რას შეცვლის საბანკო ბაზარზე ბაზისბანკისა და “რესპუბლიკას” გაერთიანება

0
86
რას შეცვლის საბანკო ბაზარზე ბაზისბანკისა და “რესპუბლიკას” გაერთიანება
 ჩინურმა “ჰუალინგმა” ფრანგული “სოსიეტე ჟენერალე” ჩაანაცვლა

 

ჩინურმა “ჰუალინგ ჯგუფმა” ფრანგული “სოსიეტე ჟენერალის” “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკის” გაერთიანება გადაწყვიტა. შეიქმნება ახალი ბანკი, სადაც ფრანგები მხოლოდ 8%-ს დასჯერდებიან. ბრიტანული HSBC შემდეგ “სოსიეტე ჟენერალი” მეორე ევროპული ჯგუფია, რომელმაც აქტიური ქართული საბანკო სივრციდან გასვლა გადაწყვიტა. სპეციალისტები კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, ასეთი მსხვილი გარიგებით კონკურენციის სააგენტოც უნდა დაინტერესდეს.

ბანკი რესპუბლიკაში” “სოსიეტე ჟენერალის” აქციების საკონტროლო წილის “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით “ჰუალინგ ჯგუფს”, “სოსიეტე ჟენერალსა” და EBRD-ს შორის წინასწარი შეთანხმება წინა კვირას შედგა. “ჰუალინგ ჯგუფი” გეგმავს “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკის” გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას.

გაერთიანების შემდეგ “ჰუალინგ ჯგუფს” ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა.  “სოსიეტე ჟენერალი”  ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი აქციების მცირე წილს – დაახლოებით 3.9%-ს დაიტოვებს, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

აღნიშნული გარიგების პროცესში “ჰუალინგ ჯგუფი” თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან (“tuhong international”) – ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან – ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა “BLF”-თან იურიდიული მრჩეველის სახით.

სავარაუდოდ, ახალი ბანკი ფორმირების პროცესი რამდენიმე კვირა გაიწელება, ვინაიდან გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკში”, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული გარიგების დაწყების შესახებ განცხადება “რესპუბლიკამ” გაავრცელა, სადაც აღნიშნული, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს “ჰუალინგ ჯგუფის” საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში.

“ბაზის ბანკისა” და “რესპუბლიკას” შერწყმის შედეგად “ჰუალინგ ჯგუფის” ახალი ბანკი “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” შემდეგ ბაზარზე მესამე ადგილს დაიმკვიდრებს, თითქმის 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით.

ბანკი “რესპუბლიკას” გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე “ჯიბისისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ  გარიგება ჯერ დასრულებული არ არის, ე.წ “დიუ დილიჯენსი” ჯერ არ დაწყებულა. “ბაზისბანკთან” გამსხვილების ბენეფიტებზე კი, ბანკირი  აცხადებს, რომ გარიგება მომგებიანი იქნება კლიენტებისთვის, რადგან ახალი ჯგუფი იქნება ძალიან სოლიდური, ძლიერი კაპიტალის ბაზით. იქნება უფრო დიდი ბაზრის ყველა სეგმენტში და შეეძლება ჯანსაღი კონკურენციის ხელის შეწყობა. შეეძლება უფრო დიდი საქმეების გაძღოლა დიდ კორპორაციულ კლიენტებთან.

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის აზრით, მომხმარებლისთვის ჯობდა საბანკო ბაზარზე “სოსიეტე ჟენერალი” დარჩენილიყო. “ის, რომ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტს, “სოსიეტეს” საქართველოში ბანკი ჰქონდა, უფრო ზრდიდა სექტორის კონკურენტუნარიანობას, იზრდებოდა პროდუქტების ნაირსახეობა. ამ ტრანზაქციით კი პირიქით მოხდება. ორი მოთამაშე გახდება ერთი და, ამასთან, მას გააკონტროლებს ჩინური მხარე, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, “სოსიეტე” რომ ყოფილიყო საქართველოში წარმოდგენილი, საქართველოს საბანკო სექტორისა და მომხმარებლისთვის უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

“ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 5 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. პროექტებს შორის აღსანიშნავია მასშტაბური დეველოპერული პროექტი – “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი”, სადაც განთავსებულია “თბილისი 2015”-ის ოლიმპიური სოფელი, სავაჭრო კომპლექსი “ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა”, “ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, “ბაზისბანკი”, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”. 2015  წლის ივნისში ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს შენობა შეიძინა და მასში სასტუმროს გახსნას გეგმავს.

მონოპოლიის გაძლიერების საფრთხე საბანკო სივრცეში

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია დარწმუნებულია, რომ  ეს გარიგება ხელს შეუწყობს საბანკო კონკურენციის ზრდას, რადგან გაერთიანებული აქტივების მიხედვით ბანკი დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.

