საგარეჯოს რაიონში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება

0
34
საგარეჯოს რაიონში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება

კახეთში საგარეჯოს რაიონში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება. პროექტებს საინვესტიციო კომპანია “არიკ ჯგუფი” განახორციელებს, რომელიც ქარხნებს ეტაპობრივად შექმნის. საუბარია ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოზე.

“არიკ ჯგუფი“ პროდუქციას საკუთარი ნედლეულით დაამზადებს. როგორც “ბიზნესკონტაქტს” კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერმა მარიამ იაკობიძემ განუცხადა, გეგმაშია 400 ჰა ვენახის, 400 ჰა ხეხილის ბაღისა და 1000 ჰა ფსტის პლანტაციის გაშენება. სოფლის მეურნეობის ნაწილი 2018 წელს უნდა დასრულდეს.

მარიამ იაკობიძის ინფორმაციით, ღვინის ქარხნის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება. აღნიშნული საწარმო წელიწადში 4 მილიონ ბოთლ ღვინოს გამოუშვებს. ინვესტორები პროდუქციას ძირითადად ექსპორტზე გაიტანენ, ნაწილი კი ქართულ ბაზარზე დარჩება. ღვინის გატანა იგეგმება როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბაზარზე.

რაც შეეხება გამომშრალი ხილის საწარმოს, ქარხანაში პროდუქციას იმ ხილისგან დაამზადებენ, რომელსაც თავადვე მოიყვანენ. „არიკ ჯგუფი“ ატმის, გარგრის, ქლიავისა და სხვა ხეხილისგან დაამაზდებს ჩირს.

მესამე ქარხანა კი ფსტას გადაამუშავებს, დააფასოებს და ბაზარზე გამოიტანს.

“არიკ ჯგუფი“ იმავე ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი ვილების მშენებლობასაც გეგმავს. ეს პროექტის მესამე ფაზა იქნება. სულ აშენდება 150 ვილა, რომელიც ტურისტებს ეკუტურიზმის გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობასაც შესთავაზებს. მარიამ იაკობიძის თქმით, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ გოლფით, პოლოთი, „სკაი დაივინგით“, რომლისთვისაც კომპანია სპეციალურად ააშენებს ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტს და შეიძენს პატარა თვითმფრინავებს.

“მთლიანი პროექეტის საერთო კონცეფციაა აწარმოოს და შესთავაზოს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქცია, პარალელურად კი შექმნას რეგიონისათვის უნიკალური „მწვანე“ ტურიზმის ცენტრი“,- აცხადებენ კომპანიაში.

პროექტის სამივე ფაზა რამდენიმე წელში უნდა დასრულდეს. კომპანიაში ამ ეტაპზე პროექტის დასრულების ზუსტ თარიღს და სრული ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებენ.

წყარო: businesscontact