„m2 უძრავი ქონება“ შშმ პირებისთვის საოჯახო სახლს ააშენებს

0
29
„m2 უძრავი ქონება“ შშმ პირებისთვის საოჯახო სახლს ააშენებს

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის საოჯახო სახლს ააშენებს.

ამასთან დაკავშირებით კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გააფორმა.

სახლი მორგებული და ადაპტირებული იქნება მათ საჭიროებებზე.

ჯანდაცცვის სამინისტროს ცნობით, მცირე საოჯახო სახლისთვის უკვე გამოიყო მიწა დიღომში. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა. სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, გატარდა რეფორმები, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

„ასეთი ინიციატივები კარგი პრაქტიკაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის. ეს პირველი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ- როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

წყარო: BPI