“თიბისი გალერეაში” ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

0
17
“თიბისი გალერეაში” ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ქრონოლოგიურად და ჟანრების მიხედვით არის დაყოფილი, კერძოდ: ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია. კატალოგში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ 6-11 წლის ასაკში ფანქრითა და ტუშით შესრულებული ნამუშევრები, ასევე ილუსტრაციები, რომლებიც ფრანგულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნისთვის“, „დათა თუთაშხიასთის“ და სხვა ნაწარმოებებისთვის შეიქმნა. ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, „თიბისი გალერეაში“ რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 10-ზე მეტი ნამუშევარი – გრაფიკული და ფერწერული ტილოები არის წარმოდგენილი. ნამუშევრების ნაწილი დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო გალერეებსა და კოლექციებში, მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში. მხატვრის ნამუშევრებს პირად კოლექციებში ინახავენ მარგარეტ ტეთჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი, ტონინო გუერა, რიჩარდ მაილსი, ფაბრიციო რომანო და სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ალბომი ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. კატალოგი საქართველოს მასშტაბით მდებარე წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს „თიბისი გალერეაში“ 27 ოქტომბრამდე (15:00 საათამდე) შეეძლება.