მომავალი წლიდან თბილისში მრავალსართულიანი ვერტიკალური პარკინგი გამოჩნდება

0
20
მომავალი წლიდან თბილისში მრავალსართულიანი ვერტიკალური პარკინგი გამოჩნდება

თბილისში შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისიდან ვერტიკალური პარკინგები გამოჩნდეს. როგორც პროექტზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანზორ საკანდელიძემ განაცხადა, პირველი კონსტრუქცია მაქსიმუმ 4 თვეში დამზადდება.

კონსტრუქცია 4-სექციიანი იქნება და ერთმანეთს თავზე დაედება. პირველი კონსტრუქცია 10 მანქანაზე იქნება გათვლილი.
„პროექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობა დროებით შეჩერდა. ახლა კი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციური პროექტების კონკურსში გავიმარჯვეთ და 100 ათას ლარიანი დაფინანსებაც მოვიპოვეთ. შესაბამისად, ვფიქრობ, 1-2 კვირაში პროექტის საწარმოო დამზადებას დავიწყებთ“, – აღნიშნავს ანზორ საკანდელიძე.

პროექტზე სპეციალისტების (მეცნიერები და კონსტრუქტორები) 4-კაციანი ჯგუფი – მალხაზ ცისკარიშვილი, ანზორ საკანდელიძე, ფრიდონ ბუნთაძე და სერგო ჯორბენაძე მუშაობს.
ანზორ საკანდელიძის თქმით, ამ დროისთვის პატენტი გაკეთებულია და საწარმოო ნახაზებიც მზად არის. დარჩენილია მხოლოდ მასალების შეძენა და კონსტრუქციის დამზადება.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ეღირება პარკინგი ან ერთი კონსტრუქციის დამზადება.

რაც შეეხება ვერტიკალური პარკინგის ფუნქციონირებას, საკანდელიძე ამბობს, რომ მანქანა შევა და გაჩერდება მიწის ზედაპირზე -კონსტრუქციაზე. შემდეგ კი სამართავ პულტზე, ღილაკზე თითის მიჭერით ავტომობილი მოძრავი სისტემის მეშვეობით, უახლოეს თავისუფალ ადგილზე გადაინაცვლებს. ხოლო როდესაც მძღოლს ავტომობილის პარკინგიდან გამოყვანა მოუნდება, ამას სპეციალური კოდის დახმარებით შეძლებს, რომელიც დაპარკინგებისას თითოეულ ავტომობილს მიენიჭება.

საკანდელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარკინგები დედაქალაქში, ქუჩებზე პარკინგისა და ამის გამო საცობების არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა, გარდა ამისა, კერძო კომპანიებს, სასტუმროებსაც შეეძლებათ შეძენა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი