”გაზელ ფონდი“ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

0
62
”გაზელ ფონდი“ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და კანადურ საინვესტიციო “გაზელ ფონდს” (Gazelle Fund) შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის – Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა ჯეფ ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის Duch Good Growth Fund (“DGGF”) და ჰოლანდიის განვითარების ბანკის FMO წარმომადგენლებმა მოაწერეს.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, სს “საპარტნიორო ფონდი,” როგორც Gazelle Fund-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ფონდის კაპიტალში 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებით შედის.

მათივე ინფორმაციით, Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე, საიდანაც მინიმუმ 60% საქართველოში დაიხარჯება.

როგორც აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

”საპარტნიორო ფონდის ძირითადი ამოცანაა, მოიზიდოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხელი შეუწყოს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრუქტურების შექმნას, რომელიც ქვეყანაში დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას შექმნის. დღეს მომსწრენი ვართ სწორედ ასეთი შეთანხმების – საპარტნიორო ფონდი უცხოელ ინვესტორებთან ერთად მონაწილეობას იწყებს Gazelle Finanace-ში. ეს არის ახალი ფონდი, რომელიც საქართველოში სულ მცირე 42 მილიონ დოლარს დააბანდებს. აღსანიშნავია, რომ ფონდმა ეს თანხები უნდა დააბანდოს მცირე და საშუალო ბიზნესში, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავად „გაზელ ფონდის“ არეალი არის რეგიონალური, ის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში“ , – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას და მთელ გუნდს, ასევე წარმატება უსურვა თავად „გაზელ ფონდს“, რომელიც, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

“გაზელ ფონდი” კანადაში, ონტარიოს შტატში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც Gazelle Finanace დააფუძნა. მმართველი პარტნიორი Gazelle Finance კი წარმოადგენს აშშ-ში, დელავერის შტატში რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც აშშ-ს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის რეგულირებული.