მაღაზიათა ქსელი „დეა” „სუფთა სახლმა” იყიდა

0
45
მაღაზიათა ქსელი „დეა

საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „დეა” იგივე პროფილის კომპანია „სუფთა სახლმა” იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს” „სუფთა სახლის” თანამშრომელმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, იმის გამო, რომ „სუფთა სახლში” „დეასგან” განსხვავებით დაბალი ფასები იყო, მომხმარებელი მათთან უფრო აქტიურად შედიოდა, შედეგად „დეას” გაყიდვები შეუმცირდა და კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „სუფთა სახლის” თანამშრომელი ამბობს, “დეას” მაღაზიათა ქსელში რებრენდინგი ეტაპობრივად განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, „დეას” რამდენიმე მაღაზია რებრენდიგის მიზეზით დაკეტილია. „მიმდინარეობს რემონტი, თუმცა, გახსნის შემდეგ ბაზარზე „დეას” სახელით აღარ იქნებიან”-აცხადებენ „სუფთა სახლში”.

ბიზნეს გარიგებას ადასტურებს მაღაზიათა ქსელ „დეას” წარმომადგენელი გიგა ქოქოსაძე, თუმცა აცხადებს, რომ „დეამ” მხოლოდ კომპანიის 70 პროცენტი გაასხვისა. „გასხვისებული მაღაზიები ბაზარზე ოპერირებას „სუფთა სახლის” სახელით გააგრძელებენ”-აცხადებს ქოქოსაძე. მისივე განმარტებით, რა ბედი ელის „დეას” საკუთრებაში დარჩენილ მაღაზიათა ქსელის 30 პროცენტს, დრო აჩვენებს.

ქოქოსაძე წილის გასხვისების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „დეამ” წილის გაყიდვის გადაწყვეტილება შემოსავლების შემცირების გამო მიიღო, არასწორი და ჭორია.

შეგახსენებთ, მაღაზიათა ქსელი „დეა კოსმეტიკსი” ბაზარზე 2011 წლის ნოემბერში შემოვიდა. მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო ქსელია, სადაც წარმოდგენილია ისეთი არასასურსათო პროდუქცია, როგორიცაა პარფიუმერია, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ქიმია.  ქსელი აერთიანებდა 39 მაღაზიას თბილისში,რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში.

რაც შეეხება მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლს”, ის ბაზარზე 2009 წლიდანაა. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, 2014 წლიდან კი ქსელმა გაფართოება რეგიონის მასშტაბით დაიწყო.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

წყარო: კომერსანტი