აგვისტოს ომის ეკონომიკა

0
107
აგვისტოს ომის ეკონომიკა

„ომი ყველაფერს ჩამოწერს?!“ – პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციისთვის მიღებული გრანტების ხარჯვის მიზნობრიობა პასუხგაუცემელია

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებული ზარალი და ეკონომიკური უკუსვლა დღესაც თვალსაჩინო და საგრძნობია. 2008 წლის ომის ნეგატიურ ასპექტებზე არაერთგზის დაწერილა და თქმულა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ომის ნეგატივი ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე აისახა, მათ შორის, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, საბანკო სექტორის, საგარეო ვაჭრობის, მრეწველობის თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

ომის შესახებ დისკუსიების დროს, ხშირად განხილვის საგანია ვინ დაიწყო ომი, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას, რომელი ნაბიჯი იყო სწორი თუ არასწორი და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი შინაარსის საკითხებზე დავა დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, ფაქტი ერთია იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ომის თავიდან აცილება და, შედეგად, დანგრეული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები და კიდევ ერთი ძმათა სასაფლაო მივიღეთ.

რასაკვირველია, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი საომარი მოქმედება პირველ რიგში ეკონომიკურ სტაბილურობაზე აისახება. 2008 წლის ომამდე საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. 2007 წელს საქართველომ ეკონომიკური ზრდის რეკორდიც კი მოხსნა და ამ წელს ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ ომის დაწყებამდე პერიოდს, 2008 წლის პირველ და მეორე კვარტლებში საქართველოს ეკონომიკა შესაბამისად 11% და 8.4%-ით იზრდებოდა.

ბუნებრივია, ომის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო დანაკარგი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე აისახა. როგორც ცნობილია, უცხოელი ინვესტორი კაპიტალურ რესურსებს, ძირითადად, მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აბანდებს. შესაბამისად, 2008 წლის აგრესიის შემდეგ, უცხოელი ინვესტორების ქცევა მკვეთრად შეცვალა და, პრაქტიკულად, ქვეყანა საინვესტიციო შიმშილის წინაშე აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ გაჯანსაღება 2010-12 წლებში შეძლო, როცა 4%-იანი ზრდიდან 6%-მდე ავიდა, მაგრამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის ლოკომოტივის როლს ასრულებს, ომამდე დაფიქსირებულ რაოდენობას აღარ დაბრუნებია.

ეკონომიკური რეცესიის ჯაჭვში გამონაკლისი არც საბანკო სექტორი იყო. შესაბამისად, 2008 წელი საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური წელი აღმოჩნდა. რამდენადაც, მეანაბრეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, თავიანთი ანაბრები ბანკებიდან უკან გამოითხოვა, ხოლო იურიდიულმა პირებმა საკუთარი კაპიტალი საზღვარგარეთის ფინანსურ ინსტიტუტებში, საიმედო და უსაფრთხო გარემოში „გადაქაჩეს“. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ბანკების მიერ, შეიზღუდა სესხების გაცემა და, შესაბამისად, როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე ზოგადად, საბანკო სისტემა სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

რასაკვირველია, საქართველოში საომარი მოქმედებები პირდაპირ პროპორციულად აისახა საერთაშორისო რეიტინგებზე. ქართულმა ფინანსურმა ბაზრებმა დანაკლისი განიცადა, რადგან Fitch Ratings-მა და Standard and Poor’s-მა საქართველოს სასესხო რეიტინგი კრედიტუნარიანობის გაუარესების გამო, BB- -დან B+ -მდე დააქვეითა.

რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველომ საკმაოდ დიდი ფინანსური დახმარება მიიღო. 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე 38 ქვეყნის და 15 საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთო ჯამში 4.55 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყვეს. ამ თანხიდან 2 მილიარდამდე გრანტი იყო, ხოლო დანარჩენი დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხი.

