“საჭირო რეფორმების შემდეგ საქართველოს ექნება გამართული და განვითარებული ენერგო ბაზარი”

0
83

 

ყველაზე მსხვილი სკანდინავიური ინვესტიცია საქართველოში 

ნორვეგიული კომპანია Clean Energy საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. პროექტის ღირებულება 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია, რაც დაახლოებით 960 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ საქართველოს ელექტროსისტემას 436 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური შეემატება. ნამახვანის ჰესების კასკადი, ტყვიშის, ნამახვანის და ჭონეთის კაშხლისაგან შედგება. სამივე მათგანი მდინარე რიონზე, ლაჯანურ ჰესსა და გუმათის ჰესებს შორის აშენდება. რატომ გადაწყვიტა ნორვეგიულმა კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკაში თითქმის მილოარდიანი ინვესტიციის ჩადება და რა სტადიაშია მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ‘’ბიზნესკოდის’’ ექსკლუზიური ინტერვიუ Clean Energy,-ს აღმასრულებელ დირექტორთან ბიორნ ბრანცეგთან.

რამდენადაც  ვიცით, ეს იქნება ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ნორვეგიული კომპანიის ინტერესებით განხორციელდება ნორვეგიის საზღვრებს გარეთ. რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რამაც თქვენი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ენერგეტიკული სექტორით?

ჩვენ წარმოვადგენთ ნორვეგიულ კომპანიას, რომელიც საქართველოში უკვე 6 წელია მოღვაწეობს. 2010 წელს განვახორციელეთ პირველი ინვესტიცია, რომლის მიზანი იყო აჭარის წყლის, მდინარისა და მისი შესართავების ჰიდროენერგიული პოტენციალის რეალიზება. შედეგად კი მივიღეთ შუახევის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 187 მეგავატ სიმძლავრისაა და ჯერჯერობით საქართველოში ყველაზე დიდ ჰესად ითვლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობთ. ბიზნეს პირობებიც მისაღებია და მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩევნი საქმიანობა საქართველოში უფრო ფართო მასშტაბებში განვაგრძოთ.

რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი კომპანიის შესახებ და რამდენად დიდია თქვენი გამოცდილება მსხვილი ჰესების მშენებლობის კუთხით?

ეს საზიარო წამოწყებაა და ჩვენი პარტნიორია ENKA, თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საიმედო სამშენებლო კომპანიად მიიჩნევა. სწორედ მათთან ერთად ვაპირებთ ნამახვანის პროექტის განხორციელებას. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო არარსებული ინფრასტრუქტურის ფონზე შუა აჭარაში, შუახევის უმნიშვნელოვანესი 187 მეგავატიანი პროექტი რეალობად ექცია. ასე რომ ნამდვილად გვაქვს გამოცდილება კომპლექსური ჰიდროენერგო პროექტების განხორციელების მხრივ. რაც შეეხება თურქულ კომპანია ENKA-ს ამჟამად ისინი საქართველოში British Petrolium-სთვის აშენებენ. ქართულ ბაზარს ორივე კომპანია ძალიან კარგად იცნობს და სათანადო ექსპერტიზაც გაგვაჩნია იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს.

ჩვენ ვიცით, რომ თქვენ აქტიურად მუშაობთ საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებაზე. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მემორანდუმის მნიშვნელოვან დეტალებზე. მაგალითად, რა ეღირება 1 კილოვატი ელექტროენერგია?

ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, თანაც მთავრობასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია. მხოლოდ ის გვაცნობეს რომ წინა კვირას ტენდერში გავიმარჯვეთ. 1 წლიანი შესარჩევი პროცედურის შემდეგ შეგვარჩიეს როგორც ინვესტორი. პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებზე კი მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან თებერვალში დავიწყებთ.

რატომ შეირჩა თქვენი კომპანია ქართული მხარის მიერ? როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ეს ტენდერის მეშვეობით მოხდა, თუმცა რა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ. მაგალითად, რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა სხვა საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით?

ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზის გამო შეგვარჩიეს. პირველ რიგში, შესარჩევმა კომისიამ ჩათვალა, რომ ჩვენ სათანადო ტექნიკური კომპეტენცია და საკმარისი ფინანსური რესურსები გაგვაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერი ტარდებოდა, უპირატესობა მიენიჭა მას ვინც კომისიას ყველაზე დაბალი ტარიფი შესთავაზა.

როგორ აფასებთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს. რამდენად მეგობრული მხარდამჭერია მთავრობა უცხოელი ინვესტორების მიმართ?

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს სტრატეგიულად ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ნამახვანი იქნება არამარტო ყველაზე დიდი ჰესი საქართველოში, არამედ ექნება მასშტაბური რეზერვუარი, რაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით სტაბილურობას შესძენს.

როგორია თქვენი მოლოდინები და რამდენად წარმატებული იქნება თქვენი კომპანია საქართველოში? რას ფიქრობთ ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე?

ვფიქრობ, ადგილობრივი ბაზრის პირობები ახლაც მისაღებია, მაგრამ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის ენერგო თანამეგობრობაში. ამასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო რეფორმების შემდეგ საქართველოს ექნება გამართული და განვითარებული ენერგო ბაზარი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩვენთვის და გვჯერა, რომ 2020 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებადი ელექტრო ბაზარი იქნება.

მოამზადა ლევან ლაგვილავამ