“პრაქტიკული ეკონომიკა” თუ “ეკონომიკური ბლეფი”

0
45

სააკაშვილის მთავრობის მეთაური ნიკა გილაური თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, ინგლისურ ენაზე გამოცემული მისი ახალი წიგნის შესახებ, რომელსაც ,,პრაქტიკული ეკონომიკა ჰქვია. ბუნებრივია, წიგნში არ არის საუბარი, როგორ ხდებოდა იმ მონაცემების დადება, რომელსაც საქსტატი – ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურა – ზემოდან მითითებების საფუძველზე აქვეყნებდა, რის საფუძველზეც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები საქართველოს მაღალ მაჩვენებლებს უწერდნენ. არც საკუთრების უფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზეა იქ საუბარი. არც იმაზე, სად ,,გაქრა სიღარიბე და როგორ გაჩნდა ის 2012  წლის 1 ოქტომბერს, მათ შორის ,,რუსთავი 2 -ის ეთერში და საერთოდ, რას წარმოადგენდა ,,კავკასიის სინგაპური რეალურად.

ვფიქრობ, წიგნი მაინც საინტერესოა ჩვენთვის. გთავაზობთ, ნიკა გილაურის ფეისბუქ-პოსტს.

,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალება მქონდა ახალი პერსპექტივით, უფრო პრაქტიკოსის, ვიდრე პოლიტიკოსის თვალით გამეანალიზებინა და შემეფასებინა ყველა ის რეფორმა თუ ნაბიჯი, რამაც 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია მოახდინა. ტრანსფორმაცია, რომელიც იმდენად უნიკალურია თავისი წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგებით, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა ეს გამოცდილება დაკარგულიყო და ჩვენ მეხსიერებას არ დარჩენოდა. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა დამეწერა წიგნი “პრაქტიკული ეკონომიკა” ეკონომიკური ტრანსფორმაცია და 2004-2012 წლის რეფორმები საქართველოში”, რომელიც აღწერდა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების გამოცდილებას, რამაც 2004 წლის შემდეგ, ძირეულად გარდაქმნა ქართული სახელმწიფოს მართვის სტილი.

რატომ დაიწერა ეს წიგნი? ამაზე ორი პასუხი მაქვს: პირველ რიგში, ინფორმაციის მოთხოვნა ქართულ გამოცდილებაზე ყოველთვის ძალიან დიდი იყო. უამრავი სახელმწიფოს ლიდერთან ურთიერთობისას, მუდმივად ჩნდებოდა კითხვა, სად შეიძლებოდა გაცნობოდნენ იმ უნიკალური რეფორმების გამოცდილებას, რომელმაც უამრავი ქვეყნის ლიდერი დაარწმუნა, რომ შესაძლებელია ურთულესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგომმა პატარა ქვეყანამ, ძალიან მოკლე პერიოდში მოახდინოს სრული ტრანსფორმაცია და გახდეს სწრაფად მზარდი და კორუფციისგან პრაქტიკულად თავისუფალი ეკონომიკა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სურვილი, დეტალურად აღმეწერა და შემეფასებინა ყველა ის რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შედეგებიდან გამომდინარე წარმატებული იყო, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში წარუმატებელიც.

რატომ ჰქვია წიგნს პრაქტიკული ეკონომიკა? ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ასევე, საერთაშორისო კონსულტანტად მუშაობისას, დავრწმუნდი, რომ დღესდღეობით მსოფლიოში გავრცელებული კლასიკური ეკონომიკური თეორიები საკმაოდ მოძველდა და ვეღარ უმკლავდებიან თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს. შესაბამისად, დადგა დრო, როდესაც მსოფლიომ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური მიდგომა და მოდელი, რომელიც დაეყრდნობა უფრო პრაქტიკულ ეკონომიკას და შესაძლებელი იქნება მიმდინარე და მოსალოდნელი ეკონომიკური გამოწვევების ინოვაციური მეთოდებით გადაჭრა.

ხშირად კითხულობენ, თუ რატომ აინტერესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას ქართული რეფორმების გამოცდილება – ამ კითხვაზე პასუხი ნათლად გამოისახება მიღწეულ შედეგებში:

– საქართველოს ეკონომიკა ნომინალში 9 წლის განმავლობაში გაოთხმაგდა (2003 წლის მონაცემებით მშპ იყო 3,9 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის ბოლოს კი 15,8 მილიარდი)

– მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო 112-ე ადგილიდან მე-8 გადავიდა.

– საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში, ქვეყანა 127-ე პოზიციიდან 51-ზე გადავიდა.

– საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 2004-2012 წლებში 6%-7% იყო.

ზუსტად ამ მიღწეულმა შედეგებმა, საბოლოო ჯამში უზრუნველყო ქვეყნის უკიდურესი სიღარიბიდან გამოსვლა და საშუალო ფენის შექმნა. რა თქმა უნდა, დღეს საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანაა და მინიმუმ ასეთი რეფორმების 10 წლიანი მორიგი ფაზაა საჭირო, რათა ქვეყანამ შეძლოს თავი დააღწიოს სიღარიბეს.

მდიდარ საქართველოს გისურვებთ ყველას!

პ.ს. “პრაქტიკული ეკონომიკა”, გამოიცა აშშ-ში გამომცემლობა “პალგრეივ მაკმილანის მიერ. ამ ეტაპზე, წიგნი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ქართულ ენაზე თარგმანსაც. წიგნის ელექტრონული ვერსია უფასოდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის რეფორმატიკსის ვებ-გვერდზე. შემდეგი კვირიდან აშშ-ში წიგნის პრეზენტაცია უკვე დაგეგმილია, კონკრეტულად კი მსოფლიო ბანკში, ატლანტიკურ საბჭოში, “ჰარვარდის, “სტენფორდის და მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში,- წერს ნიკა გილაური საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

მერაბ მაისურაძე