მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა

0
70
მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა

მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა, – ასეთია ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგი.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუს – საქართველომ“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) – საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში დღეს გამოაქვეყნეს.

„ჩვენ ბოლო 6 წელია ამ პროექტს ვახორციელებთ ევროკავშირის დახმარებით. ბოლო 5 არჩევნების წინ ჩავატარეთ მონიტორინგი და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ პროგრესს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო პროცესებს და რამდენად ობიექტურია იგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი არჩევნებისთვისაც“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, რომელიც ტელევიზიების მონიტორინგს ახორციელებს, კვლევისას რამდენიმე ტენდენცია გამოვლინდა. კერძოდ, რაოდენობრივ ტენდენციებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დრო ეთმობა მთავრობის გაშუქებას, შედარებით ნაკლები – პრეზიდენტს.

„მთავრობა ძირითადად უარყოფითად ჰყავს წარმოჩენილი „რუსთავი 2“-ს და „ობიექტივს“, დადებითად – GDS-ს“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმოამადგენელმა გიორგი მგელაძემ.

მისი თქმით, ქარტია 2012 წლის შემოდგომიდან თითქმის ყველა არჩევნების წინ ახორციელებს მედიამონიტორინგს და პროგრესი შესამჩნევია.
„ჩვენდა სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ მედია გაცილებით უფრო გამართულად, უფრო დაბალანსებულად აშუქებს დღეს საარჩევნო კამპანიას, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აშუქებდა“, – დასძინა გიორგი მგელაძემ.

რაც შეეხება პრესას და ონლაინ მედიას, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი ჯოლოგუა აცხადებს, რომ პრესის შემთხვევაში ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმებისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ უხეში დარღვევა.

„რამდენიმე გაზეთში გვხვდება, რომ ჟურნალისტები ან ღიად მხარს უჭერენ, ან ღიად ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თუმცა არის გაზეთები, რომლებიც აბსოლუტურად ობიექტურად აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება ონლაინ მედიას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით საკმაოდ კარგი სურათი გვაქვს, ბევრად უკეთესი, ვიდრე პრესაში“, – განაცხადა გიორგი ჯოლოგუამ.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, „ინტერნიუს – საქართველოს“ განცხადებით, ისინი დაბალანსებულად და მოუკერძოებლად აშუქებენ მოვლენებს, რაც ქმნის კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ რადიომაუწყებლებმა ხელი შუეწყონ ამომრჩევლის ინფორმირებულობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიან ანალიტიკური, სიღრმისეული სიუჟეტების მომზადებას და მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას.

მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და იგი აფასებს არჩევნების გაშუქებას 40-ზე მეტ მედიასაშუალებაში. საარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.