საქართველოში მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში იხსნება

0
71
საქართველოში მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში იხსნება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 4 ოქტომბერს, 10საათზე ზუგდიდში (პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია, ლაღიძის 1)  ტექნოლოგიურ პარკს ხსნის.

 ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც  სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე  სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები,  რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს როგორებიცაა FabLab- ის სერვისები:

მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, შემეცნებითი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით.

ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად,  კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სიტყვით გამოვლენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.