გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2015 წელს მუნიციპალიტეტში 20 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

0
13
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2015 წელს მუნიციპალიტეტში 20 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე და შესრულებულ სამუშაობზე ისაუბრა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. მისი განმარტებით როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ემსახურება ხალხს.

„თვითმმართველობის მიზანია არჩეული ხელმძღვანელი ემსახურებოდეს ხალხს. ასევე ემსახურება ცენტრალური ხელისუფლება. უნდა გავაანალიზოთ რა სარგებელი მოუტანა თვითმმართველობამ ადგილობრივ მოსახლეობას ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. მხოლოდ 2015 წელს მუნიციპალიტეტში მობილიზებული და დახარჯული იყო 20 000 000 ლარზე მეტი. ეს იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი კავშირებით სხვადასხვა ფონდებთან. ჩვენი კავშირი ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის ძალიან მჭირდო და საქმიანი, რომელიც მიმართულია უშუალოდ სოფლების საკეთილდღეოდ“ – აცხადებს დავით ონიაშვილი გადაცემაში „განსხვავებული აზრი“.

მუნიციპალიტეტის გამგებელი იმ ინოვაციურ პროექტებსაც შეეხო, რომელიც მაღალმთიან სოფლებში ხორციელდება.

„ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტების გაგრძლების წელიწადი. გასულ წელს დავნერგეთ თანამედროვე სისტემები. ეს იყო მაღალმთიან სოფლებში მზის სისტემების ელექტროენერგიით აღჭურვა. 2016 წელს გამოყოფილია თანხა იგივე მზის სისტემებზე სხვა დანიშნულებით. ეს იქნება წყლის გამაცხელებელი სისტემები დამონტაჟებული ინდივიდუალურად თითოეულ სოფელში. ინოვაციური სისტემების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოფლებში, სადაც გაზის შეყვანა დღეის მდგომარეობით პრობლემატური და ამასთანავე ძვირადღირებული პროექტებია. თანამედროვე გათბობის სისტემა დღეს საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებს ვარიანის საბავშვო ბაღში. აღნიშნული სისტემა მოიხმარს ელექტროენერგიას, მაგრამ გაცილებით უფრო ეკონომიურია ვიდრე გაზის სისტემები.

გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მიმდინარეობს ისეთი გზების რეაბილიტაცია, რომელიც ბოლო 30 წელია არ განხორციელებულა. ამჟამად მობილიზებულია ტექნიკა და მთიანი პირობებისთვის საკმაოდ მაღალი ხარისხის გზები კეთდება“ – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში.