პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლას ნაციონალური მოძრაობის იდეებით და კადრებით გეგმავს

0
77
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლას ნაციონალური მოძრაობის იდეებით და კადრებით გეგმავს

პოლიტიკურ პარტიებს შორის გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით ნამდვილი დოღი გაიმართა. ერთი ნაწილი გადასახადების განაკვეთების შემცირებას გეგმავს, მეორე ნაწილი კი საერთოდ გაუქმებას. ეკონომისტების განცხადებით, ვერც ერთი პარტიისგან ვერ მოისმინეს არგუმენტირებული დასაბუთება ულტრალიბერალურ საგადასახადო რეფორმის შესაძლო განხორციელებას რა ფისკალური შედეგი ექნება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საგადასახადო შემოსავლების გარეშე დარჩენილი ბიუჯეტიდან ეს პარტიები პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდასაც გეგმავენ.

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით წლების წინ მომზადებულ გეგმას ისევ იხსენებს და დასაქმებულებს  საშემოსავლო გადასახადის 20-დან 10%-მდე შემცირებას ჰპირდება. კერძოდ, 2016 წელს ამ გადასახადის განაკვეთი  20% დარჩება, 2017 წელს  15%-მდე შემცირდება, 2018 წელს 12,5%-მდე, 2019 წელს კი 10% გახდება.

2017 წლიდან მოგების გადასახადი 15%-დან 10%-მდე შემცირდება, 2018 წელს  12.5%-მდე, 2019 წელს  10%-მდე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთი 25%-ით დაიკლებს, ხოლო ალკოჰოლზე აქციზი საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე უნდა შემცირდეს, 2017 წლიდან საპროცენტო შემოსავალზე გადასახადის გაუქმდება.  2017 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირებისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების ზღვარის 30,000 ლარიდან 90,000 ლარამდე აწევა. ასევე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება.

მოძრაობა “კარ.გე’’-ს ხელმძღვანელი ტარიელ ზივზივაძე პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების განხილვისას აღნიშნავს, რომ გადასახადების შემცირება ყოველთვის იყო პოლიტიკური სუბიექტების ერთ-ერთი ეფექტური იარაღი წინასაარჩევნოდ ადამიანთა გულების დასაპყრობად. მისი თქმით, ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის’’ დაპირება რეალურად მიზნად ისახავს სახელმწიფოს ხარჯზე მოსახლეობისა და ბიზნესისათვის მეტი ფულის დატოვებას, მთავრობის ხარჯის შემცირებას და კერძო სექტორისათვის ბიძგის მიცემას.

“ზოგიერთი მათგანი კი ერთი სამიზნე ჯგუფის მეორე ჯგუფთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასაც კი გულისხმობს. მიმართულება იდეების გაბედულებით ვერ გამოირჩევა, ვერც გაცხადებული რევოლუციურობით, თუმცა პარტიის მიერ გაწერილი თანმიმდევრულობით ამ სვლების გადადგმა რეალურია, თუ რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა ისე გაიმარჯვებს, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში დადგა. გზავნილები პრაქტიკულად მოსახლეობის ყველა ფენაზეა გათვლილი, რაც გამოკვეთილ წინასაარჩევნო პოპულიზმზე მიუთითებს. მით უმეტეს, როცა სატელევიზიო გზავნილებით ფიგურირებს შემდეგი ფრაზები: “დღეში 250 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები არ გადაიხდიან გადასახადს” ან “დღეში 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან ბრუნვის მხოლოდ 3 ან 5 %-ს”, – ამბობს ტარიელ ზივზივაძე და დასძენს, რომ ყველაზე მსხვილი სარგებელი მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს რჩება პირველი და მეორე პუნქტებისაგან. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო შენატანი 2016 წლის ბიუჯეტში 2,086 მილიარდი ლარია. სხვა თანაბარ პირობებში საშემოსავლოს შემცირება სახელმწიფოს 4 წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 3,39 მილიარდ ლარს დააკლებს, რაც წელიწადში საშუალოდ 847 მილიონამდე ლარია. მოგების გადასახადის შემცირებით, რომელსაც 2016 წლის ბიუჯეტში 980 მილიონია გაწერილი, სხვა თანაბარ პირობებში 4 წლის განმავლობაში  სახელმწიფოს ჯამში დააკლდება დაახლოებით 816 მილიონი, რაც საშუალოდ წელიწადში 204 მილიონამდე გამოდის.

ჯამში ამ ორი გადასახადის შემცირებით სხვა თანაბარ პირობებში ბიუჯეტს წელიწადში დააკლდება მინიმუმ 1,05 მილიარდი ლარი, რაც სხვა გადასახადების შემცირებით წლიური დანაკლისთან ერთად  შეიძლება ავიდეს ჯამში 1,2 მილიარდ ლარამდე წელიწადში.

