა 280 ათასი ლარი;

ასევე, მაუწყებელმა შპს ჯენერალ მედიას არ დააკისრა პირგასამტეხლო 99 525 ლარის ოდენობით, რაც დააკლდა ბიუჯეტს.

საერთო ჯამში, არაეფექტიანმა საიჯარო პოლიტიკამ მაუწყებელს დააკარგვინა 54 831 ლარი.

აღნიშნული ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, მაგრამ რეაგირება ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” კიდევ შემოგთავაზებთ მასალებს საზოგადოებრივ მაუწყებელში არაეფექტურად დახარჯული მილიონების შესახებ.

იხილეთ აუდიტის სამსახურის დასკვნა

ავტორი: გიორგი კაპანაძე