მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროექტის „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ პოპულარიზაციას იწყებს

0
77
მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროექტის „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ პოპულარიზაციას იწყებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროექტის „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ გაცნობის მიზნით სპეციალურ კამპანიას იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

„მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალი პროექტის მოსახლეობისთვის დეტალურად გაცნობის მიზნით, 22 ივნისიდან პროექტის განმახორციელებელი უწყების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივებთან გამართავენ და პრეზენტაციების სახით დაწვრილებით განუმარტავენ პროგრამაში ჩართვის გზებსა თუ პროცედურებს. ხვალ საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია საჩხერესა და ჭიათურაში. კონკრეტულად, საჩხერეში 11:00 საათზე (თავისუფლების ქ.#4 (კინოს შენობა)), ხოლო ჭიათურაში (თხელიძის ქ.#1 (კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი)) 14:00 საათზე გაიმართება გაცნობითი სახის პრეზენტაციები.

ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული