“კოხტა-მიტარბზე შეიქმნა ყველა ის საშუალება, რაც სათხილამურო კურორტისათვის არის საჭირო”

0
15
ბაკურიანში კოხტას და მიტარბის სრული რეაბილიტაცია და განახლება ხორციელდება

 

 

ახალი საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების გახსნაზე 48 მლნ ლარი დაიხარჯა. ბაკურიანში დასაქმებულთა 99% ადგილობრივი მოსახლეა. ასევე, ბაკურიანში 2023 წლისთვის დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ფრისტაილში.

 
მიმდინარეობს მუშაობა ბაკურიანი-მიტარბის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე, რომელიც 2017 წელს დასრულდება. შემდეგ ბაკურიანში შეწყდება ქაოტური მშენებლობა და ყველაფერი აშენდება განაშენიანების გეგმის რეგულირების მიხედვით. კოხტა-მიტარბის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 150 მლნ ლარია. დამონტაჟებული ტობოგანის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია, ხოლო სპეცტექნიკის – 600 000 ევრო.

 
კურორტს ასევე დაემატა სამაშველო ჯგუფები. 2017 წელს ბაკურიანში დაიწყება ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის პროექტირება.

 
2017 წელს დაიწყება ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის პროექტირებაც დასკვნით ფაზაშია. ბიატლონის კომპლექსის მშენებლობა მოიზიდავს უამრავ უცხოელ სპორტსმენს. ბიატლონის კომპლექსში იქნება საზოგადოებრივი პარკი ხელოვნური ტბით და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი.

 
მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობა, უახლოეს მომავალში კეთილმოეწყობა ცენტრალური პარკი და მოხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ასევე შენდება აპარტოტელები და სასტუმროები. 2017 წელს დაიწყება ბაკურიანის წრიულიდან სოფელ მიტარბში გზის სრულ რეაბილიტაცია.

 
წელს ასევე პირველად, სამთო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა დაიწყეს ოპერირება, რითაც სამართლდარღვევითი ქმედებების შემცირება და, ზოგადად, უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო მეტად გაზრდა მოხდა.

 
მიტარბის განვითარების, სამთო პატრულის და, ზოგადად, სამთო კურორტებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, “ბანკები და ფინანსები” მთის კურორტების სააგენტოს ხელმძღვანელს, სანდრო ონოფრიშვილს ესაუბრა.

 
– 30 წლიანი პაუზის შემდეგ, წელს მიტარბის კურორტი გაიხსნა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სამუშაოები ჩატარდა აღნიშნულ კურორტზე, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და ა.შ.?

 
– ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოხტა-მიტარბის. რეაბილიტირილდა სათხილამურო ტრასები და ასევე, საბაგიროების სრული რეაბილიტაცია მოხდა. შეიქმნა ყველა ის საშუალება, რაც სათხილამურო კურორტისათვის არის საჭირო. დაახლოებით 48 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინა სახელმწიფომ.

 
– რა სიტუაციაა მთის სხვა კურორტებზე ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე. ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები და რა სიახლეები ელით ჩასულ მათ?

 
– გუდაურში ახალ საბაგირო გაიხსნა. საბაგირო არის 2400 . მშენებლობა განახორციელა “Black Sea Group”-მა, კურორტზე კი დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის “Doppelmayr”-ის საბაგირო. ბაკურიანში ატრაქციონებს დაემატა სამთო ციგის ატრაქცია. მესტიაში, კერძოდ თეთნულდზე, ახალი სამთო კურორტი შეემატა ქართულ სამთო კურორტებს და რაც აღსანიშნავია, შეიმჩნევა ხალხმრავლობა და ფაქტობრივად, ყველა სამთო კურორტი არის ბევრი ხალხი. ჩვენთან შემოსული ტურისტები ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან არიან და ასევე ევროპიდან.

 
– წელს პირველად იქნა შემოღებული მოთხილამურე პატრული, რათა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნას დაცული. როგორია აღნიშნული პროექტის შედეგი, წინა წლებთან შედარებით, შეამცირა თუ არა ამ პროექტმა სამართალდარღვევითი ქმედებები?

 
– მოთხილამურე პატრულმა, რა თქმა უნდა, საგრძნობლად შეამცირა სამართალდარღვევითი ფაქტები. სამთო კურორტებზე ჩამოსულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ მათი მუშაობა, ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს. არ შეიძლება მთვრალი თხილამურზე სრიალი და ასევე ბურანით გადაადგილება. თუმცა, აბსოლუტური უსაფრთხოება არსად არსებობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ამით უფრო მეტი პრევენცია მოვახდინოთ.

 
– სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რისი გაკეთება იგეგმება კიდევ იმისათვის, რომ მთის კურორტები უფრო მეტად განვითარდეს და ტურისტების რაოდენობაც გაიზარდოს?

 
– სამომავლო გეგმებს რა შეეხება, რასაკვირველია, ახალი საბაგიროები შენდება და ამას უკვე გათოვლიანების მეორე ეტაპზე დავიწყებთ გუდაურში. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელ საბაგიროს ავაშენებთ წელს. ასევე, კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობაც დაიწყება, რაც მთლიანად შეკრავს გუდაურს და ყაზბეგს ერთმანეთთან და გვექნება გაცილებით დიდი სამთო კურორტი.

 

 

ესაუბრა ლევან ლაგვილავა