“თავად ის ფაქტი, რომ წელიწადში 1.2 მილიარდ ლარამდე ფულს სახელმწიფო მოიკლებს და მოსახლეობას/ბიზნესს დაუტოვებს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ეკონომიკისათვის სწრაფი ზრდისათვის საკმარისი ბიძგი იქნება’’, – ამბობს ტარიელ ზივზივაძე.

გადასახადებთან დაკავშირებით ყველაზე ლიბერალური მიდგომა აქვს “გირჩს’’ რომელიც “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის’’ შეერწყა. “მეტი ფული დასახარჯად მოქალაქეებს, ნაკლები ფული მთავრობას გასაფლანგად!’’ – ამ ლოზუნგის ფარგლებში პოლიტიკური მოძრაობა, თუკი მას პარლამენტში უმრავლესობით შესვლის შანსი მიეცემა, გეგმავს  მოგების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, იმპორტის გადასახადი გაუქმებას. ამ ყველაფრის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი  8 მილიარდ ლარამდე შემცირდება. “კარ.გეს’’  შეფასებით “გირჩი”-ს მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა ვერ მოიტანს დაგეგმილ რეალურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ქვეყანას, ბიზნესს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს სჭირდება.

“გირჩი”-ს გეგმით საქართველოს მოსახლეობას თავის განკარგულებაში დარჩება საშემოსავლო გადასახადი, წელიწადში 2.09 მილიარდ ლარამდე, ბიზნესს დარჩება მოგების და იმპორტის გადასახადები წელიწადში 1.05 მილიარდ ლარამდე. სამივე გადასახადის გაუქმების ეფექტი მყისიერად შეიგრძნობა 2017 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. მოძრაობა KAR.GE ფიქრობს, რომ ეს არის რადიკალური სვლა, მაგრამ რეალურად ეს არ არის “გამდიდრება” არც მოსახლეობის და არც ბიზნესის. ეს მეტწილად არის პოპულისტური სვლა, რომელსაც დიდი ალბათობით მოჰყვება 3.14 მილიარდი “დატოვებული” ლარიდან 1,7-1,8 მილიარდი ლარის საქართველოს ეკონომიკიდან პირველ წელსვე (და ყოველწლიურად) გადინება, რაც ლარის კურსსაც დააწვება და დამატებით ინფლაციურ წნეხსაც გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ეს გაღარიბებაა’’, – ასკვნის ტარიელ ზივზივაძე.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოპულისტური განცხადებები კეთდება, რაც საკმაოდ საშიშია. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი ისედაც მსუბუქია, მთავარია მისი დაანგარიშების წესი. 

“დღეს პარტიები გადასახადების გაუქმების ლოზუნგის წამოყენებაში  მასობრივად  ეჯიბრებიან ერთმანეთს. ყველა მხარე მემარცხენე გახდა და მემარჯვენე თითქოს აღარავინ არის. მთლიანობაში ყველა პარტია მემარცხენეობაში ეჯიბრება  ერთმანეთს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მემარჯვენეობაზე დებდა თავს. ისედაც რთული ბიუჯეტის მქონე საქართველოსთვის ეს არის ძალიან საშიში და სახიფათო ტენდენცია. ჩვენ ამ ეტაპზე გადასახადების კიდევ უფრო მეტად შემცირების ან გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს. ჯერ დავარეგულიროთ ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტი 2-3 მილიარდით გავზარდოთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა მიმართულებებზე. მოგების გადასახადთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. დანარჩენი კონკრეტული გათვლების მიხედვით უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადებთან ასეთი თამაში ცუდის გარდა კარგს არაფერს მოიტანს’’, – ამბობს ემზარ ჯგერენაია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან რამდენიმე მოწვევის დეპუტატები არიან და ჰქონდათ საშუალება, რომ პარლამენტში მსგავსი წინადადებებით  აქამდეც გამოსულიყვნენ.

როგორც ვხედავთ, ეჭვები იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან საკმაოდ დაახლოებული პოლიტიკური ინტერესები აქვს, კიდევ ერთხელ დასტურდება მისი პოლიტიკური მოძრაობის ეკონომიკური იდეოლოგიით. “გირჩათან” გაერთიანება და მისი პროგრამის უპირობო გაზიარება, ერთმნიშვნელოვნად, ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ჩასაძირი გემიდან გაქცეული ძალების ჰიბრიდი ყოფილი მმართველი ძალის რეინკარნაციის მცდელობაა და მეტი არაფერი. 

მაკა ვარადაშვილი