არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

0
71
არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ხაბაძე არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და მისი გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

“მოგესალმებით ყველას და მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით არის ნაკარნახევი.
მინდა მოკლედ გითხრათ ჩვენი მიღწევების შესახებ.


აჭარაში ჩვენი მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა.
მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს:


• აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს.


უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.


• აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია.


• განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით.


• სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება.


• გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.


• განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.


• მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი.


მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ამ და სხვა მიღწევებით და ჩვენი ძალისხმევით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა.


ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა.


მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო.


მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის.


მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის.
წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში”- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.