ტაქსების კომპანიები ლიცენზირებას ითხოვენ

0
28
ტაქსების კომპანიები ლიცენზირებას ითხოვენ

 

საქართველოში ტაქსების ბიზნესი არ კონტროლდება. სწორედ ესაა ის მთავარი პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს. უკმაყოფილო მგზავრები ტაქსის მძღოლების მიერ გზების უცონდინრობასა და ავტომობილებში დაუცველ ჰიგიენურ ნორმებს წლების განმავლობაში უშედეგოდ აპროტესტებენ. იგივეს ამბობენ, სატაქსო კომპანიებშიც და ბიზნესის ლიცენზირებას ითხოვენ, სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც კერძო “ტაქსისტები” არიან. გამოცდილი მძღოლები ამბობენ, რომ ყველა უცოდინარი საჭეს მიუჯდა და ამით პროფესიონალებს საქმე უფუჭდებათ.

მეორეს მხრივ კი, “ტაქსაობა” საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად მიიჩნევა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ, თავს ამ ბიზნესს აფარებენ. მარტო დედაქალაქში ათიათასობით ტაქსია, იზრდება მათი რაოდენობა რეგიონებშიც. ისინი თავისი საქმიანობით უამრავ ოჯახს არჩენენ და ამიტომაც ჯერჯერობით ვერც ერთი მთავრობა, მათ წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას “ვერ ბედავს”.

თბილისის მერიამ  ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება სფეროს კონტროლი ცნობილი არ არის. ამ თემას სატრანსპორტო სამსახური მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებდა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვების  სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია, ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე.

 ტაქსის კომპანიები ამბობენ, რომ მათთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება პოტენციური რისკია, რადგან, მათივე თქმით, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, ასევე შესაძლოა ბაზარი მკვეთრად შემცირდეს, ან რაც ყველაზე რეალურია – გაიზარდოს მომსახურების საფასური.

“ომეგა ტაქსი”

“ომეგა ტაქსის” ხელმძღვანელი ვანო თოდუა აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესება იდეალური ვარიანტია, თუმცა, აუცილებელია მერიის მხრიდან ამ რეგულაციების სწორად ჩამოყალიბება. მისი თქმით, ის რაც დღემდე მერიის მიერ არის ნათქვამი, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც საქართველოშია.

თოდუასთვის მიუღებელია რეგულაციის დაწესება მანქანების წლოვანების მიმართულებით. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერია ტაქსების კომპანიებისთვის ევრო 3-ის სტანდარტის (2000 წელი და ზევით) დაწესებას აპირებს, რაც მისი მტკიცებით, გაუმართლებელია.

“საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ევრო 3-ის სტანდარტი უნდა შემოიღო და რატომ ვითხოვთ ამას, გაურკვეველია. ამ კონკრეტული რეგულაციის ამოქმედება, პირველ რიგში ხალხზე აისახება, მათთვის იქნება ტაქსის სერვისი მიუწვდომელი. ამ ეტაპზე ტაქსის სერვისი პირდაპირ მორგებულია ხალხზე და გადაადგილების კომფორტულ და იაფ საშუალებად არის მიჩნეული, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებშია. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი ეს ვითარება უარესობისკენ შეიცვლება”, – აცხადებს თოდუა.

მისი თქმით, არის რეგულაციების ნაწილი, რომლის ამოქმედებაც აუცილებელი და საჭიროა. თოდუას შეფასებით, დღეს არსებული ტაქსოპარკი გაცხრილვას საჭიროებს. კერძოდ, რეგულაციები უნდა შეეხოს მძღოლების ქცევას, ქალაქის ცოდნას, ტექდათვალიერებას,  ფასებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ტაქსის მომსახურების საფასურს გააძვირებს.

ტაქსის კომპანია 200-200

რეგულაციების გარკვეულ ნაწილს ეთანხმება ტაქსის კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია. მისი თქმით, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება აუცილებელია, თუმცა, დღევანდელ პირობებში შეუძლებელი.

მისი თქმით, ტაქსების ლიცენზირება ბაზრის მონოპოლიზებას გამოიწვევს, დაარღვევს მოთხოვნა-მიწოდებას და ტაქსები დეფიციტი გახდება. “თუ ლიცენზიას მხოლოდ კომპანიებზე გასცემენ, მაშინ ასეთი კომპანია სულ 2-3 იქნება, რომელთა ავტოპარკი ჯამში 100 თუ იქნება. ეს უკვე დეფიციტი იქნება. ახლა კი სფერო ბუნებრივ რეგულაციაშია”, – აცხადებს ხოფერია.

მისივე განმარტებით, რეგულაციების უმრავლესობა მომსახურების საფასურს გააძვირებს, შესაბამისად, ბაზარი “მოკვდება”, რადგან ამ ღირებულების გადახდის საშუალება ბევრს არ ექნება. ხოფერია აქედან ერთერთ გამოსავლად დაზღვევის სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს. “მთელ მსოფლიოში დაზღვევა მუშაობს. ჩვენთან კი ტაქსს არცერთი სადაზღვევო კომპანია მაღალი რისკის გამო არ აზღვევს, ან თუ აზღვევს, ძალიან მაღალი ტარიფით”, – აცხადებს ხოფერია.

“ელიტ ტაქსი”

“ელიტ ტაქსის” დამფუძნებელი ლევან გაგუნაშვილი აცხადებს, რომ ტექდათვალიერება და ლიცენზირება აუცილებელია, თუმცა, გარკვეულ ჩარჩოებში, ისე, რომ ამან მძღოლის შემოსავალზე არ იმოქმედოს.

“ყველა ეს რეგულაცია ტაქსის მომსახურებას გააძვირებს. ყველას ვისაც სურს, ტაქსაობს. ასე არ შეიძლება. ყველა მძღოლს მანქანა გამართული უნდა ჰქონდეს, თუმცა დღეს უჭირს ხალხს, შეძლებისდაგვარად აკეთებენ”, – აცხადებს გაგუნაშვილი.

 ტრანსპორტის, უფრო სწორედ კი ტაქსების სფეროში  უდიდეს პრობლემად ლიცენზირების არ არსებობას ასახელებს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. ის  მომსახურების სფეროს მოწესრიგებას აუცილებლად მიიჩნევს. ოგბაიძე ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება იყო ერთ-ერთი ის პირობა, რომლის შესრულებასაც თბილისის მერია მოქალაქეებს დაჰპირდა, თუმცა ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რას აპირებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით, საზოდაგოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის..

აღსანიშნავია, სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 – 60 000 ტაქსი მოძრაობს.

გიორგი კაპანაძე