საინვესტიციო ბანკინგი რომ ვერ ვითარდება, არსებული კომერციული ბანკინგის ტლანქი სისტემის ბრალია

0
20
საინვესტიციო ბანკინგი რომ ვერ ვითარდება, არსებული კომერციული ბანკინგის ტლანქი სისტემის ბრალია

ჩვენში საინვესტიციო ბანკინგი რომ ვერ ვითარდება, არსებული კომერციული ბანკინგის ტლანქი სისტემის ბრალია. ბანკები ერთმანეთში მხოლოდ გავლენის სფეროებს იყოფენ, არავითარი სხვა კონკურენცია მათ შორის შემჩნეულიც არაა… არც ინოვაციაში, არც ახალი პრუდუქტის გამოშვებაში, არც მომსახურებაში. მხოლოდ ყველგან ფილიალებს ხსნიან, ყველა ნიშაც დაიკავეს. საბანკო სისტემის ნაცვლად ფაქტიურად გვაქვს მევახშეთა კარტელი! ლარიზაცია მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის, რამეთუ გავლენის ძლიერ ბერკეტს კარგავენ დედოლარიზაციის სახით, როცა სესხებს ვეღარ გასცემენ დოლარებში და ამით დევალვაციის რისკისგან წინაწარ თავს იზღვევენ.

 

ცალკე თემაა თუ რატომაა დღეს ეკონომიკაში ლარის მასის სიჭარბე დაგუბებული, იმ ეკონომიკაში რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ რომ მეტი ლარი სჭირდება ინტენსიურ ბრუნვაში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. კარგია რომ მიხეილ დუნდუამ ხმა ამოიღო, რამეთუ ვინაა სხვა ხმის ამომღები, განსაკუთრებით პოლიტიკოსებში. საბანკო ანგარიშები აქვთ, ზოგს სესხი აქვს გამოტანილი, ზოგიც სესხს ელოდება, არავის უნდა პირადი ურთიერთობის გაფუჭება ბანკებთან… ჩვენში საინვესტიციო ბანკინგი, კერძოდ, ვენჩურული კაპიტალის ფირმები (მაღალრისკიანი კაპიტალით ოპერირებენ) რომ მუშაობდნენ, რამდენი ბიზნესი საწყისშივე წელში გაიმართებოდა. ჩვენში არსებული რეალობა ისაა, რომ ახლად დაარსებული კომპანიისთვის, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე დიდ საფრთხეს არა ბიზნეს რისკი წარმოადგენს, არამედ ბანკი, რომელსაც ქონება ჩაუდეს მისგან კაბალური სესხის მიღების სანაცვლოდ. ბევრი ბიზნესი გაკოტრდა, არა ბაზარზე არსებული კონკურენციის თუ თვითონ ბიზნესის გაუმართაობის გამო, არამედ ბანკის ქმედებისა თუ განუკითხაობის გამო.

ვინც გადარჩა პირველ ორ წელიწადს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბანკთან ბიზნეს-ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ხოდა, ასეთი ვითარების ფონზე კიდე იძახიან რომ ჩვენში თუ რამე მუშაობს, ესაა “განვითარებული” საბანკო სისტემა????თუ ასეთი კარგია, დანარჩენი ეკონომიკა რატომაა ესოდენ სუსტი? რატომაა ამდენი უმუშევარი?? რის თქმა უნდათ, რომ ბანკები ცალკე და ეკონომიკა ცალკე?? ამის თქმა უნდათ?? ვენჩურული ფირმების მუშაობის ნაცვლად, მთავრობაა იძულებული სპეციალური პროგრამები შეიმუშაოს მცირე სკალით, რომ ინოვაციების განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვერ იქნება გამოსავალი.

 

ავტორი: გიორგი ჩხუბიანიშვილი