როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება

0
30
როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის ინტერესის სფეროა, არამედ ის ფართო პროფესიულ და საზოგადოებრივ სივრცეში უნდა იქნას განხილული. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ამ საკითხს ვიწრო ჭრილში აქცევს და არ ტოვებს შესაძლებლობას სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ზოგადად თანამედროვე მედიის როლზე და პასუხისმგებლობაზე საზოგადოების და განვითარების პროცესის წინაშე.

სახეზეა არა მხოლოდ მედია ელიტების ბრძოლა ძალაუფლებისთვის, არამედ ღრმა მედია კრიზისი, რომელიც დიდი ხანია გასცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეს. ბუნებრივია, ძალაუფლებრივ დაპირისპირებაში იმალება მთავარი – მედია ელიტების პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე, რომლისგანაც თავის დაღწევა თითქოს ყველას გაცხადებულ ინტერესშია, მაგრამ ეს მეტ დაფიქრებას და საკითხის რადიკალურ გაცნობიერებას საჭიროებს.

 საით მივდივართ?

რა თქმა უნდა, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალთან, მაგრამ ასევე დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ჟურნალისტიკის მომავალთანაც. თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა განიცდის მნიშვნელოვან გამოწვევას პროფესიული განვითარების კუთხით. ის მეტწილად დაცლილია საზოგადოების შესახებ მრავალმხრივი ცოდნისგან. აქამდე მიჩნეული იყო, რომ თუ მთავრობა აღარ გაგაკონტროლებს ყველაფერი იქნება თავისით და იდეალურად. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. საჭიროა დისკუსია თავად ჟურნალისტიკის შინაარსის შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პოტენციალი გარდაქმნას არა მხოლოდ მის შენობაში არსებული ჟურნალისტიკის შინაარსი, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მთლიანად მედიაში არსებულ გაბატონებულ წარმოდგენებზე ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით.

რა როლი უნდა ჰქონდეს მედიას და კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოებაში? საჭიროა თუ არა კონკრეტული მედია ელიტების პასუხისმგებლობის დაყენება საზოგადოებრივ მაუწყებელში წარსულში ტრადიციად ქცეული მახინჯი მედია გარემოს ფორმირებაში? რა ხდება დღეს?

მოწვეული მომხსენებლები:

პროფესორი ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.
მოხსენების თემა: “მასმედია და ლიბერალური გლობალიზმი.”

პროფესორი მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
მოხსენების თემა: “მედია და პოპულიზმი.”

გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილების დირექტორი.
მოხსენების თემა: “რაში მდგომარებს რეფორმების არსი საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორია მენეჯმენტის ხედვა.”

მის: თსუ-ს I კორპუსი, აუდიტორია #214.
დრო: ორშაბათი, 20 თებერვალი, 19:00 სთ.

დასწრება თავისუფალია!