2016 წლის პირველ კვარტალში ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა

0
24
2016 წლის პირველ კვარტალში ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ასეთი დადებითი ციფრები 2007–2008 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა მშპ–ს წლიური ზრდა შესაბამისად 9 და 12%–ს აღწევდა.

რეკორდულ მაჩვენებლები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორში. მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,95-ითაა გაზრდილი, ხოლო ტურისტების, ანუ მათი, ვინც 24-საათი და მეტი რჩება საქართველოში, 24,3%-ით. ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა და ზრდა იყო 8,3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში და 16,2%-ით გაზიარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში და თითქმის 6,8%-ი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 7,6% – საშუალო, ხოლო 9,7% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ასვე, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 5,9%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შედაგინა, რაც ნიშნავს, რომ პირველ სამ თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული 2015 წლის უმუშევრობის მაჩვენებელების თანახმად 2012–2015 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 50 ათასით დაიზარდა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის მხოლოდ 3 თვეში 32 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე.

რა თქმა უნდა ზემოთ აღნიშნულმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკური წინსვლის განმსაზღვრელ მთავარ ინდიკატორზეც და 2016 წლის პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 2,8%–ი შეადგინა, თუმცა უკვე აპრილში ეკონომიკის ზრდა 4,3%–ით განისაზღვრა.

ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და უკეთესი მომავლის იმედსაც ტოვებს. რამ განაპირობა მაკროეკონომიკური მაჩვენებელების გაუმჯობესება და როგორი მოლოდინები უნდა გვქონდეს წლის განმავლობაში, ამ კითხვებით გაზეთმა ,,ბანკები და ფინანსებმა” ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა და მათი პოზიციით დაინტერესთა.

,,მიუხედავად რეგიონში არსებული რთული სიტუაციისა, საქართველოში ეკონომიკა გაჯანსაღების გზით მიდის”

ემზარ ჯგერენაია,

ეკონომიკის ექსპერტი

,,ინფლაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ბიუჯეტის დეფიციტიც საკმაოდ დაბალია, თუმცა, საბიუჯეტო-საგადასახადო შემოსავლები არის აბსოლუტურად მაღალი 2008 წლის პერიოდთან შედარებით. 2008 წელს კრედიტით და გრანტებით ივსებოდა ბიუჯეტი.

მიუხედავად რეგიონში არსებული რთული სიტუაციისა, საქართველოში ეკონომიკა გაჯანსაღების გზით მიდის. 2008 წელს ექსპორტში პირველი ადგილი ეკავა ჯართს. ნელ-ნელა ჯართი გადავიდა უკანა მხარეს და ჩვენ დღეს დავიწყეთ რეალურ ექსპორტზე მუშაობა. ამ რეალურ ექსპორტში სოფლის მეურნეობას, თხილის სახით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თხილი აზოტთან და ფეროსთან ერთად არის წარმატებული სფერო. მიუხედავად იმისა, რომ აზოტის ფასები, ფეროშენადნობის ფასები იყო ძალიან მაღალი, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ფასები ძალიან დაბალია.  გარდა ამისა, სერიოზული მუშაობაა ჩატარებული გადამუშავებითი მრეწველობის მიმართულებით. საკმაოდ სერიოზულია ფარმაცევტული პროდუქციის ზრდა. თვისობრივი ზრდა 2008 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

იმპორტის სტრუქტურაც შეიცვალა. მზა პროდუქციის ნაცვლად უკვე შემოგვაქვს ნედლეული. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმპორტზე დამოკიდებულება შეიცვალა 15%-ით, რაც არ არის პატარა ციფრი. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის რაც გვინდა, თუმცა გამოკვეთილი ტენდენციით იმპორტდამოკიდებულება მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის საკითხები, რაც ზეგავლენას ახდენს იმპორტის მოთხოვნაზე. შემცირდა იმპორტზე მოთხოვნა, მაგრამ მოხმარება დარჩა იგივე დონეზე. მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ინფლაცია, მშპ ჯამში საკმაოდ გაუმჯობესებული გვაქვს.

 რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან თემას, ინვესტიციებს. თუ მარტო ინვესტიციას ავიღებთ, ისიც გაზრდილია. ჩვენ გვახსოვს 2007 წელს ინვესტიციების მოზიდვა საბანკო კაპიტალში  მოხდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ წმინდა ინვესტიციის მაჩვენებლებზე, რომელიც 1,250 მილიარდს შეადგენს, მთლიანობაში ინვესტიციის მაჩვენებელი  კი 1,8 მილიარდია.

 2008 წელს საქართველო ეკონომიკა ვალებს არ ემსახურებოდა, ეს ვალები გადავადებული გვქონდა ჩვენ. 2013 წლიდან დავიწყეთ ვალების მომსახურება, 500 მილიონია წლიური გადასახადი. დავიწყეთ ვალების გადახდა და გაიზარდა ნაკადები. გარდა ამისა ჩვენმა კომპანიებმა, რომლებმაც მაშინ აიღეს ვალები, დაბრუნების, რეპატრიაციის დრო დაუდგათ ჩვენს კომპანიებს, რამაც გაამძაფრა რეინვესტირების თემა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ რეპატრიაციის პერიოდს, წმინდა ინვესტიციები კი არის 1,250 მილიარდი, რეპატრიაციანად, მაგრამ მისი გამოკლების გარეშე, ჩვენ ვღებულობთ 1,8 მილიარდს, რაც მაღალი მაჩვენებელია.

,,პოზიტიური მოლოდინები, ლარის სტაბილურობა, თანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკაში საბოლოო ჯამში დადებითად აისახა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე”

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გარკვეული გაუმჯობესება რიგი მიმართულებით მართლაც გვაქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია ინვესტიციების ზრდა. საკმაოდ ნორმალური მაჩვენებლები გვაქვს დასაქმების თვალსაზრისით, რაც ძირითადად გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის ზრდით. პრინციპში 2016 წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლები, კერძო სექტორს ვგულისხმობ, როგორც საწარმოო ბრუნვის თვალსაზრისით, ისე კერძო სექტორის მიერ გამოშვების თვალსაზრისითაც გაზრდილია.

სახეზეა საკმაოდ პოზიტიური ტრენდი. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ ის რისკები რა რისკებიც რაც საქართველოს ჰქონდა, ის გამოწვევები რაც რეგიონში გარკვეული კრიზისული მდგომარეობით იყო განპირობებული, პრინციპში მინელებულია. ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა სავალუტო შემოდინებები და ფინანსური სტაბილურობის კუთხითაც უკეთესი მდგომარეობაა. ეს ყველაფერი ბუნებრივად აჩენს გარკვეულ დადებით მოლოდინებს. სტაბილურობის კომპონენტი ყოველთვის არის ეკონომიკის სტიმულირების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის წინაპირობა და ფუნქცია. პოზიტიური მოლოდინები, ლარის სტაბილურობა, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკაში საბოლოო ჯამში დადებითად აისახა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

 რეგიონშიც, წინა პერიოდთან შედარებით, რისკები შემცირებულია და ამანაც დადებითი ასახვა ჰპოვა. ამას ემატება თავად ფინანსური სტაბილურობის კომპონენტის კუთხით ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი წინა პერიოდთან შედარებით, ფინანსური სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების კუთხით, გაცილებით ეფექტიანად მუშაობს. სებ-ის პოლიტიკა ამჯერად მიმართულია დედოლარიზაციაზე, ლარზე მოთხოვნის უზრუნველყოფის კუთხით და აქედან გამომდინარე ესეც გარკვეული სტიმულია იმისა, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ შეიქმნას ფინანსური სტაბილურობის შედარებით უკეთესი მდგომარეობა და მეორეს მხრივ წახალისდეს ლართან დაკავშირებული ოპერაციები. ეკონომიკური მოლოდინები ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს გაცილებით უკეთესი უნდა ჰქონდეთ და ბუნებრივია ეს თავს იჩენს ხოლმე ზოგადად ეკონომიკურ აქტივობაზე, საინვესტიციო საქმიანობაზე. ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჯერჯერობით ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადაიდგა.