“აქედან გამომდინარე ამ ტიპის გაერთიანებებს მე მხოლოდ მივესალმები და იგი დადებითად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ასევე ეკონომიკის დაფინანსებაზე მთლიანად. მით უმეტეს, უახლოეს ისტორიაში ჩვენ გვაქვს ბანკების გაერთიანების და შერწყმის წარმატებული მაგალითები”, – მიიჩნევს გვასალია.

ამ დროისთვის, საბანკო სექტორი 19 ბანკითაა წარმოდგენილი. რაც უფრო კონკურენტულია საბანკო ბაზარი და წილები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებული, ბანკების პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე ყველა ეს პირობა დარღვეულია. შედეგად, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქართულ ბანკებში დეპოზიტებსა და სესხებზე პირობები გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია.

მდგომარეობას ართულებს წილების განაწილებაც ქართულ საბანკო სექტორში. მთელი ბაზრის 79%-ს ფლობს მხოლოდ 4 ბანკი, დანარჩენი 21% კი – 15 ბანკზე ნაწილდება. ფაქტობრივად, დღეს საბანკო სივრცეში ამინდს 4-5 ბანკი ქმნის. ორი ყველაზე მსხვილი – “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”, ასევე “ლიბერთი ბანკი” და “ბანკი რესპუბლიკა”. უცხოური, აზიური ბანკების უდიდესი ნაწილის ფუნქცია, ძირითადად, ფულის გატარებაა. ამ გარიგების შემდეგ ეს არეალი უფრო შვიწროვდება.

ექსპერტთა განცხადებით, ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად 6-7 ბანკიც კი არ არის საკმარისი. საქართველოს საბანკო სივრცეში კონკურენცია რომ არ არსებობს, ეს სესხებსა საპროცენტო განაკვეთებსაც ეტყობა. კერძოდ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უფრო ეფექტური საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს, როგორც დეპოზიტებზე, ისე – კრედიტებზე.

კონკურენციის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია ქვეყანაში სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა (სპრედი). ქვეყანაში სპრედის მაჩვენებელი 15%-ს უტოლდებოდა. საბანკო სისტემის დეპოზიტების, დაახლოებით, 70%, ანუ თითქმის სამი მეოთხედი 3 ბანკში აკუმულირებული, რაც კონკურენტულ გარემოს პრობლემას უქმნის.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე “თამაშის” წესებს სწორედ ოთხი დომინანტი ბანკი ადგენს.

საბანკო ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში კომერციული ბანკების ასეთი შერწყმა ყოველთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის ყურადღების ქვეშ ექცევა.

“ბევრ ევროპულ ქვეყანაში მონოპოლია იქმნება მაშინ, როდესაც რომელიმე ეკონომიკური სუბიექტი ბაზრის 25%-ს ფლობს.  საქართველოს კანონმდებლობით ეს არის 40% და მას ჰქვია დომინირებული მდგომარეობა. ამ მდგომარეობას ორი ქართული ბანკი უკვე უახლოვდება. მართალია, კონკურენციის სააგენტოს, განვითარებული ქვეყნებიდან, საბაზრო წილების გათვლის ზოგადი ფორმულები აქვს გადმოღებული, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით მათი რეაქცია უცნობია”, – აცხადებს ელიავა.

ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს საბანკო სექტორი ოლიგოპოლიზირებულია ორი უმსხვილესი ბანკითა და ასეთ პირობებში რაიმე კონკურენციაზე საუბარი საერთოდ ღიმილის მომგვრელია. “ოლიგოპოლიური ბაზარი ეფექტური არასდროს არის. იგი თავისი საქმიანობით ვნებს სხვა სექტორებს. ბუმბერაზი ბანკები სხვა კომერციული ბანკებს განვითარების საშუალებას არ მისცემენ”, – ამბობს ლია ელივა.

ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ბანკების გამსხვილება ზღუდავს კონკურენციას. აქედან გამომდინარე, მომავალში საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე საუბარი ზედმეტია. “ეს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ხელს არ შეუწყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დიდ ბანკებს მეტი შესაძლებლობები აქვთ, მეტი საკრედიტო რესურსი ეკონომიკის დასაკრედიტებლად”, – ამბობს თუთბერიძე.

სპეციალისტების ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთი ბაზრით წამყვანი ევროპული ბანკები არ დაინტერესდებიან. ამიტომაც, არის უკვე წლებია საქართველოს საბანკო სექტორის კარი არც ერთიგან ვითარებული ქვეყნის ბანკს არ შემოუღია. პირიქით, რამდენიმე წლის წინ ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ საქართველო დატოვა, ახლა მას “სოსიეტე ჟენერალიც” მიჰყვა.

მაკა ვარადაშვილი