რა ბედი ელის შპს “საფინანსო კომპანია საქართველოს” მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს

0
28
რა ბედი ელის შპს

შ.პ.ს. “საფინანსო კომპანია საქართველოს’’ ფინანსური პრობლემების გამო 6000-მდე მოქალაქისგან 30 მილიონამდე დოლარის ოდენობით აღებულ თანხას ვეღარ აბრუნებს. დაყადაღებულია კომპანიის მოძრავი ქონება, მეანაბრეები კი კომპანიის ფაქტობრივ მეპატრონეს მერაბ ფერაძეს უჩივიან. კომპანია ამ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა. რაც ეროვნულმა ბანკმა მისი კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება მოახდინა. კომპანიას აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და დაუწესდა აკრძალვა ნებისმიერი სახის მომსახურებაზე. რაც შეეხება ვალდებულებებისა და სესხების გასტუმრებას ამ მიმართულებით კომპანიას არანაირი აკრძალვა არ აქვს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელს არჩილ კაიკიაციშვილს ვესაუბრეთ:

– არის თუ არა კომპანია “საქართველოს’’ მაგალითი ფინანსური პირამიდის ნიშნების მატარებელი?

– საკითხი კომპლექსურია და კონკრეტულიც, შესაბამისად, თქვენი კითხვა ანალიზს მოითხოვს, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დიახ, ეს ჰგავს 90-იანი წლების იმ ფინანსური პირამიდის ერთგვარ გაგრძელებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ერთი კომპანიის სახით იხილა. ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის განცხადებაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა მომხმარებლებს სიფრთხილისკენ და სწორედ პირდაპირ იყო ტერმინი გამოყენებული ეროვნული ბანკის განცხადებაში ფინანსური პირამიდის თაობაზე. ბუნებრივია, როდესაც არსებობს ძალიან დიდი თანხის მიმართ ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, კომპანია ხდება გადახდის უუნარო. თუ  კომპანია აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ რომელიმე ერთი პოზიცია დააფიქსიროს და მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დავა სამართლებრივი გზით დაიწყონ.

– ეროვნულმა ბანკმა თავის ოფიციალურ განცხადებაში გააკეთა განმარტება, რომ მან არაერთხელ გაუგზავნა კომპანიას როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი გაფრთხილება, რომ მათ შეეცვალათ ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული ორგანიზაციის პოლიტიკა. ხსნის თუ არა ეს იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს შეიძლება ეკისრებოდეს?

– ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა და ეს პასუხისმგებლობა რამდენიმე ნაწილად უნდა დაიყოს. პირველი,  რამდენად ჯეროვანი იყო გამოხმაურება და კანონის თანახმად, ეს პასუხისმგებლობა რამდენად შემსუბუქებულია ეროვნული ბანკის მიმართ. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი სამართლებრივი ქრონოლოგიით და აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა კვალიფიციურ სუბიექტად მიკროსაფინანსო კომპანია “საქართველო’’ აღიარა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ხოლო 5 ოქტომბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით მიღებულ იქნა აკრძალვების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც კონფიდენციალურია. 3 და 4 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა მეანაბრეების პროტესტის ფონზე გააკეთა განცხადება ფინანსური პირამიდის თაობაზე და იმის თაობაზე, რომ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. ბუნებრივია კანონის თანახმად, როდესაც ესა თუ ის კომპანია, კვალიფიციურ სუბიექტად რეგისტრირდება ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზაში,  მოცემულ შემთხვევაში მიკროსაფინანსო კომპანია “საქართველო’’, ეროვნული ბანკის ჩარევა იყო მყისიერი, როდესაც არჩევნები დაწესდა. ბუნებრივია ეროვნულმა ბანკმა იცოდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეროვნულ ბანკს უფრო ადრე უნდა მოეხდინა მოსახლეობის ინფორმირება ვიდრე ეს 5 ოქტომბერს შეძლო.

– ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათ რამოდენიმე განცხადება გააკეთეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, იყო თუ არა ეს განცხადებები საკმარისი და მეორე მხრივ ჩვენ სახეზე გვყავს დაზარალებულები მეანაბრეების სახით. თუ ეროვნულმა ბანკმა წინასწარ იცოდა ამ გადაწყვეტილებას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაშინ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და არსებობდა თუ არა სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

– ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიმართულია უწინარესად იქეთკენ, რომ მოსახლეობაში სიცხადე შევიდეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ადრე უნდა გაეკეთებინა განცხადება არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 5 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა არ გააკეთა ოფიციალური განცხადება, ეროვნული ბანკის საიტზე 5 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული იყო ლინკი, საიდანაც გადადიოდი კახეთის საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

– შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ამას კრიმინალი რასაც საფინანსო კომპანია საქართველო აკეთებს ამ შემთხვევაში?

– ბუნებრივია, დიდია მედიის ინტერესი ამ საკითხებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, რომ მედია განსაკუთრებით ფრთხილი იყოს ყველა გამონათქვამში, რადგანაც წინ არის ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლება. რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანები დარჩნენ დანაზოგის გარეშე ეს არის დანაშაულის შემცველი ქმედება და ამის თაობაზე ეროვნულმა ბანკმა უკვე მითითება გააკეთა ფინანსურ პირამიდასთან მიმართებით და ასევე პროკურატურაში შესულია მოქალაქეების არაერთი საჩივარი. ახლა კი საჭიროა სწორი აქცენტების გაკეთება, რათა არ მოხდეს ის რაც 90-იან წლებში მოხდა. პირველი, კომპანიამ თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით უნდა გააკეთოს საჯარო განცხადება ფინანსური ვალდებულებების გადახდასთან დაკავშირებით, ან გააკეთოს განცხადება, რომ ის გადახდისუუნაროა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიწყება გაკოტრების პროცესი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაფიო გახადოს თავისი პოზიცია და დამოკიდებულებები. არა ის, რაც განცხადებებით მოვისმინეთ და არა ის, რაც კანონის თანახმად თითქოსდა მათი რეგულირების სფერო არ არის. როდესაც ქვეყანაში ხდება ასეთი მნიშვნელოვანი საფინანსო მოვლენა და ეს სუბიექტი უკვე კვალიფიციურ ინსტიტუტად არის აღიარებული, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე მნიშვნელოვანი გარემოება, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის აუცილებელი და სწრაფი მოქმედებების სფერო, როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღოს მოქალაქის უფლებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლო აჭიანურებს ცალკეული მოქალაქეების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიჩნდება სერიოზული ვარაუდი, რომ რომელიმე მოსამართლე დაკავშირებული იყოს საფინანსო კომპანია საქართველოს დამფუძნებლებთან.

– რეალურად, სებ-ის ამ გადაწყვეტილებას ორი კატეგორიის დაზარალებული მომხმარებელი ყავს. სოფელ აფენში გაიმართა მერაბ ფერაძის მხარდამჭერი აქცია და ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ ერთადერთი საავადმყოფო, რომელიც სოფელში ფუნქციონირებდა დახურვა ემუქრება იმის გამო, რომ ეს საფინანსო კომპანია აღარ ფუნქციონირებს. აგრეთვე არსებობს მრავალი დაზარალებული მეანაბრე. როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, კანონი ვის მხარესაა?

– საკმაოდ რთული მდგომარეობაა და სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონი მისი აღმასრულებელი ინსტიტუტების მეშვეობით, ეს იქნება პროკურატურა თუ სასამართლო. იმ შემთხვევაში თუკი მეანაბრეების ან დაზარალებული გამსესხებლების საჩივრები შევა აღნიშნულ ორგანოებში, ბუნებრივია, კანონის თანახმად, პირველყოვლისა უნდა დაკმაყოფილდეს ის მოქალაქეები, რომლებსაც ასეთი მოთხოვნის უფლება სამართალწარმოების გზით წარმოეშობათ. ის ბიზნესები, უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელიც კომპანიასთან დაკავშირებული მფლობელების სახელზე ირიცხება, დღეს ნაწილი დაყადაღებულია ან იპოთეკაშია უზრუნველყოფა მიქცეული. აქედან გამომდინარე, მე მესმის მოსახლეობის წუხილი, რომ ისინი შრომითი უფლებების გარეშე დაუცველები რჩებიან.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ფინანსურ გაუნათლებლობასთანაც მივდივართ ამ აღნიშნული შემთხვევიდან გამომდინარე. თავად მოქალაქეების პასუხისმგებლობას არ ხედავთ?

– დიახ, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ საფინანსო კომპანია “საქართველო’’, ამ სახელწოდებით რეგისტრირებულია ორი იურიდიული სუბიექტი და მე მაქვს ორთავეს შესახებ ინფორმაცია და ორთავესთან დაკავშირებით დირექტორი არის თამაზ ლობჟანიძე, ვის მიმართაც პრეტენზიები გააჩნიათ მოქალაქეებს. ერთ შემთხვევაში მესაკუთრეა თამარ მეტრეველი და მეორე შემთხვევაში კი მესაკუთრეა ლამარა ფერაძე. ერთ ერთი მათგანი რეგისტრირებულია 2008 წელს, მეორე კი 2013 წელს. ამ ორი სუბიექტიდან გამომდინარე, რომელია კვალიფიციურ სუბიექტად აღიარებული? ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ და ეროვნულ ბანკს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებია მომხმარებლებისთვის. აღმოჩნდა რომ არსებობს ერთი და იგივე ორი კომპანია, რომლის მესაკუთრეებიც ერთი და იგივე წრიდან არიან. აქ თავად ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ტერმინი ფინანსური პირამიდის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს არის თაღლითობის მუხლი, გამოძალვა და ეს სისხლის სამართლის დანაშაული.  მინდა ეროვნულ ბანკს ვთხოვო გააკეთოს განმარტება, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ფრთხილი იყოს აღნიშნულ კომპანიასთან ურთიერთობაში. სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დაიწყოს დავები, რადგან მოქალაქეებმა, რომლებმაც 5 ოქტომბრის შემდგომ “საფინანსო კომპანია საქართველოსთან’’ გააფორმეს ხელშეკრულებები და ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე კომპანიას ევალებოდა რომ სირთულეებთან და რისკებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირება მოეხდინა. ყველა ასეთი ხელშეკრულება  უნდა განვიხილოთ როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულება, რაც ბათილია.

ლევან ლაგვილავა