Home » ბიზნესი » 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა
2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ – 5,650 მილიარდი ლარი, ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ შარშან კი 332 მილიონი ლარი შეადგინა. 

„ბიზნესპრესნიუსმა“ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154,5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით – 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი ბიუჯეტში ბიზნესმა 58 მილიონი ლარი გადაიხადა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2017 წლის მდგომარეობით, 136 სუბიექტზე გაცემული იყო და მოქმედებდა 256 სათამაშო ბიზნესის ნებართვა, მათ შორის, ტოტალიზატორის მოწყობის – 91 ნებართვა, სამორინეს მოწყობის – 21 ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობები ეწყობოდა – 16 ნებართვის ფარგლებში.

რაც შეეხება აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვას, საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2017 წელს მან 5,649 მილიარდი ლარი შეადგინა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ კუკულაძის შეფასებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელი კატასტროფულია.

„აზარტული თამაშების სექტორის 5,6-მილიარდიანი ბრუნვა არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი, გამოდის, რომ მოსახლეობა გართობაში 5,6 მილიარდ ლარს ხარჯავს. არადა, ეს არის ბიზნესი, რომელიც არ ავითარებს მომიჯნავე სექტორებს. სამშენებლო სექტორის შემთხვევაში ასეთი მოცულობის ბრუნვა მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას გამოიწვევდა, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, რეინვესტირება არ ხორციელდება. ამასთან, სათამაშო ბიზნესის განვითარებას რეალურად, ეკონომიკური ეფექტი არ აქვს. რაც შეეხება ბიუჯეტში მათ მიერ გადახადილ თანხას, ისიც ძალიან მცირეა. არადა, საქართველოში ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში მყოფი კომპანიები იხდიან 33%-ს, დაახლოებით 5-6-ჯერ ნაკლებს იხდის სათამაშო ბიზნესი, რაც სრული ნონსენსია“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კუკულაძემ.

Share