“დაავადებათა ეროვნულ ცენტრს თამბაქოს ტარიფზე დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროსთვის არ შემოუთავაზებია”

0
69

ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ტარიფის კონტროლის პოლიტიკასა და აქციზის ზრდის საკითხზე მუშაობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო BPI-თან საუბრისას დააავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარ რეკომენდაციებს შეიცავს თამბაქოს ტარიფთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა.

ამასთან დაკავშირებით CBW-იმ კითხვებით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელიც განმარტავს, რომ მსგავსი დოკუემნტი სამინისტროს მიღებული არ აქვს.

– როგორც ცნობილია, შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს კომპეტენცია, რომ შეიმუშაონ თამბაქოს ტარიფზე ფისკალური პოლიტიკა?

– ჩვენთვის ჯერ არ შემოუთავაზებიათ თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის ვარიანტები. თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, ფინანსთა სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს.

– იგეგმება, თუ არა ახლო მომავალში თამბაქოზე აქციზის ზრდა?

– თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას.

– საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ თამბაქოზე აქციზის ზრდა, მასზე რეგულაციების დაწესება. აისახება თუ არა ეს სახელმწიფოს ბიუჯეტზე და როგორ?

– თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას.