“ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ფუნდამენტურ საკითზებზე საუბარი, შეუძლებელია”

0
85
“მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პრობლემაა, – თუ არსებობს პოზიტიური ტენდენციები, ხალხმა ეს აუცილებლად უნდა გაიგოს”

ეროვნული ვალუტა კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. ამ დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მონაცემებით 2.407-ს შეადგენს. რა სჭირს ლარს და რა ფაქტორებით არის ეს მოვლენები განპირობებული, –  საკითხზე ტელე-გადაცემა “ბიზნესკონტრაქტს” ეკონომიკის ექსპერტი მერაბ კაკულია ესაუბრა.

– პირველ რიგში, ვისაუბროთ ტრანზაქციების შესახებ. სექტემბრის შემდეგ მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ამბობდა, რომ ერთჯერად მსხვილ ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი, აქ არ იყო ფუნდამენტური ფაქტორები და მხოლოდ ამის გამო უფასურდებოდა ლარი. როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დასახელებულ მიზეზს?

– ბუნებრივია, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ყველაზე მსხვილმა ტრანზაქციამ, “თი ბი სი ბანკის” მიერ ბანკი “რესპუბლიკას” შეძენამ, შექმნა გარკვეული დაძაბულობა ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტრანზაქცია ნებადართული და სანქცირებული იყო სახელმწიფო ორგანოების მიერ, მე ვფიქრობ, რომ ამ ტრანზაქციის უფრო ორგანიზებულად ჩატარება შესაძლებელი იყო, რათა მისი გავლენა ბაზარზე ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. სამწუხაროდ, გაკეთდა მხოლოდ ზოგადი განმარტებები. არ დასახელებულა, – რა ზომის იყო ეს ტრანზაქცია, როდის დაიწყო, როდის დამთავრდა. ბაზრის ოპერატორებისთვის ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნებოდა.

ფაქტია, რომ ამ გარიგებამ შექმნა გარკვეული გაუგებრობა ბაზარზე და როგორც ყოველთვის ხდება, გაუგებრობა გადაიზარდა უარყოფით მოლოდინებში. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება, მე რამდენადაც ვიცი ერთი, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები, თუმცა, მაინც საკმაოდ მსხვილი ტრანზაქცია ახლაც მიმდინარეობს ბაზარზე და სრულიად შესაძლებელია მანაც იქონიოს გარკვეული გავლენა. სამწუხაროდ, ჩვენი სავალუტო ბაზარი ოდითგანვე მიდრეკილი არის პანიკის მიმართ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა მფლობელობაში ლარი და ახლო მომავალში საჭიროებდა ამ ლარის კონვერტირებას, სასწრაფოდ მიმართა სავალუტო ბაზარს.

მე მინდა ყურადღება გავამახვილო ფუნდამენტურ ფაქტორებზე. თუმცა, როდესაც ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ ჩემი, როგორც ეკონომისტის, აზრით დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებზე მიმდინარე ინფორმაციას არ ვფლობთ, ვგულისხმობ ანალიტიკოსებს, რომლებიც ამ საკითზე მუშაობენ და ზოგადად ფართო საზოგადოებას. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კურსწარმოქნაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მაგალითად საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნახევარი წლის, მესამე კვარტლის მონაცემებიც არაა ჯერ-ჯერობით ცნობილი და იმ ნახევარი წლის განმავლობაშიც ჩანს, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დეფიციტი გაგვეზარდა. ეს აძლიერებს იმის ალბათობას, რომ მესამე კვარტალშიც გაგრძელდეს ეს ტენდენცია. მეორე ძალიან საინტერესო ინფორმაცია შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს. აქაც გვაქვს მხოლოდ პირველი ორი კვარტლის მონაცემები. ასე, რომ ფუნდამენტური ფაქტორების პოზიტიურობაზე გადაჭრით საუბარი შეუძლებელია. ამას დამატებითი ღრმა ანალიზი სჭირდება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც არ არის დასაბუთებული შესაბამისი მონაცემებით. როდესაც, საუბარია ლარის კურსის სტაბილურობაზე, ან უფრო მეტი ლარის გამყარებაზე, ამის დასასაბუთებლად საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია და მყარი არგუმენტები, მათ შორის სტატისტიკური მონაცემებიც.

– ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებზე ისაუბრა. მათ შორის სტატისტიკურ მონაცემებზე და ზოგად მოლოდინებზე, შესაბამისად აღნიშნა, რომ ის ელოდება ლარის დასტაბილურებას. რას უნდა ელოდოს საზოგადოება?

– მან ასევე ახსენა მიმდინარე ანგარიში დეფიციტი, რომელიც ბოლო თვეებში შემცირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტატისტიკას სწორედ ეროვნული ბანკი აწარმოებს, ალბათ ეს ასეც არის და გვაქვს შემცირების ტენდენცია, რაც ლარის კურსის დინამიკისთვის სამომავლოდ დადებითი მოვლენაა. რა შეეხება წინასაარჩევნო მოლოდინებს. რატომღაც ჩაითვალა, რომ არჩევნებამდე ლარის კურსს ხელოვნურად ინარჩუნებდნენ და შემდგომ ლარი კვლავ გაუფასურდებოდა. ის, თუ რატომ გაკეთდა ინტერვენციები, ბატონმა კობამ ძალიან კარგად ახსნა. ინტერვენციები გაკეთდა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა კონიუნქტურულ გადახრებს, სწორედ ახლა დასახელდა პირველად სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ტრანზაქციებით, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, რატომ წარმოიშვა ასეთი მოლოდინი გაუგებარია. ალბათ, მაინც არსებობს გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა საზოგადოებაზე და ხელისუფლებას შორის. გაუგებარია, თუ არსებობს პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ჩამოყალიბებულ სახეს იძენს, რატომ არ უნდა გაიგოს ეს საზოგადოებამ.

-კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საგარეო შოკების შემცირებას. ამ მიმართულებით რა ვითარება გვაქვს?

– რა თქმა უნდა, საგარეო შოკები, 2014-15 წლის მოვლენებთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა, დოლარი კვლავ განაგრძობს სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარებას და ეს ძალიან ყურადსაღები ფაქტორია. მოგეხსენებათ, დოლარის კურსის ცვლილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდა, რაც უკვე საკმაოდ რეალურია. დღეს აშშ-ში მოვლენების ასე განვითარების ალბათობა 76%-ია. ანუ შესაძლოა დოლარში დენომინირებულ აქტივებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს, ეს გამოიწვევს დოლარზე გლობალური მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას. თუმცა, ამ მოვლენაზე გადაჭარბებით საუბარი არ ღირს, რადგან, ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ინტერვიუში, რომელიც მე დეტალურად გავარჩიე, აცხადებს, რომ რაიმე ექსტრემისტული და მკვეთრი ნაბიჯების ერთბაშად გადადგმას არ აპირებს. ეს პროცესი გაგრძელდება და შეიძლება ითქვას რომ უკვე აისახა დოლარის კურსზე გლობალურ ბაზარზე. არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდება, თუმცა არაფერია გამორიცხული.

– და ბოლოს, როგორია თქვენი მოლოდინები, გაგრძელდება თუ არა გაუფასურების ტენდენცია, რა გავლენას იქონიებს იგივე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის გაუმჯობესება, საგარეო შოკების შესუსტება, ბიუჯეტი ხარჯვა?

– ბიუჯეტის ხარჯვა, თუნდაც დეფიციტური ხარჯვა წლის ბოლოს ბუნებრივი მოვლენაა, იყო და ალბათ იქნება კიდეც. მაგრამ, თუ ფისკალური ციკლი სწორად დაიგეგმება, ამან განსაკუთრებული ზეგავლენა არ უნდა იქონიოს გაცვლით კურსზე. 

სამომავლო მოლოდინებს რაც შეება, ჩვენ გადაჭრით პროგნოსის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ. იქნება ეს პოზიტიური პროგნოზი თუ ნეგატიური. ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან, რაიმე დიდი საშიშროება არ ჩანს. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკა იმდენად ვოლატილური გახდა და მაკროეკონომიკური პოლიტიკა იმდენად ასიმეტრიულად მიდის ევროკავშირსა და ამერიკაში, რომ პროგნოზის გაკეთება, ჩემი აზრით, უადგილოა. რყევების მასშტაბების შესახებ საუბრისგან მე თავს შევიკავებდი.

მოამზადა გიორგი კაპანაძემ