ლევან კალანდაძე: ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა ხელმძღვანელობის დროს

0
22
ლევან კალანდაძე: „ეროვნული ბანკი” დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა ხელმძღვანელობის დროს

ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მანამდე. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ ეკონომიკაში არსებული ტენდენციები პოზიტიური და იმედისმომცემია.

„ორი მთავარი ინდიკატორი ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (აპრილის თვის მაჩვენებელმა 4,3%, ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა კი, 2,8% შეადგინა) და ლარის კურსის ეტაპობრივი, თანამიმდევრული გამყარების ტენდენცია. აღნიშნულ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკური და მონეტარული მაჩვენებლების გაუმჯობესებას ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ლარზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობებს, რისი ძირითადი საფუძველიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდილი მაჩვენებელია. ჩვენ გაზრდილი გვაქვს სავალუტო შემოსავლები ტურიზმიდან და უცხოელი ვიზიტორებიდან, ფულადი გზავნილების მოცულობა, ინვესტიციები, რაც ბუნებრივად იწვევს წინა პერიოდებთან შედარებით ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნის შემცირებასა და ლარზე მოთხოვნის ზრდას.

ეკონომიკური აგენტებისა და ბანკების მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს განწყობები პირდაპირ აისახება და თვალნათლივ ჩანს ბანკებისა და ეკონომიკური აგენტების მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში, ერთი მხრივ, აშშ დოლარით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების შემცირებულ მაჩვენებელზე და, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის, მათ შორის, აშშ დოლარის შესყიდვაზე შემცირებულ მოთხოვნაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ მაინც არის ეროვნული ბანკის საკმაოდ პრაგმატული და რაციონალური მონეტარული პოლიტიკა, რაც, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სებ-ის წინა ხელმძღვანელის პირობებებში.

ეროვნული ბანკი დღეს გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე წინა პერიოდში – სებ-ის პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში ზოგადად ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფაზე და არა ექსკლუზიურად მხოლოდ ინფლაციის თარგეთირებაზე. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სწორი ანტიციკლური მონეტარული პოლიტიკის გატარება, განახორციელდა ცვლილებები კომერციული ბანკების სარეზერვო განაკვეთებში, რაც საშუალოვადიანი პერიოდისთვის ლარიზაციის ზრდის ხელისშემწყობი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ლარზე მოთხოვნის გაზრდას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს დოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაშიც ყოველთვის ვსაყვედურობდით სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს“,-აცხადებს კალანდაძე