თბილისის მერია სააკაძის მოედანზე შუქნიშნების გამორთვას არ აპირებს

0
29
თბილისის მერია სააკაძის მოედანზე შუქნიშნების გამორთვას არ აპირებს
თბილისის მერია სააკაძის მოედანზე შუქნიშნების გამორთვას არ აპირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დადგმის შემდეგ საცობების წარმოქმნასთან დაკავშირებით.

როგორც დედაქალაქის მერმა საუბრისას აღნიშნა, სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა მოძრაობა გარკვეულწილად მოაწესრიგა. თუმცა, არის ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც პიკის საათების დროს მოძრაობა ინტენსიურია და ამის გამო ფერხდება.

ნარმანიას თქმით, სპეციალისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაძის მოედანზე განლაგებულ შუქნიშნებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ და მათ გარკვეული კორექტირება მოახდინეს. კერძოდ, შუქნიშნების დრო განსხვავებულად განისაზღვრა მას შემდეგ, რაც ქალაქი ავტომობილებით დაიტვირთა.

„მნიშვნელოვანია, რომ ავარიები არ ხდება, იქ ყოველდღიურად ავარიები ხდებოდა და ამ თვალსაზრისით ძალიან მოწესრიგდა მდგომარეობა. იქ არც ერთი ავარია ბოლო ორი თვის განმავლობაში არ მომხდარა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოძრაობა გარკვეულწილად ფერხდება მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც ისედაც ძალიან დიდი ოდენობით გადაადგილდება ავტომობილები თბილისში. ასე რომ, ეს არ არის შუქნიშნის ბრალი. პირიქით, შუქნიშანმა მოძრაობა მოაწესრიგა. თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთში, როდესაც მოძრაობა ინტენსიურია, არის გარკვეული შეფერხებები გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ იქ რომ ჩვენ შუქნიშნები გამოვრთოთ, მძიმე მდგომარეობა გვექნება. გვექნება ისევ ავარიები და მოუწესრიგებელი მოძრაობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.