„ახალგაზრდა ადვოკატები“ : სააპელაციო პალატა ამკვიდრებს პრაქტიკას, როცა საჯარო უწყებებს საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება შეეძლება

0
14
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : სააპელაციო პალატა ამკვიდრებს პრაქტიკას, როცა საჯარო უწყებებს საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება შეეძლება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე, გიორგი ტყავაძე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

2016 წლის 15 სექტემბერს, სასამართლომ საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. როგორც გადაწყვეტილების შემდგომ მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ განმარტა, მართალია, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია კანონი და ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, დარბაზიდან გააძევა ორგანიზაციის თანამშრომლები, დაირღვა სხდომის საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპი, თუმცა ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა, ადმინისტრაციული საჩივარი წარმოედგინა და საკუთარი პოზიციები დაეცვა. შესაბამისად, სასამართლომ სხდომის საჯაროობის პრინციპის დარღვევა არსებითი ხასიათის დარღვევად არ მიიჩნია, რითაც ცესკო–ს განკარგულების კანონიერებაზე შესაძლოა მოეხდინა გავლენა. რაც შეეხება სწავლების ცენტრის დირექტორის სადავოდ გამხდარ ბრძანებას და ორგანიზაციის მითითებას იმ ფაქტზე, რომ ბრძანება მიღებულია იმ ობიექტური გარემოების პირობებში, როდესაც ორგანიზაცია და გრანტის გამცემი დაწესებულება იმყოფებოდნენ საჯარო სივრცეში ინსტიტუციურ დაპირისპირებაში, რამაც გავლენა მოახდინა ორგანიზაციის მიმართ გრანტის გაცემაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარეები დასაბუთებას გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გაეცნობიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომათა დარბაზში აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესად მიკერძოებულია და ორგანიზაცია საქართველოს უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თუკი საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში წამოჭრილი მსჯელობა დარჩა, აღნიშნული მომავალში საფუძველს მისცემს არამხოლოდ ცესკო–ს, არამედ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ადმინისტარციული სხდომებიდან საქმის განხილვასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირები გააძევონ, რაც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის განმავლობაში, ორჯერ მიიღეს მონაწილეობა ცესკოს დაქვემდებარებული სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ორგანიზაციის საპროექტო წინადადება არც ერთ ეტაპზე არ დაფინანსდა. ორგანიზაცია საკითხის ანალიზმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწავლების ცენტრში ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის არაკეთილსინდისიერი ფორმით ახლობელ ორგანიზაციებზე გაცემის ფაქტები და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების ყოფილ ხელისუფლებასთან და ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბიოგრაფიულად დაკავშირებული კონტაქტები, რომელიც არც ახლა ქმნის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ შეიძლება დაძლეულიყო ან შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრის სწორი ფორმირების გარეშე, რეალობის მხილებისა და თანამდებობრივი ცვლილებების გარეშე. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი სტრატეგიული მოსაზრებით დაენახა, საკითხი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამხდარიყო საერთო სასამართლოების განხილვის საგანი და საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, სწავლების ცენტრის უთანასწორო და დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შესაცვლელად, საქმიანი წინადადებებით წარმსდგარიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განაკუთრებული მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის. ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე იქნება ცვლილებებისა და მომავალი საკადრო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ, ამ ბრძოლაში, საზოგადოებასთან ერთად ვართ.