„ჩვენთან კომერციული გაზის ფასი რეგიონში ყველაზე მაღალია”

0
81

 

„ჩვენთვის უცნობია ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივი აირის სფეროში არის გაფორმებული, რაც პროცესებს ნამდვილად აზარალებს – ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა გაიხსნას“

 

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება აქტუალობას არ კარგავს და ის კვლავ განხილვის თემაა. ოპოზიცია და რიგი ექსპერტებისა ხელისუფლებას ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მხარეების შეთანხმებით, საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურს ნატურის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. წამგებიანია თუ არა გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, რატომ არის რეგიონში კომერციული გაზის ფასი ყველაზე მაღალი საქართველოში და არის თუ არა ეს სფერო მონოპოლიზირებული, თემაზე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გვესაუბრა.

– თქვენ განაცხადეთ, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება უფრო მეტად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო. საინტერესოა, არსებობდა გარემოება, რითაც ჩვენ შეგვეძლო, რომ უფრო მეტი სარგებელი მიგვეღო?

– როცა ჩვენ გაზის გატარების შედეგად 10% გატარებული გაზისა გვრჩებოდა, იყო უფრო მომგებიანი ფინანსურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე დღევანდელი რეჟიმი. თუმცა, აქაც მინდა დავაზუსტო, წელს პირველი მილიარდი, რომელიც გაივლის სომხეთის მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება 10%-იანი ნატურის გადახდა, ხოლო შემდეგ მოხდება ფინანსური ანაზღაურება.

– გასაგებია რომ „გაზპრომი“ და ქართული „გაზის სატრანსპორტო კომპანია“ არის სახელმწიფო კომპანიები და მოლაპარაკებები შეიძლება პრივატულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით სახელმწიფოს მონაწილეობა საკმაოდ დიდი იყო. რამდენად გამჭირვალედ მიდიოდა კომპანიებს შორის მოლაპარაკებები?

– ეს პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობდა. დავაზუსტებ, აქ არ იყო ორი კომპანია. აქ იყო ორ სახელმწიფო კომპანიასთან საუბარი, სადაც საქართველოს მთავრობაც მონაწილეობდა. საერთოდ მიმაჩნია, რომ გაზის სფეროში გამჭვირვალობის პრობლემა დგას, მოყოლებული 9 წლიანი მმართველობიდან დღემდე. რეალურად, ჩვენთვის უცნობია ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც ამ სფეროში არის გაფორმებული. რაც ნამდვილად აზარალებს პროცესს და ამაზე ცალსახა დამოკიდებულება აქვს ამ დარგში მომუშავე ყველა სპეციალისტს. ეს ხელშეკრულებები უნდა გაიხსნას.

– რა შეიძლება ყოფილიყო ის დეტალები, რომელიც ამ ხელშეკრულებაშია და საზოგადოების ინტერესის საგანი შეიძლება იყოს და, ასევე, საინტერესოა, რა საფრთხეს აჩენს ტარიფის გასაიდომლოება?

– ერთადერთი დეტალი, რაც არის კონფიდენციალური, არის ტარიფის საფასური. თუ ამას საფრთხე შეიძლება ეწოდოს, ეს არი ის, რომ განცხადებული იყო, რომ ტარიფი არის იმაზე კარგი ვიდრე აღმოსავლეთ ქვეყნებშია. ეს არ იძლევა საშუალებას დავთვალოთ და გავაკეთოთ შედარება რამდენად უკეთესი იყო ის ხელშეკრულება, რომელიც 2003 წელს გაფორმდა. ცალსახად ითქვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ფინანსურად წინა ხელშეკრულებას ვერ ჯობს. ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია წელს ამ ხელშეკრულებამ. რეალურად ამ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება მოხდა 2015 წლის დეკემბერში. ქართულმა მხარემ მაშინ იმ 10%-ის ნატურით ანაზღაურების შენარჩუნება მოახერხა. იქ ჩაიდო ეტყობა პირობა, რომ შემდეგი წლიდან რუსეთი აუცილებლად მოითხოვდა ტრანზიტის თანხით ანაზღაურებას.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ფინანსურად ეს გაცილებით ცუდი ხელშეკრულებაა, ვიდრე წინა.

იმ სპეციალისტებს, ვისაც მე ვიცნობ, ჰქონდათ მსგავსი ხელშეკრულების მოლოდინი. სამინისტრომაც განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან მოხდებოდა ფინანსური ანაზღაურება.

– მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამაც ხომ არ აგვაღებინა ვალდებულება, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით საერთაშორისო პრაქტიკისთვის მიგვემართა და ფულად ანაზღაურებაზე გადავსულიყავით?

– არა მარტო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ, იგივე ასოცირების ხელშეკრულებამაც და მრავალმა სხვამ. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის სტარატეგიულ პოლიტიკას ეხება საქმე.

– ამ ეტაპზე შეგვეძლო ამის გამოყენება?

რა თქმა უნდა, მაგალითად, ანალოგიურად ვიყენებთ 2001-2002 წლებში მიღწეულ იმ სატრანზიტო შეთანხმებას, რომელიც „შაჰდენიზის” მილსადენთანაა დაკავშირებული. საქართველო 5%-ს იყოფს ნატურით და ასევე სხვა ბენეფიტებიც არის. ეს დიდი მიღწევა იყო იმ პერიოდში.

– ანუ, რეალურად არსებობდა ამის შესაძლებლობა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ?

არ მინდა ასე გამიგოთ. თუ რუსეთთან ურთიერთობის ჩვენ ბოლო 25 წლის გამოცდილებას გადავხედავთ, , ეს ურთულესი მოლაპარაკებები იყო. სწორედ ამიტომ აღნიშნავდნენ ექსპერტები, რომ საჭირო იყო სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობა (თუნდაც საზღვარგარეთიდან მოწვეული). იმ მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რომელსაც “გაზპრომ ექსპორტი” წარმოადგენს უდგას უამრავი საპროექტო და კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც რეალურად ეხმარებიან. თუ რუსეთთან მომლაპარაკებლობის ისტორიას გადავხედავთ, მე შეგნებულად ვამბობ რუსეთს, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ორგანიზაციაა და რუსეთი ინტერესის გამტარია, ამ შემთხვევაში საჭიროა გუნდები იყოს წარმოდგენილი იმ საკითხის შესაბამისად, როგორიც იყო. საჭიროა დახმარება დასავლეთის და თუ გნებავთ ქართველი ექსპერტებისაც, როცა მე ვსაუბრობდი «შაჰდენიზზე”, იქ სწორედ ქართველი ექსპერტების და სპეციალისტების დახმარებით მოხდა, რომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მიმაჩნია ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად.

– მთლიანობაში როგორ შეაფასებთ ბუნებრივი აირის ბაზარს საქართველოში?

– უამრავი რამ არის ამ დარგში გასაკეთებელი. ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რეფორმირებულია. ჩვენთან მონოპოლური ბაზარია – მომწოდებელი მონოპოლისტი გვაყვს. თავის დროზე არაკვალიფიციური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა მინისტრის ბრძანებით დერეგულაცია მოხდა და ამან გაცილებით უარესად იმოქმედა თითოეულ ქართველ მომხმარებელზე. მათ ელემენტალურად გაუძვირდათ ბუნებრივი გაზი. როცა მონოპოლისტი გყავს იქ დერეგულაციაზე საუბარი ზედმეტია.

როცა ბაზარზე ერთი მომწოდებელი გყავს კონკურენციის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

იქ პირიქით, რეგულატორის მონაწილეობა უნდა იყოს და გონივრული ხარჯები და მოგება უნდა ჰქონდეს გაზის გამყიდველს საქართველოში. დღეს სწორედ ამის გამოა, რომ გერმანიაში უფრო იაფია გაზის მოხმარება მანქანებისთვის, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან კომერციული გაზის ფასი საკმაოდ მაღალია. რეგიონში ყველაზე მაღალია. ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

 

 

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