Home » ეკონომიკა » 2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური პანორამა
2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური პანორამა

2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური პანორამა

საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეტნაკლებად გამოსწორებულია. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის, სავალუტო შემოდინებების თუ სხვა ფაქტორები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ერთი მიმართულება, რომელიც დაგეგმილი მაჩვენებლიდან გადახრილია, არის ინფლაციის მაჩვენებელი. ამ მიმართულებების განხილვის შესახებ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საკუთარი მიმოხილვა გამოაქვეყნა.

რეალური სექტორი

2017 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა, მათ შორის: იანვარში 5.2%, თებერვალში 4.4%, ხოლო მარტში 5.3%. 2017 წლის I კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა, რაც მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (4%) შედარებით.

ფისკალური სექტორი

მიმდინარე წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 18.7%- ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 5.9%-ით მოიმატა. 2017 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 9.5%- ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 16.2%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 7.6%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

საგარეო სექტორი

ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი თამაშობს. 2017 წლის I კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 30%-ით, იმპორტი კი 15%-ით გაიზარდა. საანალიზო პერიოდში აღინიშნა პოზიტიური ტენდენცია – ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა და I კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2017 წლის I კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 15.3%-ით გაიზარდა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,833 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის I კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 4.2%-ით, ხოლო 2016 წლის I კვარტალთან მიმართებით 6.5%-ით გაუფასურდა.

მონეტარული სექტორი

2017 წლის პირველი კვარტალი, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 1.7%-ული პუნქტით გაიზარდა და 14.9%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის I კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 16.1%-ით გაიზარდა. 2016 წლის I კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 67.7% შეადგინა

სოციალური და შრომის ბაზარი

გასული წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 6.2%-ით გაიზარდა და 621 ათს კაცს გაუტოლდა. 2017 წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა გაწეული ხარჯები განათლებაზე – 16%-ით, ხოლო ჯანდაცვაზე – 7%-ით. სულ, 2017 1 კვარტალში განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯებმა 255 მლნ ლარს მიაღწია (გეგმიური მაჩვენებლის 85%), ხოლო ჯანდაცვაზე ხარჯებმა 246 მლნ ლარი შეადგინა (გეგმიური მაჩვენებლის 98%).

ლევან ლაგვილავა

Share