“გმადლობთ, ბატონო ლევან”

0
81
ბათუმელი მოქალაქის მადლიერება ლევან ვარშალომიძისადმი

ბათუმელი ფეისბუქ მომხმარებელი მევლუდ დიასამიძე ფეისბუქ გვერდზე აჭარის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს მიმართავს. ჩვენთვის ძნელია იმის თქმა, რომ “მევლუდ დიასამიძე” ამ პროფილის პატრონის რეალური სახელი და გვარია თუ არა. თუმცა ჩვენი ახლო წარსულის მცოდნისთვის ისტორია მართლაც რეალისტური და შთამბეჭდავია.

მევლუდ დიასამიძე ლევან ვარშალომიძეს მიმართავს:

“გამარჯობა ლევან, ოი, უკაცრავად, მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ და თქვენო ბრწყინვალებავ, ბატონო ლევან! მოგესალმებით და უღრმეს მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დღეს დილით, როდესაც გაღვიძებულმა კიდევ ერთხელ დავწყევლე საკუთარი გაჩენა და დაბადების დღე, კარზე კაკუნის შემდეგ, კარში თქვენი მისალოცი ბარათი ვიხილე. საქართველოს დროშის ფერებში აჭრელებულ მისალოცზე, რომელზეც მრავლადაა აღბეჭდილი თქვენი საყვარელი 5-იანი (თქვენ ხომ ალბათ სკოლაშიც სულ ხუთოსანი იყავით, ალბათ არტეკშიც ისვენებდით, ხუთიანზევე ასრულებდით თქვენი ბატონის დავალებებს, 5-იანზე ფცქვნიდით და ყვლეფდით თქვენთვის არასასურველ ბიზნესმენებსა თუ უბრალო მოკვდავებს, დიახ, ჭეშმარიტად 5-ანი ბრძანდებით) და რომელიც უფრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ლიფლეტს გავს, თქვენი გულითადი სურვილები აღმოვაჩინე: „მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს და დღეგრძელობას გისურვებთ! მიიღეთ ჩვენი პატივისცემა და კეთილგანწყობა. საუკეთესო სურვილებით, მუდამ თქვენს სამსახურში – ლევან ვარშალომიძე“ და ბოლოს თქვენი მეფური ხელმოწერა!


თვალები მოვიფშვნიტე, ხომ არ მესიზმრება თქო, ისევ დავხედე, ტექსტი იგივეა, არაფერი შეცვლილა…


უცებ ბედნიერებისგან გამინათდა თვალები და თვალებთან ერთად გონებაც გასხივოსნდა! ჰოი საოცრებავ, ჰოი ღმერთებო, ეს ის არის, ის, თვით ბატონი ლევანი, რომელიც მე მილოცავს დაბადების დღეს! უცებ გასხივოსნებული გონება უცებვე ჩაქრა, თითქოს ვიღაცამ მეცხრე ბლოკივით გამორთო, გაქრა სიხარულიც, ბედნიერებაც და გონებამ კინოფირივით უკან გადახვევა დაიწყო, დაიწყო და მილოცვის ტექსტის პარალელურად ამოტივტივდა ყველაფერი…


ბატონო ლევან, პირველი რაც მისურვეთ მშვიდობა იყო, მშვიდობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს წამართვით მეც და ჩემს ოჯახსაც – არა, ამაში თქვენ რა წვლილი მიგიძღვით, თქვენ ხომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის გააკეთეთ, ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციით, მე ნულზე დამსვით, სამაგიეროდ იმ ერის შვილი, რომელსაც თქვენ საკუთრად მიიჩნევთ (ჩვენ და თურქები ვართ ერთი ხალხი ორ ქვეყანაშიო, ასე ბრძანეთ), გააბედნიერეთ, გააბედნიერეთ სულ რაღაც ერთ ლარად (ასე 1 ლარად იმდენი გააბედნიერეთ, ამ სიკეთის მქმნელს რაღა მოგკლავთ)! ღმერთმანი, სულ რაღაც ერთი ლარი აიღეთ (აფსუს, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, თუმცა ხანდახან 1=33-ს), ეს ხომ სახელმწიფოს სჭირდებოდა, იქ ხომ უდიდესი ინვესტიცია უნდა შემოსულიყო (უნდა შემოსულიყო, მაგრამ…), სადაც თქვენ რაღა თქმა უნდა არანაირი ინტერესი არ გქონდათ, არა, ეს თავშიც არ გამივლია, როგორ გეკადრებათ, თანაც ის ინვესტორი ხომ ჩვენიანია, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, უბრალოდ ორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ძმისათის ხელის გამართვა ხომ ჩვენთვის ამომავალი რამაა.


მართალია თავიდან ამას ვერ ვხვდებოდი, მე უგუნური ყველანაირად შევეცადე გამეპროტესტებინა, სულელი, გამოვედი და ვყვიროდი, წამართვეს, მომტაცეს, კანონი დაარღვიეს… მადლობა ღმერთს, რომ უცებ გამოჩნდნენ თქვენი სამხრეებიანი მეგობრები და ხელის ერთი მოქნევით… გამინათეს გონება… ჩემი მშვიდობა იქ დამთავრდა!


მეორე რიგში ჯანმრთელობას მისურვებთ ბატონო ლევან… მამელუქივით ბუნდოვნად მახსოვს ამ სიტყვის მნიშვნელობა… არა და ისეთი ჯანმრთელი ვიყავი, თქვენი მეგობრები „გონებას რომ მისხივოსნებდნენ“, სულ ასე გასძახოდნენ, – „რა ჯანი აქვს ამ დედა მოტყ…სო“!!! ასე დადებითად ჩემი ჯანი კიდევ ბევრჯერ მოიხსენიეს, ჯერ აქ, ადგილზე, შემდეგ დედაქალაქში რომ წამიყვანეს ექსკურსიაზე… მართალია შიგადაშიგ მაკიაჟის ხელოვნებასაც მაზიარებდნენ თქვენი მეგობრები, განსაკუთრებით სასამართლო პროცესების წინ, თუმცა ნელ-ნელა სულ უფრო ნაკლებად ისმოდა ეს სიტყვები, – „რა ჯანი აქვს ამი დედა მოტყ….“-ო, მალე ყველაფერი „არ შემოგაკვდეთ ეს ჭირიანი, ამის დედაც მოვსტ…-ო“-ში გადაიზარდა… ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი კი არა და ტუბერკულიოზი რომ დამრჩა, ღმერთებმა ჩემი ლოცვა ისმინეს და მართლაც შემეყარა ეს ჩემს მიერ ასე ნანატრი სენი, – სურვილებშიც ფრთხილი უნდა იყოთ ბატონო ლევან, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ყველაფერი აგიხდეთ… ჰო, მადლობა ჯანმრთელობა რომ მისურვეთ, უცებ წარსულში გადამაგდო თქვენმა სურვილმა და ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოც კი გამომსტყუა…


იმდენად დაუნდობელი ხართ კეთილ სურვილებში, რომ სიკეთე მისურვეთ კიდევ ბატონო ლევან… ოღონდ ჯერ არ ვიცი რომელს გულსიხმობთ, მატერიალურს თუ უბრალოდ ადამიანურს… მატერიალურის რა მოგახსენოთ, სხვის ადამიანურ სიკეთეზე ვარ დამოკიდებული ხელგაწვდილი, ყოველ დღე. არა, არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ, რას ლაპარაკობთ, როგორ გეკადრებათ. ალბათ თქვენი ნასურვები სიკეთის გამოა ხალხი რომ გულუხვად იღებს ხურდა ფულს ჩემთვის. მართალია ჩემი სახის დანახვის შემდეგ შორს მივლიან გვერდს, თუმცა დღის ბოლოს იმდენს მაინც ვშოულობ, რომ თქვენი სადღეგრძელო დავლიო… პირველად ასე შეშინებულებმა რომ ამიარეს გვერდი, სახლში მისულმა სარკეში ჩავიხედე და … ნუ გეშინიათ ბატონო ლევან, მე ასე ადვილად არ ვშინდები და ის სახეც, რომელიც სარკიდან მიმზერდა და ეს ჩემი უშიშარობაც თქვენი დამსახურებაა და უღმესი მადლობა ამისათვის…


დღეგრძელობაზე აღარ შევჩერდები, ეს ხომ თქვენც სადღეგრძელოს პრინციპში ჩასვით თქვენს მილოცვაში და მეც და თქვენც ხომ კარგად ვიცით, რომ ჰა ჰა, კიდევ ერთი წელი და ყველაფერი დასრულდება და ესეც თქვენი დამსახურებაა – ახალგაზრდა ასაკში მივალ ღმერთთან! ამაზე კარგს კი ადამიანი ადამიანს ვერ გაუკეთებს და ესეც თქვენი დამსახურებაა ბატონო ჩემო!


მინდა დაგამშვიდოთ და გაგახაროთ, სრულად მივიღე თქვენი „პატივისცემაც და კეთილგანწყობაც“! თქვენ გაიხარეთ ისე, როგორც მე გამახარეთ! მართალია ეს „პატივისცემა და კეთილგანწყობა“ უფრო ისე ჟღერს, როგორც „გვახსოვხარ და იცოდე, დედას მოგიტყ…თ“, თუმცა ეს არაფერი. თქვენ ხომ ამ „პატივისცემითა და კეთილგანწყობით“ უამრავი ბათუმელი თუ ზოგადად რეგიონის მკვიდრი დააჯილდოვეთ! თქვენი კარის მეზობლებიდან დავიწყოთ, ურჩ ნათსავებზე თუ მეგობრებზე გადავიდეთ, ბიზნესმენებზე და უბრალოდ პოლიტიკურად მიუღებელ ხალხზე ხომ საუბარიც ზედმეტია! მაგრამ ეგ არაფერი, თქვენ ხომ თავად პასუხობთ ასეთი კითხვების დასმის შემდეგ, „სამაგიეროდ ჩვენ აქ აღმშენებლობით ვიყავით დაკავებულიო“, და მართალიც ხართ, აბა რა ლევან აღმაშენებლის ბრალია თუ ვიღაცეები ამ აღმშენებლობით დაზარალდნენ? რუსული გამოთქმის არ იყოს: лес рубят — щепки летят…
თქვენს მიერ „პატივცემული და კეთილგანწყობილი“ ხალხის სახელი ლეგიონია ბატონო ლევან, ლეგიონი, რომელსაც ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, ძალიან კარგად თქვენო აღმატებულებავ, თქვენო უბრწყინვალესობავ და თქვენო ულამაზესობავ!


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოლოცვისა და სურვილებისთვის!!!


მუდამ თქვენი და თქვენს მიერ განადგურებული აჭარის მკვიდრ(ნ)ი!!!


P.S. 2004-დან 2012 წლამდე რატომ ერთხელაც არ მომილოცეთ ბატონო ლევან?


ან 2012-დან 2016-მდე, სანამ აქ არ ბრძანდებოდით, მაშინ რატომ არ გაგახსენდით? ბავშვობიდან ვაგროვებ უცხოურ მარკებს, ძალიან გამეხარდებოდა ან თურქულ ან კიდევ უკრაინულ მარკიანი კონვერტის ხილვა!” – წერს მევლუდ დიასამიძე.