პროკურატურა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ამსახველ მასალას აქვეყნებს

0
27

საქართველოს მთავარი პროკურატურა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიიღეს, უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონებიდან არის გაგზავნილი. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ხსენებული სატელეფონო ნომრების ავტორები.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.

“პირველი” ყველა იმ დოკუმენტს გთავაზობთ, რომელიც მთავარმა პროკურატურამ საქმის შუალედური შედეგების ფარგლებში გამოაქვეყნა.

წყარო: PIA