,,მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა შეინიშნება ქვეყანაში”

მიხეილ ჭელიძე,

ეკონომიკის ექსპერტი

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა შეინიშნება ქვეყანაში. პოლიტიკური სტაბილურობაზე ყოველთვის დიდად რეაგირებს ბიზნესი და ინვესტორი გადაწყვეტილების მიღების დროს. წინა არჩევნები ჩატარდა მშვიდობიანად და ჩვეულ რითმში მიდის საარჩევნო პროცესებიც, ეს ინვესტორებს გარკვეულწილად ბიძგს აძლევს, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ქვეყანაში ინვესტირება. აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა გარკვეულწილად დადებითად შეიძლება შევაფასოთ და ამ კუთხითაც ხელი ეწყობა ყველა იმ მეწარმეს, რომელიც შემოსვლას აპირებს.

ტურზმის თემატიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზუალურადაც ეტყობა ქვეყანას, რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ეს პირდაპირ მოქმედებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. ფული შემოდის, მოხმარება იზრდება, რაც ბიზნესის უზრდის გაყიდვებს. გაყიდვები რომ იზრდება, ბუნებრივია, დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება. ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებამ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ბიძგი მისცა. ფონი რეგიონიდან გამომდინარე გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში კორუფციული მომენტები არ არის. ასეთი სიტუაცია ინვესტორისთვის მიმზიდველია, როცა გარემო მთლიანობაში არის დალაგებული.

ჩემი აზრით, იგივე ტემპი ყველა ვარიანტში შენარჩუნდება, იმიტომ, რომ  თუ შევადაროთ წინა არჩევნების პერიოდს ამ არჩევნების პერიოდს დავინახავთ, რომ  მაშინ ბიზნესის რეგისტრაციების რაოდენობა შემცირდა, ახლა კი პირიქით გაზრდილია. სხვა თანაბარ პირობებში, ასე თუ გაგრძლდა, სავარაუდოდ, მოიმატებს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

,,2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემები არის წლების განმავლობაში გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი”

ვახტანგ ჭარაია,

ეკონომიკის ექსპერტი

,,2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემები არის წლების განმავლობაში გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველი კვარტალი დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. მით უფრო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო წელია საქართველოში და ამ ყველაფრის ფონზე ინვესტიციები არა თუ სტანდარტულზე ნაკლები, არამედ სტანდარტულზე მეტი შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და გრძელვადიანი პერსპექტივა ესახებათ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. შესაბამისად, ისინი ინტერესდებიან საქართველოთი.

რაც შეეხება დასაქმებას, სხვასდასხვა პროექტებმა, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში”, “იაფი აგროსესხები” და მსგავსი, დამატებით შეუწყვეს ხელი დასაქმებული ადამიანების გაჩენას ქვეყანაში. ექსპორტის თვალსაზრისით კი გვაქვს გარკვეული ჩავარდნა, თუმცა ეს არა იმდენად საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომების, არამედ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად შემცირებული მსყიდველობითი უნარის დამსახურებაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ რეექსპორტის კლების პარალელურად, მატულობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ანუ სუფთა ექსპორტის მაჩვენებელი. მთლიანობაში პოზიტიური მაკროეკონომიკური მოვლენები დადებითად აისახება ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზეც და ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ, ბოლო თვეების მაგალითზე.

“სახეზეა ეპიზოდური განვითარება და არა სისტემური, თუმცა, ტენდენციები ნამდვილად დადებითია”

ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

,,ზრდის ტენდენცია, რომელიც პრინციპში ჩამოყალიბდა 2013-14 წლიდან, შენარჩუნებულია. რაც შეეხება ინვესტიციების ზრდას, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდას, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი ფაქტი. დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება არა ეფემერული დასაქმების პროგრამების ხარჯზე, არამედ იზრდება ისე რომ იქმნება მუდმივი და სტაბილური სამუშაო ადგილები. თუმცა ეს განვითარება მაინც არის ეპიზოდური. ეპიზოდური განვითარება და არა სისტემური, თუმცა,  ტენდენციები ნამდვილად დადებითია.

გიორგი კაპანაძე