“ვერ შევეგუებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იყოს თანამედროვე და საინტერესო”

0
22

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი  თქმით, მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს.

„დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხდადასხვა მიდგომების ჭიდილი.

 ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს.

 მინდა წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა პრემიერმა.