ბოლოდროინდელი სავალუტო რყევები განგაშის საფუძველს არ იძლევა

0
39
ბოლოდროინდელი სავალუტო რყევები განგაშის საფუძველს არ იძლევა
ექსპერტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ

ლარის კურსის საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია. ივნისის დასაწყისიდან ლარის კურსმა დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურება დაიწყო, მას შემდეგ რაც 2016 წლის თებერვლიდან ივნისამდე ლარი დოლარის თანაფარდობა 2,48-დან 2,12-მდე შემცირდა. ივნისში დაწყებულმა გაუფასურებამ საზოგადოებაში მცირე პანიკაც გამოიწვია, რადგან უკვე 27 ივნისის მდგომარეობით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.38 ლარს მიაღწია. თუმცა ბოლო კვირის მანძილზე ქართული ეროვნული ვალუტა სტაბილურობით გამოირჩევა და დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.30–ის ტოლია. “ბანკები და ფინანსები” აღნიშნული რყევების მიზეზებსა და მოსალოდნელ მდგომარეობაზე ეკონომიკის ექსპერტებს გაესაუბრა.

 “პატარა გადახვევები რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, თავის დროზე ეროვნულ ბანკს ამდენად არ უნდა გაემყარებინა. სადღაც 2,2 ფარგლებში უნდა დაეტოვებინა კურსი, რაც იმას ნიშნავს რომ დოლარი შეესყიდა და რყევების ამპლიტუდა ამით შეემცირებინა. თუმცა დღევანდელ რეალობაში არც ეს არის საგანგაშო ვითარება. რაც შეეხება ამის გამომწვევ მიზეზებს, როცა გამოქვეყნდება ტქენიკური მონაცემები ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებით და ა.შ. უფრო ზუსტად შეიძლება ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზე. შეიძლება, ერთის მხრივ, ეს იყო მეორე კვარტალში რამდენიმე ასეულის დაფარვა უწევდათ ქართულ კომერციულ სტრუქტურებს, ბანკებს და არამხოლოდ ბანკებს, რაც ნიშნავს მოთხოვნის გაზრდას დოლარზე. სავაჭრო ბალანსიდან გამომდინარე რთულია რაიმე ითქვას, რადგან ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა ჯერ, თუმცა ალბათ გარკვეული კორექტირება მანდაც იქნება. Brexit-ის ფაქტორი ზოგს სასაცილოდ ეჩვენება, მაგრამ ჩვენ არ ვისაუბროთ ამ მოვლენის ლარის კურსთან გავლენაზე. რეალურად, ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა ამერიკული დოლარის გამყარებაზე და გარკვეული რყევები და დისონანსი შეიტანა მსოფლიო სავალუტო ბაზარზე. მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ლარი არ კოტირებს, მაგრამ კროს კურსით მიბმულია დოლარზე.

უახლოეს მომავალში გარკვეული რყევები იქნება, მაგრამ არა საგანგაშო. დღეს არსებული მაკროეკონომიკური მონაცემები განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. ზოგი მიზეზს ეძებს იმაში, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზრვების მოცულობა შეამცირა, ხოლო დოლარზე გაზარდა. ასევე რეფინანსირების განაკვეთის დაწევაში. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან ეს გადაბრალების მომენტია და ბაზარზე ასახვას პოვებს 9-12 თვის შემდეგ. რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პუნქტით შემცირება სწორია, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შეიმჩნევა”, – განაცხადა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ლევან ქისტაურმა.

 “ლარის კურსთან დაკავშირებულ ბოლო დროინდელ მოვლენებში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. ლარის მცურავი კურსიდან გამომდინარე გამყარება-გაუფასურების ტენდენცია დროის ამ მონაკვეთში სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსის გაუფასურებისა, არ ყოფილა. ზოგადად, ამ დროისთვის რთულია რაიმე კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი. უბრალოდ, იმის თქმა შეიძლება რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებაში პრობლემას ვერ ვხედავ.

მეტსაც გეტყვით, უახლოეს მომავალში ლარის კურსთან დაკავშირებით სახიფათო პროცესებს არ უნდა ველოდოთ. ხოლო, საზოგადოებაში გამოწვეული პანიკური ხასიათის დამოკიდებულება უადგილო და საფუძველს მოკლებულია”, – აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ელგუჯა მექვაბიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნული ვალუტის გამყარებას მაქსიმუმ 2 კვირაში ვარაუდობს, ბოლო დღეების მანძილზე დოლართან მიმართებაში მის გაუფასურებას კი საგარეო ვალის გადახდით ხსნის. როგორც დუნდუამ განაცხადა, ლარის ცვლილებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ლარის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კურსის გაუფასურება ეს არის საგარეო ვალის გადახდის პროცესი, კერძო სექტორის მხრიდან, ასევე აჟიოტაჟი, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებიც, თუმცა სიტუაცია რომ მოკლედ ავხსნათ და ობიექტურები ვიყოთ, კერძო სექტორს მე-2 კვარტალში 850 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა გადაეხადა.

ბიზნესსექტორს აქედან 530 მილიონი დოლარი ჰქონდა. შემოსავალები მათ ლარში აქვთ, ვალის გასტუმრება კი უწევთ დოლარში. მინიმუმ 300 მილიონი დოლარი უნდა შეესყიდა იმისთვის, რომ ვალი გადაეხადათ. ვინაიდან პროგნოზები კურსთან დაკავშირებით გამყარებისკენ მიდიოდა, ისინი დაელოდნენ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის დადგომას ლარის კურსთან დაკავშირებით, ვალუტის შესყიდვაც ყველაზე ხელსაყრელ დროს მოხდა. ეს პერიოდი მოიცავდა 2016 წლის 7 ივნისიდან 16 ივნისამდე დროს.

როცა ყიდვა-გაყიდვის კურსს შორის სხვაობა ნახევარი თეთრის დონეზეა, ამ დროს ბაზარი მშვიდია, მაგრამ როდესაც ეს მაჩვენებელი სამ თეთრამდეა გაზრიდილი, ზოგჯერ მეტიც, ეს ნიშნავს, რომ აქ აჟიოტაჟია ჩართული. მოქმედებენ აჟიოტაჟული ფაქტორები და ლარს არ აქვს ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც უნდა გააჩნდეს. ვინც აჟიოტაჟს აყვება, ის აუცილებლად წააგებს, რადგანაც ლარი აუცილებლად გაძლიერდება და დასტაბილურდება. არასაჭირო დოლარის ყიდვის გამო, ამ მოქმედების ჩამდენი პირები, ბუნებრივია, წააგებენ”, – განაცხადა დუნდუამ.

გიორგი კ. კაპანაძე