ბრიუსელის კონფერენციაზე დაპირებული ფინანსური დახმარებიდან, თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანად გამოყოფილი თანხის (4.55 მილიარდი აშშ დოლარი) 63% კრედიტის სახით გამოიყო. საკუთრივ, 3 მილიარდი აშშ დოლარის ნახევარი, სახელმწიფო სექტორის კრედიტებზე მოდიოდა, ხოლო მეორე ნახევარი კერძო კომპანიების. წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თუ ნაციონალური განვითარების ბანკების უმრავლესობის თქმით, ომს მნიშვნელოვნად არ გაუზრდია ის თანხა, რომლის დახარჯვასაც ისინი ვარაუდობდნენ. თუმცა, ყველამ აღიარა, რომ ომმა შეთანხმებების გაფორმება და ფულის გამოყოფა დააჩქარა.

მსოფლიო ბანკის ყველა ფილიალმა აღიარა, რომ ზომები, რომლებიც მიიღეს, შეესაბამება დაფინანსების იმ პაკეტს, რომელსაც ომამდე ვარაუდობდნენ. აზიის განვითარების ბანკმა ომის შემდეგ, დაფინანსება 90 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა. რეგიონის სხვა ნაწილებიდან საკუთარი ფონდების გადანაწილების გზით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ (GTZ), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ და აშშ-ის საერთაშორისო საინვესტიციო კორპორაციამ დააჩქარეს იმ შეთანხმებების გაფორმება, რომლებიც დამუშავების პროცესში იყო.

გარდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისა, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე გამოუცხადა, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონიანი დახმარება მოჰყვა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „ევროპისა და ევრაზიისთვის აშშ-ს დახმარების კოორდინატორის სახელმწიფო აპარატის” მონაცემებით, 2000-2010 წლებში აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად ყველაზე დიდი თანხები 2008-2009 წლებში გამოყო.

უშუალოდ ომის მიმდინარეობის პერიოდში უკვე 9 აგვისტოდან USAID–ისა და აშშ-ს „უცხოური კატასტროფების დახმარების ოფისის” მიერ, გამოიყო თავდაპირველი დახმარება 250, 000$-ის ოდენობით. თანხა განკუთვნილი იყო აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული 10,000 მდე ადამიანისთვის საჭირო გადაუდებელი დახმარებისათვის. 2008 წლის 20 აგვისტოსთვის, USAID–ის მონაცემებით თავად სააგენტოს, აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 10 733 378 მილიონ დოლარს შეადგენდა.

აღნიშნული თანხები ძირითადად პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. თუმცა, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უფრო მეტიც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებიც კი დაინტერესდნენ.

კითხვის ნიშნები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი ფინანსური დახმარება და გამოყოფილი თანხები, რომლებიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო გამოყოფილი, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არ იყო მიზნობრივად დახარჯული. გარდა ამისა, პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ, გავრცელდა ინფორმაცია დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, ძალიან სერიოზული დარღვევების შესახებ. მათივე განცხადებით, არსებობდა გარკვეული საცავები, სადაც ინახებოდა ის ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა დევნილებს და არ იყო გადაცემული თავის დროზე.

მოკლედ, არსებობს ცნობილი გამოთქმა, „ომი ყველაფერს ჩამოწერს“, შესაბამისად, საკმაოდ რთულია, რეალურად განსაზღვრო, თუ სად წავიდა და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი გრანტები.

ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა საქართველოს ეკონომიკის ვარდნისა, აგვისტოს მოვლენებმა საკუთარი კვალი გარკვეულწილად რუსულ ეკონომიკაზეც დატოვა. ომის გავლენა, რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე პირველად შესამჩნევი გახდა რუსეთის სავაჭრო სისტემის ინდექსის ბირჟაზე, რომლის მაჩვენებელიც 2008 წლის 8 აგვისტოს 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2007 წლის მაისის შემდეგ. გარდა ამისა, რუსული რუბლი 1%-ით დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი