“ქართული ოცნება” პენსიონერებს დაასაქმებს

0
25

“ქართული ოცნება” მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს. “ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას.

ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.

ამ პროგრამას ერქმევა “ცხოვრება გრძელდება” და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო.

დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ”,- განაცხადა პრემიერმა.