“გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით, რუსეთზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულება არ იზრდება

0
74
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის შეფასებით, “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით რუსეთზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულება არ იზრდება.
გვიდიანის თქმით, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა “გაზპრომთან” ხელშეკრულების შეცვლა, რომელიც ბუნებრივი გაზის ნატურით მიღების ნაცვლად, მონეტიზაციაზე გადასვლას გულისხმობს.

“საქართველო და რუსეთი მივიდა იმ შეთანხმებამდე, რა პრაქტიკაც საერთაშორისო დონეზე არის დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, მონეტიზაციაში ვერ ვხედავ რისკებს და საფრთხეებს, როგორსაც ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები ხატავენ. ამ შეთანხმებით არ იზრდება საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. ხელშეკრულების მონეტიზაციას ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზსისით გავლენა არ ექნება”, – განაცხადა გვიდიანმა საუბარში.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ინტერესების გამო, რუსეთი ხელშეკრულებას დაარღვევს, გვიდიანის განცხადებით, შეთანხმება სამართლებრივად გახდება სადაო.

დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

რუსულ კომპანიასთან არსებული ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.