უჩა ნანუაშვილი: “საზოგადოებრივ მაუწყებელში” რეფორმა აუცილებელია

0
27
უჩა ნანუაშვილი:

ვფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” რეფორმა აუცილებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში არაერთი რეკომენდაცია ჰქონია სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაუწყებელში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებულიყო. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად არხზე ცვლილებების საჭიროებისა, ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

”ვფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” რეფორმა აუცილებელია. მოსახლეობას გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს იმისთვის, რომ არსებობდეს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”. მოლოდინები გვაქვს ჩვენც. არაერთი რეკომენდაცია გვქონდა, რომ მაუწყებელში რადიკალური და კარდინალური ცვლილებები განხორციელებულიყო. საქართველოში არსებობენ საგამოძიებო სტრუქტურები, რომ გამოიძიონ სავარაუდო ფინანსური დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც მაუწყებელში ჰქონდა ადგილი და რაზეც საუბარი იყო დღეს.
განცხადება, რომ უნდა დაიხუროს გარკვეული გადაცემები პირადად ჩემთვის უფრო მეტად აჩენს კითხვებს, რადგან თუ წლის დასაწყისში ცხადდება, რომ მომდევნო 11 თვის განმავლობაში გადაცემები აღარ უნდა იყოს, მაშინ რაში ვუხდით ხელფასს კონკრეტულ თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს და გადაცემებს?!”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერება.