„ფინანსური პირამიდების“ დახვეწილი ფორმით დაბრუნება თუ ეკონომიკური კრიზისი

0
36
„ფინანსური პირამიდების“ დახვეწილი ფორმით დაბრუნება თუ ეკონომიკური კრიზისი
რამდენად დაცული ვართ „ფინანსური პირამიდებისაგან“

ფინანსური დანაზოგის გაკეთება და შემოსავლების გაზრდა, ალბათ, თითოეული მოქალაქის სურვილია. ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად ისინი სხვადასხვა გზას მიმართავენ. ფინანსური შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა ანაბარი, როლმებსაც ისინი ანთავსებენ სხვადასხვა კომერციულ ბანკებსა თუ საფინანსო კომპანიებში. ხშირად კი, როცა მოქალაქე ანთავსებს ანაბარს ისეთ საფინანსო კომპანიებში, რომლებსაც არ არეგულირებს ეროვნული ბანკი, ხოლო მომხმარებლის მოზიდვას მაღალი საპროცენტო განაკვეთით ცდილობენ, დგება რისკი როცა მოქალაქე შესაძლოა ე.წ. „ფინანსურ პირამიდაში“ გაებას.

საქართველოში ეჭვს ე.წ „ფინანსური პირამიდები“-ს არსებობის შესახებ კიდევ ერთხელ ამძაფრებს ქეისი, რომელიც გასული კვირის მანძილზე საკმაოდ აქტუალური იყო. კერძოდ,  „საფინანსო კომპანია – საქართველოსა“ და იმ მოქალაქეებს შორის დავა, რომლებთაც ანაბარი აქვთ გახსნილი მოცემულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. მოქალაქეების ნაწილი კერძო საფინანსო კომპანიას უპირისპირდება.

მეანაბრეების განცხადებით უკვე 2 თვეა ანაბარზე დარიცხული პროცენტის გადახდას ითხოვენ და მათი ნაწილი ამბობს, რომ ხელშეკრულების დასრულების მიუხედავათ  ვერ ახერხებენ კუთვნილი თანხის დაბრუნებას. მეანაბრეებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანის ფინანსური პრობლემები აქვს და მათთვის დასაბრუნებული თანხა აღარ გააჩნია.

მეანაბრეები „საფინანსო კომპანია – საქართველოს” ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ. კომპანია ,,საქართველოს” რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს, საკმაოდ მაცდური შემოთავაზებით გამოირჩევა ბაზარზე. კერძოდ,  „საფინანსო კომპანია საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე დიდ %-იან მოგებას საქართველოს მაშტაბით.  წლიური სარგებელი წლის ბოლოს გატანით შეადგენს 33%-ს. ექვსი თვით- 28%, სამი თვით-25%. ყოველთვიური სარგებლის გატანით – ვადები: ოთხი თვიდან ერთ წლამდე – წლიური 25%. მიკროსაფინანსოს 400-მდე მეანაბრე ჰყავს.

სპეციალისტების ნაწილი ეჭვობს, რომ ფინანსური პრობლემა ე.წ. პირამიდის გამო შეიქმნა. არაოფიციალური ინფორმაციით, სადავო თანხის რაოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

საგადასახადო და ბიზნეს სამართლის ექსპერტის აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით აღნიშნული კომპანიის საკრედიტო დავალიანებები ეროვნულ ბანკის ანგარიშებში არ ჩანს.

„თუ კომპანიას თანხები არ გააჩნია და ეს თანხები აკუმულირებული არ არის გარკვეულ აქტივებში, ცხადია, ასეთ შემთხვევაში დეფოლტი გარანტირებულია. ეროვნულმა ბანკმა გარკვეულ წილად თავიდან აიცილა პასუხიმსგებლობა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“-თან მიმართებაში არსებულ კითხვებზე და ის მხოლოდ განცხადებების გავრცელებით შემოიფარგლა. ეროვნულმა ბანკმა კომპანია აიყვანა აღრიცხვაზე, როგორც კვალიფიციური ფინანსური სუბიექტი. კომპანია უნდა მოქცეულიყო ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციების ქვეშ, რათა ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოება მომხმარებლისთვის გარკვეულწილად ხელმისაწვდომი და გარანტირებული ყოფილიყო “ – აცხადებს ექსპერტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ყოველთვის არსებობს ფინანსური პირამიდის რისკი, რომელიც ერთ დღეს შეიძლება დაიშალოს.

„არ არის დასჯადი პირამიდა ბიზნესის წარმოება საქართველოში. უნდა დავფიქრდეთ ვის ვანდობთ ჩვენს დანაზოგს, ის რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთია შეიძება თვალს და გულს უხარია და ჯიბესაც უხარია გარკვეული დროით, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ეს სქემა გასკდეს“ – აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ეკონომიკის ექსპერტს ლია ელიავას მიაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს მთელი საფინანსო სექტორის რეგულირება საკუთარ თავზე უნდა აეღო.

„ეროვნულ ბანკს კეთილი უნდა ენება და მთელი საფინანსო სექტორის რეგულირება უნდა აეღო საკუთარ თავზე. არ შეიძლება დაშვება იმისა, რომ გაურკვეველი წარმოშობის შეზღუდული პასიხუსიმგებლობის საზოგადოებებმა აიღონ მოსახლეობისგან ანაბრები“ – აცხადებს ელიავა.

თავის მხრივ კი ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს, რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, “ფინანსური პირამიდის” ნიშნებსაც ატარებს.

“საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის, ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

შპს „საფინანსო კომპანია – საქართველო“, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 481-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად აღიარებული იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და ანაბრების მოზიდვა საერთოდ შეუზღუდა.

ავტორი:  ბაჩანა ჯინჭარაძე