საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს

0
23
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს

”საზოგადოებრივ მაუწყებელში” გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის შენობაში შეჭრა ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტია.
საბჭოს წევრები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, არ წაახალისონ ძალადობა და აგრესიულ ქმედებებს გაემიჯნონ.

”9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ხუთწუთიან ეთერს ითხოვდნენ. მაუწყებელმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს.